საქართველო 1:0 შოტლანდია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე გამარჯვება იზეიმა: კახი ცხადაძის გუნდმა შოტლანდიას 1:0 სძლია.

ერთადერთი ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა 37-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ქვეყნის მთავარ გუნდში ჩატარებულ 8 მატჩში.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები 7 ტურში მოპოვებული 6 ქულით ბოლოსწინა, V ადგილზეა.

ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის კახი ცხადაძის ხელმძღვანელობით მე-3 ოფიციალურ მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ: მარტში ჯვაროსნები შინ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან დამარცხდნენ, ივნისში კი სტუმრად პოლონეთთან.

საქართველოს ნაკრებმა მეორედ უმასპინძლა შოტლანდიას და კვლავ დაამარცხა. 2007 წელს, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიელებს 2:0 სძლიეს. ისევე, როგორც მაშინ, თბილისში წაგების გამო ბრიტანელებმა ახლაც გვარიანად გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა – გორდონ სტრაჩანის გუნდი 7 მატჩში 11 ქულით მეოთხეა და 3 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან პოლონეთს. პირველი პოლონეთთან 3:1 გამარჯვებული გერმანიაა 16 ქულით, ირლანდიამ კი, რომელმაც გიბრალტარს სტუმრად 4:0 სძლია, მესამე – 12 ქულა.

შოტლანდიასთან 55-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში ჯაბა კანკავამ. მან 21-ედ მოირგო კაპიტნის სამკლაური. მე-40 სანაკრებო კეპი მიითვალა ალექსანდრე ამისულაშვილმა.

4 სექტემბერი, 2015. ევრო 2016 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 25 000
საქართველო 1:0 შოტლანდია
გოლი: 1:0 ვაკო ყაზაიშვილი (37)
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე (ბუბა დაუშვილი 82), თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი მერებაშვილი 71), ლევან მჭედლიძე (მათე ვაწაძე 90), ვაკო ყაზაიშვილი
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
შოტლანდია: დევიდ მარშალი, ალან ჰატონი, ჩარლი მალგრიუ, რასელ მარტინი, ენდი რობერტსონი (გრანტ ჰენლი 59), შონ მელოუნი, სკოტ ბრაუნი (კაპ), ჯეიმს მორისონი, იკეჩი ანია (ლეი გრიფიტსი 75), სტივენ ფლეტჩერი, სტივენ ნეისმიტი (ჯეიმს ფორესტი 59)
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
გაფრთხილება: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, გიორგი ნავალოვსკი
მსაჯები: ოვიდიუ ჰაცეგანი; ოქტავიან შოვრე, სებასტიან გეორგე (რუმინეთი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 10 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian