საქართველო 1:0 კვიპროსი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
რუსეთი 2018-ის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველად ითამაშა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა ოფიციალური მატჩის მოგება ვერ მოახერხა, ამხანაგური დაპირისპირება კი უკვე მეოთხედ მოიგო.
კვიპროსთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის 220-ე გახლდათ, გორში შემდგარი მატჩი კი მეტოქეთა მე-6 დაპირისპირება იყო. უპირატესობა კვლავ კუნძულელების მხარესაა: მათ 3-ჯერ გაიმარჯვეს, ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრების აქტივში კი 2 მოგებაა.
კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კვიპროსელების წინააღმდეგ 69-ედ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში და ამ მაჩვენებლით გიორგი ნემსაძეს წამოეწია. თავის დროზე ნემსაძეც გუნდისთავი იყო. მან 69 შეხვედრიდან 42-ჯერ გაიყვანა ნაკრები მინდორზე, კანკავამ კი გორში 34-ედ უკაპიტნა გუნდს.
მე-60 შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით არნემის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ. კაშია მხოლოდ მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ნაკრებში 60-მატჩიან ნიშნულს უწია.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველო მომდევნო ამხანაგურ მატჩს 13 ნოემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ბელარუსთან თამაში 18 საათზე დაიწყება.
10 ნოემბერი, 2017. ამხანაგური. გორი, თენგიზ ბურჯანაძე. 3 500
საქართველო 1:0 კვიპროსი
გოლი: 1:0 გიორგი ქვილითაია (24)
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა 82), დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია 82), ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია 74), გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე 82), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე 67), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა 82)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
კვიპროსი: ანტონის გეორგალიდისი (კაპ), გიორგოს მერკისი, ხარალამბოს კირიაკუ (ანდრეას ავრაამი 73), გიორგოს ეფრაიმი (გრიგორის კასტანოსი 65), ჯეისონ დიმიტრიუ, დიმიტრის ხრისტოფი (ნესტორას მიტიდისი 73), პიეროს სოტირიუ, ვინსენტ ლაბანი (გერასიმოს ფილაქტუ 65), რენატო მარგასა (გიორგოს ვასილიუ 82), კონსტანტინოს ლაიფისი, კოსტაკის არტიმატასი (გიორგოს ეკონომიდისი 82)
მწვრთნელი: რან ბენ შიმონი (ისრაელი)
გაფრთხილება: ვინსენტ ლაბანი, ოთარ კაკაბაძე, გიორგოს მერკისი, პიეროს სოტირიუ
მსაჯები: სურენ ბალიანი; ვანიკ სიმონიანი, ერიკ არევშატიანი (სომხეთი)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 10 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია