სამთავისი

დიდი ხანია სამთავისის ნახვა მსურდა.
რამდენიმე დღის წინ გიოს კლასს გავყევი ექსკურსიაზე და პირველად სწორედ ეს მშვენიერი ტაძარი მოვინახულეთ. ოღონდ საქმეც ეგაა, რომ სამთავისი თუ იყო გეგმაში, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და სულ ბოლო მომენტში შევიტყვე, როცა ჩვენმა ავტობუსმა იგოეთის დაღმართიდან გადაუხვია. იქამდე ვიცოდი, რომ მხოლოდ ატენის სიონი და უფლისციხე უნდა დაგვეთვალიერებინა.
ზოგადად, მშვენიერი ექსკურსია გამოდგა და არა მხოლოდ კარგი ამინდის და ამ სამი ლამაზი ძეგლის მონახულების გამო. უგემრიელესმა მწვადმა და ფრიად დაძაბულმა წრეში ბურთმა ივნისის ამ ერთ დღეს განსაკუთრებული ხიბლი შემატა.

ჩემი ერთ-ერთი შვილის კლასი სამთავისში მანამდეც იყო ექსკურსიაზე, მაგრამ მაშინ ვერ მოვიცალე. მერეც, დასავლეთისკენ დაძრულმა, არაერთხელ ვიფიქრე გადავუხვევ, ერთი საათით შევივლი, ვნახავ-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. და ამჯერად, როცა მითხრეს სადაც აქამდე მოვსულვართ, ბარემ სამთავისიც ვნახოთო, ძალიან გამეხარდა.

ტაძრის ეზოში შესულმა დიდი საფლავი დავინახე, შავი ქვით მოპირკეთებული. სასულიერო პირის მეგონა, ახლოს მისულს კი ფოტო მეცნო – ვანო გამხიტაშვილის ყოფილა, ამავე სოფელში დაბადებული სახელოვანი მოჭიდავის. ვანო 1999 წელს გარდაიცვალა ავტოავარიაში, 26 წლისა, მანამდე კი ბევრი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე. სხვათა შორის, საქართველოს სამბოს ფედერაციამ ვანო გამხიტაშვილი XX საუკუნის საუკეთესო სამბისტად დაასახელა.

აი რაც შეეხება ტაძარს, მსმენოდა მისი სილამაზის შესახებ და როგორც იქნა, საკუთარი თვალით ვნახე. და ის შთამბეჭდავია! განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფასადზე დატანილი დიდი, მოჩუქურთმებული ჯვარი მომეწონა.

ტაძარში ამილახვრების არაერთი საფლავია. ბუკლეტში ამოვიკითხე, რომ გიორგი ბრწყინვალეს სამთავისი XIV საუკუნის პირველი ნახევრიდან ზევდგენიძე-ამილახვრებისთვის გადაუცია და მათაც არაფერი დაუშურებიათ იქაურობისთვის. იქვე ისიც წერია, რომ სამთავისი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიის კანდიდატია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა გაგებით მნიშვნელოვანი ტაძარია და მეც ვაჩხაკუნე ჩემი ფავორიტი ნიკონი. რაც გამოვიდა, აგერაა, ეს ცნობები კი, ქვემოთ რომ წაიკითხავთ, ვიკიპედიიდან ავიღე:

„სამთავისი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია. ის დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.

გადმოცემით სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.

იოანე ბატონიშვილის კალმასობაში ნათქვამია: ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.

ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი.

X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. ის მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები.

სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ამ წარწერით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი.

გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე.

XV საუკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების – ამილახვრების აღზევების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტაძრის აშენება-განახლება.

სამთავისის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18მ, სიმაღლე 37მ).

ტაძარს ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (სამხრეთის შესასვლელი XIX საუკუნის შეკეთებისას ამოუშენებიათ).

სამთავისის ტაძარი ხუთი კომპლექსისაგან შედგება: 1 – გალავანი; 2 – სამრეკლო; 3 – დიდი ტაძარი; 4 – ეპისკოპოსის პალატი და 5 – მცირე ეკლესია.

ტაძრის მოხატულობა გვიანდელია (1679წ). რესტავრირებულია 1964 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ“.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 27 ივნისი

ka_GEGeorgian