საქართველო 1:1 ჩრდილოეთი მაკედონია – 10 საინტერესო ამბავი
2020-21 წლების უეფას ერთა ლიგა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო 1:1ით გააგრძელა: ვლადიმირ ვაისის გუნდმა გუშინ ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ შესვენების შემდეგ მეტოქე კაცნაკლული თამაშობდა, მაინც ქულა გაუყო.
ისევე როგორც ესტონეთში გამარჯვება, გუშინდელი ფრეც რამდენიმე საინტერესო ფაქტის გამოა აღსანიშნავი, 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი ასეთი მგონია:
1: უეფას ერთა ლიგის ეგიდით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედ ითამაშა და კვლავ დაუმარცხებელია – 6 გამარჯვება და 2 ფრე.
2: ჯვაროსნებმა უეფას ერთა ლიგაში მე2 მატჩი დაასრულეს ანგარიშით 1:1, თუმცა პირველი – შინ.
2018-19 წლების უეფას ერთა ლიგაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად იგივე ანგარიშით ითამაშა ანდორასთან.
3: საქართველოს ეროვნულმა ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი ვერ მოიგო.
შარშან, ევრო 2020ის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯვაროსნებმა 0:0 ითამაშეს ჯერ დანიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან.
ბოლო 10 საშინაო შეხვედრაში (2018 წლიდან) საქართველოს ნაკრების შედეგი ასეთია: 6 მოგება, 3 ფრე და მარცხი (შარშან, შვეიცარიასთან 0:2).
4: ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდი პირველად შეხვდა – ჩრდილომაკედონია ჯვაროსნების ისტორიაში 65ე მეტოქეა.
თავის მხრივ, ბალკანელთათვის საქართველო 63ე მოწინააღმდეგე გამოდგა.
5: თონრიკე ოქრიაშვილმა ნაკრების ისტორიაში 280ე გოლი გაიტანა, ხოლო თუ მხოლოდ ევროპელ მეტოქეებთან გამართულ მატჩებს გავითვალისწინებთ – 250ე.
6: ოქრიაშვილმა მე10 გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 42ე შეხვედრაში და ახლა გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე5 ადგილზეა ვაკო ყაზაიშვილთან და ჯაბა კანკავასთან ერთად.
7: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მე2 პენალტი გაიტანა და 11მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კვლავ ოქრიაშვილმა გამოიყენა. 2018-19 წლების გათამაშებაში თორნიკემ ლატვიელებს გაუტანა პენალტი – 1:0 თბილისში.
8: ჯაბა კანკავამ 51ედ უკაპიტნა გუნდს და კახა კალაძის რეკორდი გააუმჯობესა.
კალაძე 83 სანაკრებო შეხვედრაში 50ჯერ იყო გუნდისთავი, კანკავამ კი გუშინ 88ედ ითამაშა ნაკრებში.
9: მარცხენა მცველმა ნიკა მალიმ ჩრდილომაკედონიელთა წინააღმდეგ პირველად ითამაშა ნაკრებში. ვლადიმირ ვაისმა ის ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.
მალი საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში 265ე ფეხბურთელია.
10: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მეექვსედ ითამაშა 8 სექტემბერს: მოგება, 4 ფრე და წაგება – ასეთია ჯვაროსნების სტატისტიკა ამ დღეს.
8 სექტემბერს გამართული მატჩების ჩამონათვალი ასეთია:
1999 საქართველო 2:2 ლატვია (ევრო 2000ის შესარჩევი)
2002 შვეიცარია 4:1 საქართველო (ევრო 2004ის შესარჩევი)
2004 საქართველო 2:0 ალბანეთი (მსოფლიო 2006ის შესარჩევი)
2007 საქართველო 1:1 უკრაინა (ევრო 2008ის შესარჩევი)
2019 საქართველო 0:0 დანია (ევრო 2020ის შესარჩევი)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია