საქართველო 2:2 შოტლანდია: ყიზილაშვილიდან კვარაცხელიამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ უკანასკნელად ითამაშა შინ ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირში. ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით ჯვაროსნები ორჯერ უგებდნენ შოტლანდიას, მაგრამ გამარჯვება და სამი ქულა დამატებულ დროში გაუშვეს ხელიდან.
თამაშის ამბებზე აქ არაფერს დავწერ, მხოლოდ კვარაცხელიას გოლების და სანაკრებო დუბლების შესახებ ვიტყვი, რადგან ეს იყო 25-ე შემთხვევა ჩვენი ნაკრების ისტორიაში, როცა ფეხბურთელმა ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. ამ 25-ში არ ვგულისხმობ შოთა არველაძის 2 ჰეთ-თრიქს და გიორგი მიქაუტაძის ამასწინანდელ პოკერს ტაილანდის ნაკრებთან.

ეს კვარაცხელიას მეორე დუბლი იყო ეროვნულის მაისურით და ამ შედეგით ის ალექსანდრე იაშვილს გაუტოლდა. მათზე წინ თემურ ქეცბაიაა 3 დუბლით, ლიდერი კი გიორგი დემეტრაძე გახლავთ 4-ით. ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის აქტივში ერთადერთი დუბლია.

გუშინდელი გოლებით კვარა მესამეა ჩვენი გუნდის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩშიც შეასრულა დუბლი და ევროპირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრაშიც. ხვიჩამდე ეს ქეცბაიამ, შემდეგ კი იაშვილმა შეძლეს.

25 სანაკრებო დუბლი სულ 18-მა ქართველმა გაიტანა.

25-დან 20 საქართველოში გამართულ მატჩებზე მოდის, 4 – მეტოქის მოედანზე ჩატარებულ თამაშებში, ერთიც ნეიტრალურ ქვეყანაში.

25-დან 5 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვიხილეთ, 4 – მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციოებში, 1 – უეფას ერთა ლიგაზე, 2 – საერთაშორისო ტურნირებში, 17 კი ამხანაგურ შეხვედრებში.

2017 წლის 28 მარტს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ლატვიასთან 5:0 მოგებული ამხანაგური თამაში იმითაა საინტერესო, რომ ერთდროულად ორმა ქართველმა მიითვალა დუბლი, თან, ორივემ ორ ლატვიელ მეკარეს გაუტანა! საქმე ისაა, რომ იმ დღეს ბალტიისპირელთა კარში ჯერ ანდრის ვანინსი იდგა, მეორე ტაიმში კი პაველს შტეინბორსი. ჰოდა, გიორგი ქვილითაიამ და ჯანო ანანიძემ მათ თითო გოლი უსახსოვრეს.

პირველი ქართველი, რომელმაც ნაკრებში დუბლი შეასრულა, დავით ყიზილაშვილია. 1992 წლის 17 სექტემბერს, გურჯაანში, აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, მან ჯერ პირველი გოლი გაიტანა, მეორე ზუსტი დარტყმით კი ანგარიში 2:1 გახადა. სხვათა შორის, ეს იყო აზერბაიჯანის ნაკრების ისტორიაში პირველი საერთაშორისო თამაში…

რაც შეეხება პირველ „ოფიციალურ დუბლს“, ის ქეცბაიასია – ევრო 1996-ის შესარჩევ ტურნირში, 1994 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, თემურმა ორჯერ ჩაუხვია ბურთი უელსის ნაკრების გოლკიპერს ნევილ საუთჰოლს. ის მატჩი ჯვაროსნებმა 5:0 მოიგეს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი 2 გოლი ზედიზედ მე-12 „საშინაო დუბლია“. ბოლო „საგარეო“ კი გიორგი დემეტრაძეს ეკუთვნის, რომელმაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, 2005 წლის 17 აგვისტოს, ყაზახეთში მოაგებინა გუნდს – 2:1.

წელს ქართველებმა სამ მეტოქესთან შეასრულეს დუბლი (გიორგი ჩაკვეტაძემ მონღოლეთთან, ზურაბ დავითაშვილმა ტაილანდთან, კვარაცხელიამ შოტლანდიასთან), რაც 2001 წლის რეკორდის გამეორებაა. 22 წლის წინ ქეცბაიამ ისრაელს გაუტანა ორი გოლი, დემეტრაძემ ლუქსემბურგს, ხოლო იაშვილმა ლიეტუვას.

და ბოლოს: ყველაზე სწრაფი დუბლი – ორი წუთის ინტერვალით, არჩილ არველაძეს (1997 წელს სომხეთთან), ალექსანდრე იაშვილს (2001 წელს ლიეტუვასთან) და გიორგი ჩაკვეტაძეს (2023 წელს მონროლეთთან) ეკუთვნით.

ჩვენი გუნდის პოკერებსა და ჰეთ-თრიქებზე სხვა დროს იყოს, ბლომად რომ დაგროვდება. იმედია, ეს დროს მალე დადგება.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 17 ნოემბერი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian