სანდრო ბაზაძემ რიო 2016-ის ლიცენზია მოიპოვა
ქართველი მოფარიკავე 20-წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადაზე იასპარეზებს – რიო 2016-ის ლიცენზია სანდრო ბაზაძემ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მოიპოვა!
ევროპის ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირს პრაღამ უმასპინძლა, რომელსაც ევროპიდან ვაჟთა და გოგონათა შორის რიოს წლევანდელი თამაშების 6-6 ლიცენზიანტი უნდა გამოევლინა.
სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ზედიზედ დაამარცხა თურქი ენვერ ილდირიმი – 5:1, მოლდოველი ნიკოლაი ზაპოროჟენკო – 5:1, სერბი მარიკო კაიჯიჩი – 5:1 და ხორვატი იოსიპ ბრაიდიჩი – 5:0. ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე სანდრომ ესპანელ ფერნანდო კასარესს სძლია – 15:7, 1/4-ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელი კონსტანტინ ვორონოვი დაამარცხა – 15:12 და მასთან ჯგუფში 3:5 წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გასვლამ სანდროს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა!
არჩილ ლორთქიფანიძის შემდეგ (ატლანტა 1996) სანდრო ბაზაძე პირველი მოფარიკავეა, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ: ქართველ მოფარიკავეთა აქტივში 2 ოლიმპიური ოქრო და ბრინჯაოა: ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი (ტოკიო 1964) და ვლადიმერ აფციაური (სეული 1988) გახდნენ, გურამ კოსტავამ კი რომის (1960) და ტოკიოს (1964) ოლიმპიადებზე პირადსა და გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
სანდრო ბაზაძის მხარდამხარ პრაღაში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას კიდევ რამდენიმე ქართველი სპორტსმენი შეეცადა, მაგრამ ყველას ხელი მოეცარა: ლუკა ღაღანიძე (ხმალი) მე-15 ადგილზე გავიდა, მიქაელ მიქაელიანი (დაშნა) – 25-ზე, თეოდორა კახიანი (ხმალი) მე-3 იყო, თუმცა ლიცენზიანტთა მიღმა აღმოჩნდა, მარიამ ზაკირჩენკომ (დაშნა) 21-ე ადგილი დაიკავა, ხოლო თეონა გოგლიძემ (რაპირა) ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. ისიც 21-ე აღმოჩნდა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 18 აპრილი)