საქართველო 1:3 სერბეთი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-5 შეხვედრა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე სერბეთთან 1:3 წააგო.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: მანჩესტერ სიტის მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა მეკარეს ცუდად დაუგორა ბურთი, ნიკა კაჭარავამ კი გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთს ზუსტად დაარტყა – 1:0.

ეს კაჭარავას პირველი გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ მე-4 შეხვედრაში. საგულისხმოა, რომ კაჭარავას დებიუტი „ჯვაროსნებში“ ერთი წლის წინ, 2016 წლის 29 მარტს ყაზახეთთან თბილისში ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში შედგა. შევნიშნავთ, რომ ის თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვლადიმირ ვაისისთვისაც პირველი იყო.

მე-19, 25-ე და 35-ე წუთებზე საქართველომ უპირატესობის გაორმაგების კარგი შანსები გაუშვა ხელიდან. ჯერ ვაკო ყაზაიშვილის სახიფათო დარტყმა მოიგერია სერბთა მეკარემ ვლადიმირ სტოიკოვიჩმა, 26-ე წუთზე იმავე კაჭარავას შეეძლო გოლის გატანა, 35-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა ყაზაიშვილმა ცარიელი კარის წინ მდგომი ჯანო ანანიძე ვერ შენიშნა, თავად დაარტყა და ვერ გაიტანა. მშვენიერი კომბინაცია, რომელიც ვაისის გუნდმა ვერ გამოიყენა, ნიკა კვეკვესკირმა დაიწყო საქართველოს ნაკრების ნახევრიდან, ყაზაიშვილი კი მეკარეს კაჭარავამ შეატოვა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. საჯარიმოში შეჭრილი ფილიპ კოსტიჩი ოთარ კაკაბაძემ წესების დარღვევით შეაჩერა და გერმანელმა არბიტრმაც 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. დუშან ტადიჩმა უნაკლოდ დაარტყა – 1:1.

II ტაიმი სერბებმა 2:0 მოიგეს: 64-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა დააწინაურა გუნდი (ტადიჩის პასის შემდეგ), 86-ე წუთზე კი მიატ გაჩინოვიჩმა კვლავ ტადიჩის პასით გაიტანა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 2 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა, ჯგუფს კი 11 ქულით სერბეთის და ირლანდიის ნაკრები გუნდები ლიდერობენ.

28 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიას უმასპინძლებს. თამაში კვლავ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.

24 მარტი, 2017. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 30 000
საქართველო 1:3 სერბეთი
გოლებ: 1:0 ნიკა კაჭარავა (5), 1:1 დუშან ტადიჩი (45, პენ), 1:2 ალექსანდრ მიტროვიჩი (64), 1:3 მიატ გაჩინოვიჩი (86)
საქართველო: გიორგი ლორია, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ოთარ კაკაბაძე (გიორგი არაბიძე 70), ჯაბა კანკავა (კაპ), ჯანო ანანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (გიორგი ქვილითაია 83), ვაკო გვილია (ჯაბა ჯიღაური 90), ნიკა კაჭარავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
სერბეთი: ვლადიმირ სტოიკოვიჩი, ბრანისლავ ივანოვიჩი (კაპ), ალექსანდრ კოლაროვი, ანტონიო რუკავინა, ივან ობრადოვიჩი (იაგოშ ვუკოვიჩი 46), ნიკოლა მაქსიმოვიჩი, ნემანია მატიჩი, დუშან ტადიჩი, ლუკა მილივოიევიჩი, ფილიპ კოსტიჩი (მიატ გაჩინოვიჩი 81), ალექსანდრ მიტროვიჩი (ნემანია გუდელი 71)
მწვრთნელი: სლავოლუბ მუსლინი
გაფრთხილება: ჯაბა კანკავა, ოთარ კაკაბაძე
მსაჯები: ფელიქს ცვაიერი; ტორსტენ შიფნერი, მარკო ახმიულერი (გერმანია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 24 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian