საქართველო 1:1 ნორვეგია
გული კარგს მიგრძნობს-მეთქი, ასე დავასრულე ბოლო მატჩამდელი ჩანახატი, მაგრამ გუშინდელმა თამაშმა და განსაკუთრებით ანგარიშმა ძალიან გამაწბილა.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეეძლო ნორვეგიელთა დამარცხება და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის სამი ქულით დაწყება, მაგრამ სასტარტო მატჩის შემდეგ ჯვაროსნების აქტივში მხოლოდ ქულაა.
როგორც ვთქვი, მოგებას ველოდი და ასე რომ არ მოხდა, ეს ვილი სანიოლის რამდენიმე გადაწყვეტილების ბრალი მგონია. პირველ რიგში სასტარტო შემადგენლობას ვგულისხმობ, შემდეგ კი დაგვიანებულ ცვლილებებს.
არ ველოდი ირაკლი აზაროვის და ჯიმი ტაბიძის ძირითადში თამაშს. მართალია ისინი წელს მუდმივად ასპარეზობენ კლუბებში – ირაკლი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში, ხოლო ჯიმი დინამო თბილისში, მაგრამ ერთია სერბეთისა და საქართველოს პირველობები და მეორე ნაკრების ევროთამაში.
მწვრთნელის არჩევანი მცდარი რომ იყო, საწყისმა ნახევარმა საათმაც დამანახა, რომელშიც საქართველოს დაცვის მარცხენა ფრთა სტუმრებმა უბრალოდ წალეკეს. სანიოლის ხელმძღვანელობით გამართულ მატჩებში ჯვაროსნებს ამაზე ცუდად თამაში, მგონი, არც დაუწყიათ.
აზაროვთან და ტაბიძესთან ერთად საყრდენი ნახევარმცველებიც უნდა ვახსენო, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია. სანიოლის ხელში ისინი მუდმივად ძირითადში არიან და გუშინ მათი ერთად ხილვა არ გამკვირვებია, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მწვრთნელმა აბურჯანიას შეცვლა ძალიან დააგვიანა.
თუ კვეკვესკირმა ტაიმის მიწურულს და შესვენების შემდეგ შედარებით გამოასწორა თამაში, აბურჯანიასთვის ჩაბარებული მონაკვეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ პრობლემად დარჩა. პორტუგალიის ჟილ ვისენტეს ოცდარვა წლის ნახევარმცველი მარცხნივ თამაშობდა, აზაროვის წინ და მისი სუსტი თამაშის ბრალიცაა სკანდინავიელთა თვალშისაცემი აქტიურობა მოედნის იმ მონაკვეთში. ნორვეგიელებმა გოლიც სწორედ მარცხნიდან დაწყებული იერიშის შემდეგ გაიტანეს, თუმცა არც მანამდე და დაწინაურების შემდეგ გაჩერებულან.
აქვე გიორგი მამარდაშვილს ვახსენებ. მართალია ალექსანდერ სორლოთის გოლის დროს ის შეცდა – ბურთი კარგად ვერ მოიგერია და მეტოქემ იოლად განაახლა იერიში, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენი მეკარე კარგი იყო. ორ ეპიზოდში კი „მკვდარი ბურთი“ მოიგერია და რომ არა მისი საოცარი რეაქცია და თავგანწირული თამაში, ქულის მოპოვება ძალიან გაჭირდებოდა.
შესვენების შემდეგ სანიოლმა მარცხენა ფრთაზე მოთამაშე სამივე ფეხბურთელი შეცვალა: ირაკლი აზაროვის ნაცვლად გიორგი გოჩოლეიშვილი შეუშვა, ბუდუ ზივზივაძე ჯიმი ტაბიძის მაგივრად გამოჩნდა, თამაშის უკანასკნელ წუთზე კი ლუკა გაგნიძემ ჩაანაცვლა გიორგი აბურჯანია. ვფიქრობ, მწვრთნელს აბურჯანია კარგა ხნით ადრე უნდა გაეყვანა მინდვრიდან, რადგან ერთ-ორ ეპიზოდში კარგ მოქმედებას თუ არ ჩავთვლი, გიორგი მთლიანობაში ძალიან სუსტი იყო. ალბათ ყველაზე სუსტი საქართველოს ნაკრებიდან.
მარცხენა სამეულის სუსტი თამაშით ავხსნი შედარებით სიმშვიდეს ნორვეგიელთა საჯარიმოს მარჯვენა ფრთაზე, არადა ამ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია უტევდა. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისგან მეტს ველოდი, თუმცა ერთია როცა თანაგუნდელები დროულად გაწვდიან ბურთს და მეორე, როცა ლამის დაცვაში გიწევს თამაში და იერიშს მეტოქის საჯარიმოსთან კი არა, ცენტრიდან იწყებ.
ხვიჩა მაინც სახიფათო იყო, ორ მომენტში კი სულ ცოტა, სანტიმეტრები დააკლდა გოლის გატანამდე. ნაპოლის ვარსკვლავმა ორივე შემთხვევაში მოჭრილი დარტყმით სცადა ორიან ნილანდის კარის დალაშქვრა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.
და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ვილი სანიოლი. 59-ე წუთზე განხორციელებული ორმაგი ცვლილების შემდეგ ვფიქრობდი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ათ-თხუთმეტ წუთს მაინც გაიმეტებდა გიორგი ჩაკვეტაძესთვის, მაგრამ ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი მატჩი ისე გაილია, ბრატისლავის სლოვანის ოცდასამი წლის შემტევი ვერ ვიხილე. და ესეც მწვრთნელის კიდევ ერთი შეცდომა მგონია. მონღოლეთთან თამაშის შემდეგ გიორგის ნამდვილად ველოდი ნორვეგიელთა წინააღმდეგ. პრესკონფერენციაზე სანიოლმა ჩაკვეტაძის სათადარიგოთა შორის დატოვება არასათანადო ფორმით ახსნა, მძიმე ტრავმების შემდეგ კვლავ არ არის სრულად მზადო, თუმცა ამას არგუმენტად ვერ ჩავუთვლი.
ჩემი აზრით ნორვეგიელთა კარგად განსწავლული გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს აქცენტი ისეთ ტექნიკურ მოთამაშეებზე უნდა გაეკეთებინა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი არიან. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ყაიდის ფეხბურთელებს შეუძლიათ მკაცრი სქემებით მოთამაშე გუნდში არეულობის შეტანა. ფაქტია, ნორვეგიელთა კართან შექმნილი ყველა სახიფათო მომენტი კვარაცხელია-დავითაშვილი-მიქაუტაძის დამსახურება იყო, ამ უკანასკნელმა მშვენიერი გოლიც გაიტანა. რატომღაც მჯერა, რომ ჩაკვეტაძის გამოჩენით ჩვენი გუნდის თავდასხმები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ამის გამო ძალიან მწყდება გული.
დიდი იმედი მაქვს სანიოლი მომდევნო შესარჩევებში მაინც ენდობა ჩაკვეტაძეს, რადგან ვფიქრობ, ამ ბიჭმა უკან მოიტოვა დანავსული პერიოდი და მალე იმ სიმაღლესაც მიაღწევს, 2018 წლის შემოდგომით რომ გვიჩვენა უეფას ერთა ლიგაზე.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი უახლოესი მატჩები ივნისში ელის: 17-ში კვიპროსში, ხოლო სამი დღის შემდეგ ჯგუფის ლიდერთან შოტლანდიაში. იმ ოთხ დღეში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა.
28 მარტი, 2023. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, A ჯგუფი. ბათუმი, აჭარაბეთ არენა. 20 300
საქართველო 1:1 ნორვეგია
გოლები: 0:1 ალექსანდერ სორლოთი (15), 1:1 გიორგი მიქაუტაძე (61)
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, გურამ კაშია (კაპ), ჯიმი ტაბიძე (ბუდუ ზივზივაძე 59), ირაკლი აზაროვი (გიორგი გოჩოლეიშვილი 70), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (ლუკა გაგნიძე 90), ზურაბ დავითაშვილი (საბა ლობჟანიძე 59), ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე (გიორგი ბერიძე 90)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
ნორვეგია: ორიან ნილანდი, სტეფან სტრანდბერგი, ბირგერ მელინგი, ლეო ოსტიგარი, მარკუს პედერსენი (ჯულიან რიერსონი 90+5), მოჰამედ ელიონუსი (სანდერ ბერგე 78), ფრედრიკ აურსნესი, მარტინ ოდეგაარი (კაპ), ალექსანდერ სორლოთი, ოლე სოლბაკენი (ოლა ბრინჰილდსენი 82), პატრიკ ბერგი (კრისტიან თორსტვედტი 90+5)
მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი
გაფრთხილება: ირაკლი აზაროვი, გიორგი აბურჯანია, ოლა სოლბაკენი, ბირგერ მელინგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
მსაჯები: ანდრის ტრეიმანისი; ჰარალდს გუდერმანისი, ალექსეის სპასიონიკოვსი (ლატვია)
ლაშა გოდუაძე
ბათუმი; 2023 წლის 29 მარტი
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია