საპრეზიდენტო არჩევნების წინ: ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება: ბათუმი პლანეტის უძლიერეს მოთამაშეებს 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, საქართველოს 189 ქვეყნიდან 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
ოლიმპიადის დღეებში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის – ფიდედა კონტინენტური კავშირების მმართველები გამოვლინდებიან. საყოველთაო ყურადღებას იპყრობს ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები: ცნობილია, რომ რუსი კირსან ილუმჟინოვის 23-წლიანი მმართველობის შემდეგ ფიდეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. კანდიდატი სამია: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი, რუსი არკადი დვორკოვიჩი და ინგლისელი ნაიჯელ შორტი.
ფიდეს საპრეზიდენტო საბჭო რამდენიმე დღის წინ რუმინეთის დედაქალაქში შეიკრიბა. ამ და ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი (რომელიც ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია), ა(ა)იპ 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი გვესაუბრება.

23 სექტემბრამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი – საჭადრაკო ოლიმპიადა ახლოვდება. საქართველოში არასდროს გამართულა ამ მასშტაბის სპორტული შეჯიბრება: 189 ქვეყნიდან 4 ათასამდე სტუმრის თითქმის ერთი თვით მასპინძლობა არაერთ მნიშვნელოვან საკითხთანაა დაკავშირებული. როგორ ემზადება ბათუმი ოლიმპიადისთვის, რამდენად კმაყოფილი ხართ საორგანიზაციო სამუშაოებით?
ოლიმპიადამდე, უფრო სწორად მის გახსნამდე მართლაც ცოტა დრო დარჩა. ჩვენ, ასე ვთქვათ, ფინიშს ვუახლოვდებით. ამ ეტაპზე ნამდვილად შეიძლება შეფასდეს ის სამუშაო, რაც საორგანიზაციო კომიტეტმა გასწია.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საორგანიზაციო კომიტეტი 4 წლის წინ, ბათუმის მასპინძლად დასახელებისთანავე დაარსდა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია. ის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ჩემი, ანუ ზურაბ აზმაიფარაშვილის ფონდის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნდა. 2014 წლიდან მე საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი გახლავართ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ხნის მანძილზე ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა ასეთი მაღალი დონის სპორტული ღონისძიების სათანადოდ მისაღებად.
აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის წლევანდელი გადაწყვეტილება, როცა ოლიმპიადის ხელშემწყობი სამთავრობო-საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომლის წევრი მეც გახლავართ. ამ კომისიის თავმჯდომარე კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახლავთ. კომისიის ბაზაზე შეიქმნა ყოველდღიური სამუშაო ორგანო – საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს და ოლიმპიადის მასპინძელი ბათუმის მერს ბატონ ლაშა კომახიძეს დაევალათ.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით ზუსტად აცნობიერებს ოლიმპიადის მნიშვნელობას და მუხლჩაუხრელად შრომობს სათანადო შედეგის მისაღწევად, დაწყებული გახნის ცერემონიის დამდგმელი გუნდით და მოხალისეებით დასრულებული. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს საერთო მიზნის მისაღწევად და მსურს საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო მონდომებისთვის.
ერთგვარი შეჯამების სახით, შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ოლიმპიადის დღეებში ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარი კმაყოფილი იქნება როგორც მასპინძლობით, ასევე ტურნირის ორგანიზებით.

ოლიმპიადის დღეებში ფიდეს და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტებიც გამოვლინდებიან. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს ხელძღვანელობდით და კვლავ მონაწილეობთ არჩევნებში, თუმცა ახალი გუნდით…
დიახ, ჩემი გუნდი ოდნავ გადახალისებულია. ვთვლი, რომ განვლილი საპრეზიდენტო პერიოდის მანძილზე მე და ჩემმა თანამოაზრეებმა არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადავდგით, თუმცა წინსვლისთვის მუდმივად სიახლეების ძიებაა საჭირო და საპრეზიდენტო ბილეთში ახალი თანაგუნდელების გამოჩენას მხოლოდ ამით ავხსნი.
