საქართველო 1:2 ავსტრია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო: 5 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ავსტრიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

I ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს: მე-16 წუთზე დავიდ ალაბამ ბურთი საქართველოს ნაკრების საჯარიმო მოედანში ჩაჰკიდა, იქ კი მარტინ ჰინტერეგერმა ყველას დაასწრო და თავურით გახსნა ანგარიში – 0:1.

42-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაჭრილმა მარკო არნაუტოვიჩმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კიდევ ერთხელ შეცდნენ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები და ავსტრიელთა საუკეთესო ბომბარდირმა მარკ იანკომ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:2.

II ტაიმში საქართველომ უკეთ ითამაშა: 65-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილის თავურის შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ძელმა აისხლიტა, 78-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი საპასუხო ბურთის გატანა შეძლეს – ჯანო ანანიძემ საჯარიმოს გარედან ზუსტად და ძლიერად დაარტყა – 1:2.

თამაშის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი გააცილა და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა. ხიზანიშვილი ნაკრებში ჩატარებული 93 მატჩით მეორეა ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის შემდეგ.

ცნობისათვის: ავსტრიის ნაკრები საქართველოს 44-ე ევროპელი მეტოქეა. ჯვაროსნებს უეფას წევრი 54 ქვეყნის ნაკრებიდან არ უთამაშიათ მხოლოდ 10-თან: ანდორასთან, ბელგიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, კოსოვოსთან, მაკედონიასთან, სან მარინოსთან, სერბეთთან (ამავე შესარჩევში ჩვენი მეტოქეა), შვედეთთან, ჩეხეთთან და ნიდერლანდებთან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მომდევნო შეხვედრებს 6 და 9 ოქტომბერს სტუმრად გამართავს: ჯერ ირლანდიაში ითამაშებს, შემდეგ უელსში.

5 სექტემბერი, 2016. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 35 000
საქართველოს 1:2 ავსტრია
გოლებ: 0:1 მარტინ ჰინტერეგერი (16), 0:2 მარკ იანკო (42), 1:2 ჯანო ანანიძე (78)
საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე (გიორგი ჭანტურია 84), საბა კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ) (თორნიკე ოქრიაშვილი 76), გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ლადო დვალიშვილი (დავით სხირტლაძე 63)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
ავსტრია: რობერტ ალმერი, ალეკსანდარ დრაგოვიჩი, მარტინ ჰინტერეგერი, მარკო არნაუტოვიჩი, დავიდ ალაბა, ზლატკო იუნუზოვიჩი (ალესანდრო შიოპფი 67), მარტინ ჰარნიკი (მარსელ საბიცერი 72), მარკუს სუტნერი, ჯულიან ბაუმგარტლინგერი (კაპ), ფლორიან კლაინი, მარკ იანკო (მიხაელ გრეგორიში 67)
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილება: მარტინ ჰინტერეგერი, რობერტ ალმერი
მსაჯები: ალეკსეი კულბაკოვი; ვიტალი მალიუტინი, ოლეგ მასლიანკო (ბელარუსი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 5 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian