სამხრეთი აფრიკა 2010: 10 ფაქტი
…1954 წელს, შვეიცარიაში, უნგრეთის ნაკრებმა 27 გოლი გაიტანა. არც მანამდე და არც მას შემდეგ მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ამდენი გოლი ერთ მონაწილეს არ გაუტანია. უნგრელებმა ჯგუფურ ეტაპზე კორეას 9:0, გფრ-ს კი 8:3 სძლიეს, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი ბრაზილიას და ურუგვაის 4:2 მოუგეს. ფინალში უნგრელები გფრ-თან 2:3 დამარცხდნენ.
…1954 წელს კორეის ნაკრებმა 16 გოლი გაუშვა. ეს უდიდესი საფეხბურთო ტურნირების ანტირეკორდია! ყველა გოლი მეკარე ჰონგ დუკ-იანგმა გაუშვა და თავის მხრივ, ისიც ანტირეკორდის თანაავტორი შეიქნა.
…1958 წელს, შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ ითამაშა დიდ ბრიტანეთში შემავალმა ოთხივე ქვეყანამ: ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ.
…1958 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიამ 5:2 გაანადგურა საფრანგეთი. ფეხბურთის მეფე პელემ ფრანგების კარში 23 წუთში 3 გოლი გაიტანა. ეს იყო პელეს პირველი და უკანასკნელი ჰეთ-თრიქი მსოფლიო ჩემპიონატებზე.
…1994 წელს, იტალია-ნორვეგიის მატჩში მსაჯმა სკუადრა აძურას მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევა. ის გახდა პირველი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც წითელი ბარათი უჩვენეს.
…1998 წელს, ჩილესთან მატჩში, კამერუნელთა მცველი რიგობერტ სონგი გააძევეს. ის შეიქნა პირველი, რომელმაც მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე მიიღო წითელი ბარათი. 2006 წელს, ფინალურ მატჩში სონგის ანტირეკორდი ზინედინ ზიდანმა გაიმეორა.
…2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ავსტრალიის ნაკრებმა რეკორდი დაამყარა: შესარჩევ მატჩებში 73 გოლი გაიტანა! მათგან 53 ორ მატჩში: 2001 წლის 9 აპრილს ავსტრალიელებმა ტონგას სტუმრად 22:0 სძლიეს, ორი დღის შემდეგ კი სამოას უმასპინძლეს და 31:0 გაიმარჯვეს!
…2002 წელს, III ადგილისთვის მატჩში თურქმა თავდამსხმელმა ჰაქან შუქურმა კორეელთა კარი მე-11 წამზე დალაშქრა! ტურნირის ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფი გოლია.
…2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონმა. მანამდე ფიფას თასის მფლობელები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გადიოდნენ.
…2006 წელს, გერმანიაში, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ 3 გოლი გაიტანა და გერმანელი გერდ მიულერის რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა – მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით. 1998 წელს მან 4 ბურთი შეაგდო, 2002 წელს კი 8 გოლით ტურნირის ოქროს ბუცი მოიგო.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 7-13 ივნისი)