თოდოროს ჯორბაზოღლუ განვლილი 4 წლის განმავლობაში ესკ-ის გენერალური მდივანი გახლდათ და კვლავ ამ რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ დონის გენერალური მდივანი არათუ ევროპის საჭადრაკო კავშირს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასაც კი ძალიან დიდი ხანია არ ჰყოლია. თოდოროსს ევროპის 54 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციასთან აქვს მჭიდრო კონტაქტი, ამომწურავად იცნობს ყველა საკითხს და გამოირჩევა პასუხისმგებლობით, რაც ცხადია, დასაფასებელია. გეტყვით იმასაც, რომ პირდაპირი მოვალეობის გარდა თოდოროსი იურისტის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს…
იონ-სერბან დობრონაუტეანუც ძველი გუნდიდანაა. 2014-18 წლებში ის ჩემი პირველი მოადგილე იყო, თუმცა მომდევნო საპრეზიდენტო პერიოდში ესკ-ის ხაზინადარი იქნება. მან თავად გამოთქვა ამ თანამდებობაზე მუშაობის სურვილი. ის ახალგაზრდა კაცია, ყველა პოზიციაზე სურს შესაძლებლობების გამოცდა და მის ინიციატივას ამიტომ დავუჭირე მხარი…
პირველი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ისლანდიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გუნარ ბიორნსონი დავასახელე. ამ ადამიანის ძალისხმევით ისლანდიაში მაღალ დონეზე ტარდება რეიკიავიკის ღია ჩემპიონატი, სადაც მართალია დიდი საპრიზო ფონდი არაა, მაგრამ უამრავი მოჭადრაკე მაინც სიამოვნებით ჩადის. გუნარის ძალისხმევით მოთამაშეებისთვის მშვენიერი პირობებია შექმნილი, რასაც ყველა აღნიშნავს. გარდა იმისა, რომ მაღალი დონის მენეჯერია, ის ძალიან კეთილი ადამიანია და საჭადრაკო ოჯახში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს, რაც გუნდის შერჩევისას, ცხადია, გავითვალისწინე. ზოგადად, გუნარ ბიორნსონი საქართველოს და პირადად ჩემი დიდი მეგობარიცაა…
გუნდშია ავსტრიელი იოჰან პოკშტაინერიც. ისიც საპრეზიდენტო ბილეთის ახალი წევრია, თუმცა წლების მანძილზე ესკ-ის საბჭოს წევრი გახლდათ და ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი და დროული რჩევებით, საკითხის ღრმა ცოდნით.
ლატვიელი დიდოსტატი, ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა კი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის მთავარი სიმდიდრეა! სხვათა შორის, დანა ახლო წარსულში წარმატებული მოთამაშე გახლდათ – იცით ალბათ, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე მან მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი იუ ფანიც კი დაამარცხა… გარდა იმისა, რომ ქალბატონი დანა შესანიშნავი მოჭადრაკეა, ბრწყინვალე პოლიტიკოსიც გახლავთ: ლატვიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს და ვიმედოვნებ, რომ ეს მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი არაა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ გყავთ. საინტერესოა, ასეთ დროს უფრო ადვილია ამომრჩევლებთან ურთიერთობა თუ მაშინ, როცა პრეზიდენტობისთვის სხვაც იბრძვის?
ერთადერთი კანდიდატი რომ ვარ, ეს, სავარაუდოდ, სწორედ ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. ზოგადად მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოლიმპიური დევიზი, რომ მთავარი მონაწილეობაა, უადგილოა. არჩევნებში მონაწილე კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს გამარჯვებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ… სავარაუდოდ, სწორედ ჩემი გუნდის ძლიერმა შემადგენლობამ და მზარდმა პოტენციალმა მოახდინა დიდი გავლენა ჩემს შესაძლო კონკურენტებზე. არც იმის დავიწყება იქნება, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ევროპის საჭადრაკო კავშირში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, რამაც ცხადია, თავისი როლი ითამაშა. განსაკუთრებით გამოვყოფ ესკ-ის საგანმანათლებლო კომისიას, რომელიც ჩვენი შექმნილია და რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა…
ოპონენტი არ მყავს და მიმაჩნია, რომ ეს კარგია. მეტსაც გეტყვით: მესიამოვნა კიდეც. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ჩემი და ჩემი გუნდის მონაწილეობა იმის ნიშანიცაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი საქმის სათანადოდ კეთება და დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, მომდევნო 4 წელიწადში ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო საბჭომ ბუქარესტში გამართულ ყოველკვარტალურ სხდომაზე ბათუმში დაგეგმილი არჩევნებისთვის სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელიც პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველჰყოფს. თქვენ, როგორც საპრეზიდენტო საბჭოს წევრი და ამ კომიტეტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, თვლით თუ არა, რომ კორუფციული გარიგებების ალბათობა დიდია?
პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილება გამჭვირვალე არჩევნების კომიტეტის ჩამოყალიბებაზე ძალიან საჭირო და დროულია! მეტიც, ეს ნაბიჯი გარკვეულწილად დაგვიანებულიც კია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა არჩევნებს თან სდევდა უამრავი კითხვა… ყველას ახსოვს ბატონი ანატოლი კარპოვის მწვავე კომენტარები და კითხვები, იგივე ბესელ კოკის ან გარი კასპაროვის გამოსვლები. სამწუხაროდ, მათ პროტესტს და საუბარს კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია. თუ რატომ არ გამოიჩინეს მეტი ძალისხმევა კარპოვმა, კოკმა ან კასპაროვმა, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით.
პირველი, ვინც ანტიკორუფციული ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა და სიტყვა საქმედ აქცია, ფიდეს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ბატონი გეორგიოს მაკროპულოსი გახლავთ.
პირდაპირ ვიტყვი: ფიდემ ჩამოაყალიბა გამჭვირვალე არჩევნების კომიტეტი და დიახ, ეს ნაბიჯი იყო დროული! დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელი იყო ხსენებული ორგანიზაციის შექმნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ფინანსური სკანდალის გამო ფიფას და უეფას თითქმის ყველა ხელმძღვანელი გადადგა თანამდებობიდან. გამჭვირვალე არჩევნების კომიტეტის მთავარი დანიშნულება და გამოწვევა სწორედ ეს იქნება: თავიდან ავიცილოთ ის მოვლენები, რაც სამწუხაროდ, მსოფლიო საფეხბურთო ოჯახში განვითარდა.
გულახდილად ვიტყვი: ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ, არკადი დვორკოვიჩს ვგულისხმობ, პიროვნული სიმპათიით ვარ განმსჭვალული, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა: განვლილი წლების განმავლობაში იყო რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, 2012 წლიდან კი, 6 წლის განმავლობაში ვიცე-პრემიერი გახლდათ. ის ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა რუსულ ისთებლიშმენტში, ამავდროულად კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დვორკოვიჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ახლო წარსულში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა არაერთი დოპინგ-სკანდალის თუ სხვა ფაქტების გამო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული კავშირების უმკაცრესი სანქციებით დაისაჯა…
არავის სურს ფიდეს სათავეში ვინმე ბინძური ხერხებით მოვიდეს. ბატონი მაკროპულოსის ინიციატივა სწორედ ამას ემსახურება. გამჭვირვალე არჩევნების კომიტეტი ყველა კანდიდატისთვის და ზოგადად, საარჩევნო პროცესისთვის მხოლოდ ხელშემწყობი იქნება. ფიდე, ასე ვთქვათ, შიდა გასუფთავებას იწყებს. ამას კი ჭადრაკის ყველა გულშემატკივარი მიესალმება და მათ შორის მეც.

ბუქარესტში გამართულ საპრეზიდენტო საბჭოს სხდომას ფიდეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩიც დაესწრო, არადა, ის რუსეთში გამართული საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ფაქტია, რომ ფიდეს დვორკოვიჩი არ მიუწვევია. თქვენი აზრით, რატომ დაესწრო რუსი მაღალჩინოსანი საპრეზიდენტო საბჭოს სხდომას?
ჩემი ინფორმაციით დვორკოვიჩმა, რომელიც საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ტურნირის მვლელობისას ორჯერ დატოვა რუსეთი: ბუქარესტის გარდა ის რიგაშიც იმყოფებოდა…
ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიკვირს, რომ მან უცხოეთში ვიზიტებისთვის მოიცალა. შესაძლოა, ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის მსვლელობისას მომხდარი გაუგებრობა – ფიფას, საფრანგეთის და ხორვატიის პრეზიდენტების, ასევე სხვა მაღალჩინოსნების თავსხმა წვიმაში ქოლგის გარეშე დატოვებას ვგულისხმობ – საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის არასათანადო ყურადღებითაც იყო განპირობებული…
ზოგადად კი, დვორკოვიჩის ბუქარესტში ვიზიტი იმის ნიშანია, რომ რუსი მაღალჩინოსანი ზუსტად აცნობიერებს, თუ ვინ იქნება მისი მთავარი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ ბატონმა მაკროპულოსმა და მისმა გუნდმა 64 ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდაჭერა მოიპოვა და დვორკოვიჩიც მიხვდა, რომ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, კონკურენტთან მოლაპარაკებაა საჭირო.
დასამალი არაფერია: გეორგიოს მაკროპულოსმა და არკადი დვორკოვიჩმა ბუქარესტში პირისპირაც ისაუბრეს. მათი შეხვედრა გვიან ღამით დაიწყო, რამდენიმე საათს გაგრძელდა და გამთენიისას დასრულდა. ვადასტურებ, რომ დვორკოვიჩი მაკროპულოსს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ თავის გუნდში გადასვლას და პირდაპირ მეორე ნომრობას სთავაზობდა, თუმცა ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან ყველა ასეთი შეთავაზება იუარა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დვორკოვიჩი კიდევ ეცდება კონკურენტის დაყოლიებას, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ „მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი“ მისი მარცხით დასრულდა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დვორკოვიჩის ვიზიტის მიზანი ნამდვილად არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო საბჭოს წინაშე გამოსვლა. ამას ისიც მოწმობს, რომ საბჭოსადმი მიმართვისას მან, ტრადიციულად, ზედაპირულად ისაუბრა: განაცხადა, რომ ფიდემ ფიფას უნდა მიბაძოს თანამედროვე მართვის კუთხით, რომ არ უნდა დაუშვას ერთი ქვეყნის მმართველობა და ასე შემდეგ…
მთავარი ის იყო, რომ მან, ასე ვთქვათ, ნიადაგი მოსინჯა, გაეცნო საბჭოს „წონიანი წევრების“ აზრს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ის დიდხანს ესაუბრა ამერიკის კონტინენტალური ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე ვეგას, მეც შემხვდა, ასევე საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრს, თუმცა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, ცხადია, მაკროპულოსთან პირისპირ საუბარი იყო.

ზურაბ აზმაიფარაშვილიგეორგიოს მაკროპულოსი როგორ შეხვდა არკადი დვორკოვიჩის წინადადებას?
მან დვორკოვიჩს წლევანდელი არჩევნებიდან განზე გადგომა და ფიდეს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობა შესთავაზა. ჩემი ხედვით, მაკროპულოსის პოზიცია ძალიან სწორია: ფიდეს საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯერ მსოფლიო დონეზე უნდა დაამტკიცოს, რომ თანამდებობისთვის შესაფერისია და მხოლოდ ამის შემდეგ იყაროს კენჭი. ის, რომ არკადი დვორკოვიჩი რუსეთში წარმატებული ფუნქციონერია და საჭადრაკო ტურნირებს ატარებს, მსოფლიო საჭადრაკო მოძრაობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად არასაკმარისია.

ფიდეს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ინგლისელი ნაიჯელ შორტი კონკურენტის ბუქარესტში გამოჩენას გამოეხმაურა. მან გეორგიოს მაკროპულოსს საქციელი დაუწუნა…
დიახ, შორტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა დვორკოვიჩის რუმინეთში გამოჩენას და საპრეზიდენტო საბჭო, მათ შორის მაკროპულოსი გააკრიტიკა კანდიდატის მიღებისთვის. თუმცა შორტმა მაკროპულოსისგან ღირსეული პასუხი მიიღო: რომ დვორკოვიჩის მიღება აღზრდის და კულტურის საქმე იყო და ისიც რომ ჩასულიყო ბუქარესტში, მასაც მისცემდნენ საბჭოს წინაშე გამოსვლის უფლებას.
როგორც ზემოთ ვთქვი, თუ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა მიზანად არ უნდა აქციოს. შორტი მშვენიერი მოჭადრაკეა, თუმცა არაერთი მაღალჩინოსნის და ფედერაციის მიმართ მისი ცნობილი გამონათქვამების გამო საჭადრაკო ფუნქციონერებს შორის არაპოპულარულია. მან კარგად იცის: არჩევნებში მისი გამარჯვება გამორიცხულია. მეტიც, მგონია, რომ შორტი 188 ხმიდან მაქსიმუმ 20-25 ხმას მოაგროვებს. ჩემის ღრმა რწმენით, ეს არჩევნებში მონაწილე ის 20-25 დელეგატია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ მიემხრობა არკადი დვორკოვიჩს, სულ მცირე პოლიტიკური მოსაზრების გამო.
საარჩევნო შანსების შესახებ, ვფიქრობ, თვით ნაიჯელ შორტმა და მისი გუნდის წევრებმაც კარგად იციან, თუმცა ისინი მაინც მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე გონივრულია ვიფიქროთ, რომ შორტი ცდილობს მაკროპულოსს ხელი შეუშალოს და პირველივე ტურში არ გაამარჯვებინოს.
ამ მოსაზრებას ამყარებს ცნობილი საჭადრაკო მოღვაწის, სინგაპურელი იგნატიუს ლეონგის მიერ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაჟღერებული სურვილი დვორკოვიჩის და შორტის გუნდების მაკროპულოსის წინააღმდეგ გაერთიანების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ლეონგია, რომელიც 2014 წელს გარი კასპაროვის საპრეზიდენტო ბილეთში იყო, ერთი წლის შემდეგ კი მას და კასპაროვს ფიდეს ეთიკის კომისიამ ორნახევარი წლით აუკრძალა ყველა სახის არჩევნებში მონაწილეობა კორუფციული გარიგების გამო.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ ფიდეს ექს-პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი „რაღაც გაგებით“ მისი გუნდის წევრი იქნება. ცნობილია, რომ ილუმჟინოვის გამო ფიდეს არაერთი პრობლემა შეექმნა, რის გამოც ფიდეს ეთიკის კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით დვორკოვიჩის ზემოხსენებულ განცხადებას?
გულახდილად გეტყვით: ძალიან გამიკვირდებოდა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წინაშე არკადი დვორკოვიჩს კირსან ილუმჟინოვის კრიტიკა რომ დაეწყო. ილუმჟინოვი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიდეს, დვორკოვიჩი კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ჭადრაკის მხარდამჭერადაა ცნობილი, მსოფლიო საჭადრაკო ოჯახისთვის, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ უცნობი ფიგურაა. თუმცა დვორკოვიჩი, როგორც გამჭრიახი პოლიტიკოსი კარგად ხვდება, რომ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები და კავშირები, რაც ილუმჟინოვს ნამდვილად არ აკლია. მისი და ილუმჟინოვის ურთიერთობას, შესაძლოა, მეგობრული არ ერქვას, მაგრამ დვორკოვიჩი არ დაუშვებს, რომ ამის გამო ფიდეს ექს-პრეზიდენტის რომელიმე მხარდამჭერი და შესაბამისად ხმა, ეს მნიშვნელოვანი რესურსი დაკარგოს.

პრეზიდენტს, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნე ხელმძღვანელობდა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციას, ეთიკის კომისიამ ცოტა ხნის წინ უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა – ოფიციალურად გადააყენა თანამდებობიდან…
კირსან ილუმჟინოვმა უამრავი სიკეთე მოუტანა ჭადრაკს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა თანამდებობის ღირსეულად დატოვება. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში მან შეგნებულად ბევრი პრობლემა შეუქმნა ფიდეს, იმუქრებოდა, რომ მორიგი ვადით სურდა პრეზიდენტობა და ასე შემდეგ.
აქვე ყველას შევახსენებ, რომ რუსული ისთებლიშმენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის მოსაპოვებლად მან ყველანაირი მორალური კოდექსი დაარღვია და რუსეთში თვითაღიარებული აფხაზეთის დელეგაცია მიიღო, მეტიც, ფიდეს პრეზიდენტის რანგში ისინი დააჯილდოვა კიდეც. ამის გამო მაკროპულოსმა, როგორც ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობას შემსრულებელმა, საქართველოში ვიზიტისას ქართველ ხალხს ფიდეს სახელით მოუბოდიშა.
ილუმჟინოვის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ფიდე იქამდე მიიყვანა, რომ UBS-მა საბანკო ანგარიშები დაუხურა. ეთიკის კომისია იძულებული იყო უმკაცრესად დაესაჯა ილუმჟინოვი. სხვა ნაბიჯი ფიდეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ჰქონდა.
სხვათა შორის, აქვე უნდა ვთქვა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოჯახს არავითარი გარანტია არ აქვს იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები დვორკოვიჩს არ შეეხება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ილუმჟინოვი არ იყო ერთადერთი რუსი მაღალჩინოსანი, ვისაც ხსენებული პრობლემა შეექმნა, დვორკოვიჩიც პრესანქცირებულ პირთა სიაშია… და მისი არჩევის შემთხვევაში, ვვარაუდობ, რომ ფიდეს დღევანდელი პრობლემები არ და ვერ მოგვარდება.
ზოგადად მიმაჩნია, რომ ილუმჟინოვთან დაკავშირებული ამბების გათვალისწინებით, ფიდემ წესდების დონეზე უნდა მიიღოს რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი სახის პრობლემების ჩანასახშივე აღმოფხვრას და ასე ვთქვათ „პრობლემური“ კანდიდატების არჩევნებზე არ დაშვებას.

ბულგარელმა სილვიო დანაილოვმა, რომელიც 4 წლის წინ თქვენი ოპონენტი იყო ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოლიმპიადის ერთ-ერთი სპონსორის ცნობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს აღარ ხელმძღვანელობთ. დანაილოვის მიერ გავრცელებული ცნობა მოგვიანებით ერთ-ერთმა საჭადრაკო ვებ-გვერდმაც აიტაცა. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
იცით, დანაილოვის განცხადებებს კარგა ხანია ყურადღებას აღარ ვაქცევ. 4 წლის წინ, ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ის დამარცხდა და მას შემდეგ ძალიან არაადეკვატური გახდა, აღარაფერს ვამბობ დროდადრო მის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებზე.
გულდასაწყვეტია, რომ რუსული ვებ-გვერდი chess-news.ru, რომელსაც სხვათა შორის, ქართველების სიძე, სუროვი ხელმძღვანელობს, ასეთ ჭორს, მონაჩმახს ავრცელებს. ჩემი აზრით გამოცემა, რომელსაც ობიექტურობასა და სანდოობაზე აქვს პრეტენზია, ასეთ მონაჭორს ყურადღებას არ უნდა აქცევდეს…
დანაილოვს ოლიმპიადის ერთ-ერთ სპონსორზე მინიშნება, ცნობილი საბჭოთა ანეკდოტისა არ იყოს, კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებო, დაახლოებით ასე გამოუვიდა. ლოგიკურად რომ მივყვეთ, მას მხოლოდ ერთი სპონსორისგან შეეძლო ამ ეგრეთ წოდებული „ინფორმაციის“ მიღება და ეს სპონსორი სოკარია, რომლის გენერალურ მენეჯერ მაირ მამედოვთან ის წლებია მეგობრობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაირ მამედოვს ქართულ ჭადრაკთანაც არანაკლებ მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. წარმოუდგენელია ბატონ მაირს ასეთი იაფფასიანი დეზინფორმაცია გაევრცელებინა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დანაილოვის ეს ნაბიჯი მაირ მამედოვის დისკრედიტაციას, მასა და ჩვენს შორის ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება. მსურს დავარწმუნო საჭადრაკო სამყარო, რომ მე ამ პროვოკაციას ნამდვილად არ ავყვები და იმედი მაქვს ბატონი მაირი მომავალშიც გააგრძელებს ქართული ჭადრაკის მხარდაჭერას.

ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის, როგორ განვითარდება მოვლენები „ცხელი არჩევნების“ დადგომამდე?
ეს საკითხი ყველას აინტერესებს. მიმაჩნია, რომ ფიდეს მთავარი გამოწვევა პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სანდოდ ჩატარებაა. საამისოდ ყველაფერი კეთდება და სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალე არჩევნების კომიტეტის შექმნაც. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეთ ღია, სამართლიან არჩევნებზე და საბოლოოდ აღმოვფხვრათ სხვადასხვა სახის მანკიერებები: მოქრთამვა, დაშინება და ასე შემდეგ. სხვანაირად მართვის თანამედროვე მეთოდებზე ვერასდროს გადავალთ, რაც, პირველ რიგში ჭადრაკისთვის იქნება საზიანო.
პირადად ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია: ბოლო წლების განმავლობაში, შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, გეორგიოს მაკროპულოსმა ძალიან კარგად მართა ფიდე და ამის გამო მხარს მას ვუჭერ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან ფიდეს ფინანსური სტაბილურობის გარდა სტაბილური საშეჯიბრო კალენდარიც. ამ და კიდევ არაერთი მიზეზის გამო ვთვლი, რომ ის საუკეთესო და ღირსეული კანდიდატია.
