საქართველო 3:0 გიბრალტარი: საინტერესო ფაქტები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის გოლებით გიბრალტარს 3:0 სძლია.
ამ გამარჯვებით ჯვაროსნებმა
D ჯგუფში III ადგილზე აინაცვლეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მდევარ დანიას ქულით და მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
10 ივნისს, IV ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ დანია იქნება. თამაში კოპენჰაგენში გაიმართება.
დღევანდელი გამარჯვებიდან კი ეს 8 ფაქტი გამოვარჩიეთ:

1: ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

1: ვატო არველაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი მეორე შეხვედრაში გაიტანა.

3: გიბრალტარი პირველი გუნდია, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველა, სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოუგო! ევრო 2016-ის საკვალიფიკაციოში ჯვაროსნებმა სტუმრად 3:0, შინ კი 4:0 გაიმარჯვეს.

4: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა 7 ივნისს და მეოთხედ გაიმარჯვა: 1997 წელს, საფრანგეთის 1998-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ბათუმში მოლდოვასთან – 2:0; 2016 წელს, ხეტაფეში, ესპანეთთან ამხანაგური – 1:0 და 2017 წელს, თბილისში სენტ-კიტსი და ნევისთან – 3:0.

6: ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მე-6 მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და ეს მწვრთნელთა შორის რეკორდია.

20: გიორგი ლორიამ ნაკრებში ჩატარებულ 51 შევედრიდან მე-20 მატჩში არ გაუშვა გოლი. ამ მხრივ ის ნაკრების რეკორდსმენია!

33: ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა 33-ე შეხვედრა ჩაატარეს. სლოვაკ სპეციალისტზე მეტ მატჩში გუნდს მხოლოდ თემურ ქეცბაიამ (40) და ალექსანდრე ჩივაძემ (35) უხელმძღვანელეს.

45: ჯაბა კანკავამ 45-ედ უკაპიტნა გუნდს და ამ მხრივ მხოლოდ კახი კალაძეს ჩამორჩება, რომელიც 83 შეხვედრაში 50-ჯერ იყო კაპიტანი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian