სამხრეთი აფრიკა 2010: რეკორდები, კლოზე და 70-ე ბრაზილიელი

…სამხრეთ აფრიკასთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი მექსიკელთათვის 46-ე იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და გუნდმა 46-ე ქულაც მოიპოვა! მექსიკელებმა 11 შეხვედრა მოიგეს, 13 კი ფრედ დაასრულეს.

…საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი პირველი ფრანგია, რომელმაც მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე იასპარეზა! ტურნირის ისტორიაში კი ის მეჩვიდმეტეა, ვინც ასეთი რამ შეძლო.

…სამხრეთი კორეის კაპიტანი პარკ ჯი სუნი, რომელმაც ბერძნებს მეორე გოლი გაუტანა, მხოლოდ და მხოლოდ მე-2 აზიელია, მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე რომ შეძლო გოლის გატანა: 2002 წელს მან პორტუგალიელთა კარი დალაშქრა, 2006 წელს კი ფრანგებისა. პირველი აზიელი, ვინც ასეთი რამ შეძლო, საუდის არაბეთის ფორვარდი სამი ალ ჯაბერი გახლდათ: მან 1994, 1998 და 2006 წლებში მოახერხა გოლის გატანა.

…გერმანიის ნაკრების ბომბარდირ მიროსლავ კლოზეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხშირად ცვლიან: ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 15 მატჩში ის 12-ჯერ შეცვალეს.

…იტალიისთვის პარაგვაისთან მატჩი 78-ე იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. სკუადრა აძურამ სამხრეთამერიკელებთან პირველი ტაიმი წააგო, ასეთი რამ კი ხსენებულ 78 მატჩში მხოლოდ მეცხრედ მოხდა.

…დანიასთან 2:0 გამარჯვებით ნიდერლანდელთა დაუმარცხებელი სერია გაგრძელდა: ბერტ ვან მარვიიკის გუნდს უკვე 20 მატჩია არ წაუგია (15 მოგება, 5 ფრე). ნარინჯისფერები ბოლოს 2008 წლის სექტემბერში დამარცხდნენ ავსტრალიასთან.

…იტალიის ნაკრების კაპიტანმა ფაბიო კანავარომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ იასპარეზა და თანამემამულეების ლუიჯი რივას, ჯუზეპე ბერგომის და პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა.

…ჰონდურასის ნაკრები გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, სადაც სამი ძმა თამაშობს. ტრავმირებული ხულიო სესარ დე ლეონის ნაცვლად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მესამე პალასიოსს, ჯერის უხმო. 28 წლის ჯერი პალასიოსის უმცროსი ძმები, 25 წლის უილსონი და 23 წლის ჯონი თავიდანვე იყვნენ გუნდის განაცხადში.

…ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ტურში 2:1 დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის ნაკრები. ამ შეხვედრაში მეორე გოლის გამტანი ელანო გახდა 70-ე ბრაზილიელი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე შეძლო გოლის გატანა!

…ბრაზილიის ნაკრებმა მერვედ ითამაშა სამხრეთ აფრიკაში და ამდენჯერვე გაიმარჯვა. 1996 და 1997 წლებში სელესაომ 2-ჯერ იმარჯვა ამხანაგურ მატჩში, შარშან კი ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ყველა, ხუთივე თამაში მოიგო.

…ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და სამივე 15 ივნისს! სლოვაკებთან ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩამდე კუნძულელებმა 1982 წლის 15 ივნისს, შოტლანდიელებთან 2:5 წააგეს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 2127 ივნისი)

ka_GEGeorgian