თუმცა არჩევნები არჩევნებია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად შესაძლებელია ნაიჯელ შორტიც კი გახდეს პრეზიდენტი. მე, როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის მომავალი ხელმძღვანელი, მზად ვარ ყველასთან სათანამშრომლოდ.
მოქრთამვა-მოსყიდვა, კორუფციული სქემები და დაშინება ვახსენე. ჩემი მხრიდან გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან შორტმა ან მაკროპულოსმა ამ მეთოდებით იხელმძღვანელონ.
ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მძლავრი დიპლომატიური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის სათავისოდ გამოყენება შეუძლია, არკადი დვორკოვიჩია.
მე კარგი ურთიერთობა მქონდა მის მამასთან, რომელიც საერთაშორისო არბიტრი იყო. ამავდროულად, მამამისი გასული საუკუნის 90-იან წლებში გარი კასპაროვის იმ გუნდის ადმინისტრატორი გახლდათ, რომელშიც ერთ-ერთ მწვრთნელად მეც შევდიოდი… გავიმეორებ: დვორკოვიჩისადმი სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ ყველასთვის ცნობილია მისი მხარდამჭერი კრემლის პოზიცია: საბოლოო მიზნის მისაღწევად ისინი ყველაფერზე წავლენ დიდი ფინანსური რესურსის გამოყენების ჩათვლით. ვეჭვობ, რომ დიდი ფულის ხარჯვის სანაცვლოდ კრემლს მსოფლიო ჭადრაკის ერთპიროვნულად მართის სურვილი ამოძრავებს.
ფიდეს და მისი ხელმძღვანელებისთვის, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციას კრიზისულ პერიოდში მართავენ, ფულზე მნიშვნელოვანი ღირსება და ფიდეს წევრი თითოეული ქვეყნის ფედერაციის პატივისცემაა. გეორგიოს მაკროპულოსის დევიზიც – „ღირსება ფულზე მაღლა“ – ზედმიწევნით გამოხატავს მათ პოზიციას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დვორკოვიჩს მოცდას, მსოფლიო საჭადრაკო ოჯახში თავის ღირსეულად წარმოჩენას, დამკვიდრებას და კონკურენტულ ბრძოლაში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაბმას ვურჩევდი. ამავდროულად, უარის თქმას ისეთ მეთოდებზე, რომელსაც ამჟამად იყენებს: ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს რამდენიმე აფრიკელი დელეგატის რუსეთში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებსა და ფინალზე მიწვევას ვგულისხმობ. ასეთი ნაბიჯები მოახლოებული არჩევნების წინ არცთუ ლამაზად ჩანს. აქვე რიტორიკული კითხვაც მიჩნდება: გაახსენდებოდა კი დვორკოვიჩს ეს ადამიანები, ორ თვეში ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებში რომ არ მონაწილეობდეს?
მე, როგორც ქართველმა, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა: იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ბათუმშია, დვორკოვიჩი ვერაფრით გაექცევა იმ ფაქტს, რომ მისმა ქვეყანამ და კრემლმა ზუსტად 10 წლის წინ ჩემი სამშობლოს, საქართველოს ძირძველი კუთხე სამაჩაბლო და კოდორის ხეობა დაიპყრო. საქართველოს რუსეთისგან არაერთი მიუღებელი ნაბიჯი ახსოვს, მაგრამ 2008 წლის მსგავსი ომი, ღია აგრესია მანამდე არ ყოფილა. და ზუსტად იმ პერიოდში, აგვისტოს ომის დღეებში, დვორკოვიჩი რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ. მართალია ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში, მაგრამ მრჩეველი ყველა მრჩეველია. ახლო წარსულში კი ის რუსეთის ვიცე-პრემიერიც იყო…
ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მისი პერსონისადმი ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება იქნება. მას ვურჩევ, რომ ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბათუმში ჩასვლამდე კარგად გაითავისოს შექმნილი სიტუაცია და ზედმიწევნით ზუსტად მოძებნოს ის მესიჯები, რომლითაც ნეგატიური დამოკიდებულების შერბილებას შეეცდება.

 

ესაუბრა ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 18 ივლისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian