საქართველო 1:1 ყაზახეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა – ყაზახეთის ნაკრებთან ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა მე-11 ნომერი სერიკჟან მუჟიკოვი მარჯვენა ფლანგზე მეურვის გარეშე აღმოჩნდა, საჯარიმოში შეჭრილმა კი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ აზატ ნურგალიევს დაუგორა ბურთი. ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გაიტანა გოლი. ნუკრი რევიშვილის ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა – 0:1.

38-ე წუთზე ჯვაროსნებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე აქტიურად ჩაერთო შეტევაში, ბურთი საჯარიმოსკენ ჩააწოდა, გიორგი ჭანტურიამ ბურთი გაატარა, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა. სტუმართა მეკარე დავით ლორია კი გადახტა, მაგრამ ბურთს ვეღარ მიწვდა.

ამის შემდეგ მეტოქეებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, ყველაზე რეალური საგოლე შანსი კი 79-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ზუსტად ვერ დაარტყა. სახიფათო გარღვევა ლევან ყენიას კარგ გადაცემას მოჰყვა.

„მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასე იყო ჩემთვისაც. შედეგით უკმაყოფილო ვარ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება ზუსტად შეასრულა, სხვებით კი უკმაყოფილო ვარ. კარგად ითამაშეს ჯაბა კანკავამ და გიორგი ნავალოვსკიმ, საუკეთესო კი თორნიკე ოქრიაშვილი იყო. რაც შეეხება დებიუტანტ გიორგი აბურჯანიას, მას კარგი მონაცემები აქვს, დიდი პოტენციალის ფეხბურთელია შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ 3 ამხანაგური თამაში გვიწევს და ვეცდები ეს შეხვედრები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო – საკვალიფიკაციო ციკლს ჩემი გუნდი სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ჯვაროსნები 5 სექტემბერს თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებენ, მანამდე კი მაისის მიწურულს და ივნისის დასაწყისში 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 27 მაისს საქართველო ავსტრიაში სლოვაკეთის ნაკრებს გაეჯიბრება, 3 ივნისს რუმინეთში მასპინძლებთან ითამაშებს, 7 ივნისს კი ესპანეთში ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების ისტორიაში ეს მე-4 შეხვედრა იყო. მეტოქეებმა თბილისში მეორედ ითამაშეს და ისევე როგორც 2005 წელს, მატჩი ამჯერადაც ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ყაზახეთში გამართულ ორ თამაშს, 2005 წლის აგვისტოში, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს, 2013 წელს გამართული ამხანაგური პაექრობა კი ყაზახების გამარჯვებით დასრულდა.

29 მარტი, 2016. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 7 500
საქართველო 1:1 ყაზახეთი
გოლებ: 0:1 აზატ ნურგალიევი (36), 1:1 თორნიკე ოქრიაშვილი (38)
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე (მათე ვაწაძე 89), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბა კვირკველია 46), გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი აბურჯანია (ნიკა კვეკვესკირი 78), ჯაბა კანკავა (კაპ), ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე (ლევან ყენია 78), გიორგი ჭანტურია (ნიკა კაჭარავა 46)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
ყაზახეთი: დავით ლორია (ვლადიმირ პლოტნიკოვი 46), აბზალ ბაისებეკოვი, იური ლოგვინენკო, სერგეი მალი, ალექსეი შჩეტკინი (სერგეი ხიჟნიჩენკო 46), აზატ ნურგალიევი (ბაუირჟან ისლამხანი 80), დმიტრი შომკო, ისლამბეკ კუატი (ასხატ ტაგიბერგენი 82), სერიკჟან მუჟიკოვი (ულან კონისბაიევი 64), სამატ სმაკოვი (კაპ) (მაკსატ ბაიჟანოვი 74), გაფურჟან სუიუმბაიევი
მწვრთნელი: ტალგატ ბისუფინოვი
მსაჯები: კლეიტონ პისანი; მიტჩელ სკერი, ვილიამ დებატისტა (მალტა)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 29 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian