სამხრეთი აფრიკა 2010: რეკორდები და ჩემპიონატის რჩეულები

ესპანეთი მე-5 ევროპული გუნდია, რომელმაც ფიფას ოქროს თასი აღმართა! საინტერესოა, რომ ხუთივე ნაკრებმა თასი ფინალში პირველივე გასვლისთანავე მოიგო: იტალიამ 1934 წელს, გერმანიამ (ფედერაციულმა რესპუბლიკა) 1954 წელს, ინგლისმა 1966 წელს, საფრანგეთმა 1998 წელს და ესპანეთმა ახლახანს.

…ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ფლეი-ოფის ოთხივე მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგო: პორტუგალიას, პარაგვაის, გერმანიას და ნიდერლანდებს პირენეელებმა 1:0 სძლიეს.

…ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა (შვეიცარიასთან 0:1, ჩილესთნ 2:1) და საფრანგეთის (1998) და იტალიის (2006) ნაკრებთა მიერ დამყარებული მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი გაიმეორა.

…ესპანეთი მეორეა გფრ-ის შემდეგ, რომელმაც ევროპირველობაზე ტრიუმფს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება დაურთო. გერმანელებმა 19972 წელს კონტინენტის პირველობა მოიგეს, 1974 წელს კი ფიფას ოქროს თასი.

…ესპანეთის ნაკრები პირველია, რომელმაც საწყის თამაშში წაგების შემდეგ მაინც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ესპანეთი მე-4 გუნდია გფრ-ის (1982), არგენტინის (1990) და იტალიის (1994) შემდეგ, რომელმაც პირველი თამაშის წაგების შემდეგ ფინალს უწია.

…ესპანეთი პირველია არგენტინის (1978) შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში გაიტანა გოლი. საინტერესოა, რომ წლევანდელი გადამწყვეტი მატჩის დარად, მაშინაც ნიდერლანდების ნაკრები დამარცხდა.

…ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ბერტ ვან მარვიიკისთვის ესპანეთთან 0:1 წაგებული ფინალი 28-ე შეხვედრა იყო ამ თანამდებობაზე. ვან მარვიკმა 28-ვე მატჩში ათამაშა ლივერპულის ნახევარმცველი დირკ კუიტი.

…საფრანგეთის და იტალიის ნაკრებთა შემდეგ ნიდერლანდები გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ბრაზილიას მინიმუმ ორჯერ სძლია მსოფლიო ჩემპიონატზე. ფრანგებმა ეს 3-ჯერ მოახერხეს, იტალიელება – 2-ჯერ. ნარინჯისფერებმა სელესაოს პირველად 1974 წელს მოუგეს.

…ბრაზილია, იტალია, არგენტინა, გერმანია: წინა 18 ფინალში ხსენებული 4 გუნდიდან ერთ-ერთი უცილობლად მონაწილეობდა. წლეულს დიდი ოთხეულის სერია შეწყდა.

…გერმანიის ნაკრებმა მეხუთედ ითამაშა III ადგილისთვის მატჩში და მეოთხედ მოიგო „მცირე ფინალი“. ეს ტურნირის რეკორდია. ურუგვაელები მე-3 ცდაზე მესამედ დამარცხდნენ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში.

საუკეთესო ფეხბურთელი
ადიდასის „ოქროს ბურთი“ – დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
ადიდასის „ვერცხლის ბურთი“ – უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები)
ადიდასის „ბრინჯაოს ბურთი“ – დავიდ ვილია (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
ადიდასის „ოქროს ბუცი“: თომას მიულერი (გერმანია) – 5 გოლი, 3 პასი
ადიდასის „ვერცხლის ბუცი“: დავიდ ვილია (ესპანეთი) – 5 გოლი, 1 პასი
ადიდასის „ბრინჯაოს ბუცი“: უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები) – 5 გოლი, 1 პასი

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ჰიუნდაის პრიზი) – თომას მიულერი (გერმანია)
საუკეთესო მეკარე (ადიდასის „ოქროს ხელთათმანი“) – იკერ კასილიასი (ესპანეთი)
სამართლიანი თამაშის პრიზიესპანეთის ნაკრები

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 19-25 ივლისი)

ka_GEGeorgian