სამხრეთი აფრიკა 2010: 10 ფაქტი

…1938 წელს იტალიამ ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რომელიც მომდევნო… 12 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნა! მიზეზი მეორე მსოფლიო ომია, რის გამოც 1942 და 1946 წლის ჩემპიონატები ვერ გაიმართა. შედეგად, სკუადრა აძურა 16 წლის განმავლობაში ფლობდა პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტულს, რაც თავისებური რეკორდია.

…1950 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს, მასპინძელ ბრაზილიასა და ურუგვაის შორის, მარაკანაზე 199 854 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ტურნირის რეკორდია. ყველაზე ცოტა მაყურებელი კი 1930 წელს, ურუგვაიში, პერუსა და რუმინეთს შორის პაექრობას ჰყავდა – 300.

…1966 წელს, ინგლისში, მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში მეკარე ანტონიო კარბახალმა იასპარეზა, რომელიც ჯერ კიდევ 1950 წელს, ბრაზილიაში იცავდა გუნდის ღირსებას. ის გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს 5 ჩემპიონატზე ითამაშა. მოგვიანებით მისი რეკორდი გერმანელმა ლოთარ მათეუსმა გაიმეორა.

…1974 წელს გფრ-ის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ შეძლო ევროპის და მსოფლიო პირველობებზე გამარჯვება. 2000 წელს დაახლოებით მსგავს წარმატებას მიაღწია საფრანგეთმა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ – ევროპირველობა.

…1974 წელს, ზაირთან 9:0 მოგებულ მატჩში 7-მა იუგოსლავიელმა გაიტანა გოლი: დუშან ბაევიჩმა (3), დრაგან ჯაიჩმა, ივიცა შურიაკმა, იოსიპ კატალინსკიმ, ვლადისლავ ბოგიჩევიჩმა, ბრანკო ობლაკმა და ილია პეტკოვიჩმა.

…1982 წელს უნგრეთმა სალვადორს 10:1 სძლია. არც მანამდე და არც მას შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ გუნდს ერთ მატჩში 10 გოლი არ გაუტანია. ათივე გოლი ლუის გევარა მორამ გაუშვა და თავისებური ანტირეკორდის მფლობელიც შეიქნა.

…1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული ბორა მილუტინოვიჩი ზედიზედ 5 ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდა მთავარი მწვრთნელის რანგში. და რაც ყველაზე საინტერესოა, 5 სხვადასხვა ნაკრებთან ერთად: 1986 წელს ის ჩემპიონატის მასპინძლებს, მექსიკელებს წვრთნიდა, 1990 წელს – კოსტა რიკას, 1994 წელს – აშშ-ს, 1998 წელს – ნიგერიას და 2002 წელს ჩინეთს.

…1990 წელს, აშშ-ის და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთა მატჩში ამერიკელთა კაპიტანი 21 წლის და 109 დღის ტონი მეოლა გახლდათ. ის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია ტურნირის ისტორიაში. რაც შეეხება უხუცეს კაპიტანს, ასეთი ინგლისელი პიტერ შილტონია, რომელიც იმავე ტურნირზე, იტალიასთან III ადგილისთვის მატჩში (1:2) 40 წლის და 292 დღის იყო.

…2002 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ყველა, შვიდივე მატჩი მოიგო და მთავარი პრიზიც მოიგო. ბრაზილია ერთადერთია, რომელმაც 2-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ყველა მატჩის მოგებით: 1970 წელს ბრაზილიელებმა ექვსივე თამაშში იმარჯვეს.

…2006 წელს, ნახევარფინალში, იტალიელმა ალესანდრო დელ პიერომ გერმანელთა კარი 121-ე წუთზე დალაშქრა. ეს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასული ყველაზე გვიანი გოლია. 1966 წელს, ფინალში ჯეფრი ჰერსტმა გერმანელთა კარი 120-ე წუთზე დალაშქრა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 1420 ივნისი)

ka_GEGeorgian