საქართველო 4:0 გიბრალტარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბოლოსწინა, მე-9 შეხვედრა ჩაატარა და გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. თამაში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.
გიბრალტარი ევრო 2016-ის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ამდენად, ამ გუნდთან გამარჯვება მოსალოდნელიც იყო. შეგახსენებთ: გიბრალტარის ნაკრებმა თბილისში სტუმრობამდე ყველა, 8 ოფიციალური მატჩი წააგო და 2 გატანილი გოლის წინ 46 გაუშვა.

 

კახი ცხადაძის გუნდმა ორივე ტაიმი მოიგო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაკრებმა შესვენებამდე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. 4-დან 3 გოლი მასპინძლებმა პირველ 45 წუთში გაიტანეს: 30-ე წუთზე ეროვნულის დებიუტანტმა ნიკა კვეკვესკირმა დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მათე ვაწაძე და თავდამსხმელმაც ზუსტად დაარტყა – 1:0; 35-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა კარგად შეასრულა 11-მეტრიანი – 2:0; 45-ე წუთზე კი ვაწაძემ დუბლი მიითვალა – გუნდის კიდევ ერთი დებიუტანტის ოთარ კაკაბაძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა გიბრალტარელთა კარში.

კვეკვესკირის და კაკაბაძის გარდა გუშინ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში პირველად – კანკავას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გუგა ფალავანდიშვილმა.

II ტაიმში მასპინძლებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს: 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ნახევარი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მიახლოებულმა უძლიერესად დაარტყა – 4:0.

გიბრალტართან 4:0 გამარჯვება რამდენიმე საინტერესო ფაქტითაა გამოსარჩევი: ნაკრებმა პირველად დაამარცხა მეტოქე ერთ შესარჩევში 2-ჯერ დიდი ანგარიშით. შარშან, 14 ოქტომბერს, ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად 3:0 სძლიეს გიბრალტარელებს…

კახი ცხადაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა მე-7 მატჩი ჩაატარა და მე-3 მოიგო – პირველად დიდი ანგარიშით…

ჯვაროსნებმა 4 გოლი ერთ მატჩში ბოლოს ევრო 2008-ის საკვალიფიკაციოს პირველ შეხვედრაში, ფარერის კუნძულებზე გაიტანეს. მაშინ ეროვნულმა 6:0 გაიმარჯვა…

საშინაო თამაშში ამდენი გოლი გუნდმა ბოლოს 2002 წლის 27 მარტს, სამხრეთ აფრიკასთან 4:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში შეაგდო…

მათე ვაწაძე პირველია ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც ეროვნულის მაისურით ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. იაშვილმა დუბლი 2007 წლის 28 მარტს, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციოში, თბილისში ფარერებთან 3:1 მოგებულ მატჩში შეასრულა…

ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 59-ე შეხვედრა ჩაატარა: მოიგო 16, ფრედ დაასრულა 8 და წააგო 35. ბურთების შეფარდებაა 62:87.

8 ოქტომბერი, 2015. ევრო 2016შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 15 000
საქართველო 4:0 გიბრალტარი
გოლებ: 1:0 მათე ვაწაძე (30), 2:0 თორნიკე ოქრიაშვილი (35, პენ), 3:0 მათე ვაწაძე (45), 4:0 ვაკო ყაზაიშვილი (87)
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა (კაპ) (გუგა ფალავანდიშვილი 58), თორნიკე ოქრიაშვილი (ნიკა ძალამიძე 58), ვაკო ყაზაიშვილი, სანდრო კობახიძე, მათე ვაწაძე (ბაჩანა ცხადაძე 74)
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
გიბრალტარი: ჯორდან პერესი, ჯოზეფ ჩიპოლინა, როი ჩიპოლინა (კაპ), რაიან კაშიარო, ჟან-კარლოს გარსია, ჯეიკ გოსლინგი, ანტონი ბარდონი, ლაიამ უოქერი, კაილ კაშიარო (მაიკლ იომე 85), ლი კაშიარო (ჯონ პოლ დუარტე 76), ჯორჯი კაბრერა (ბრაიან პერესი 46)
მწვრთნელი: ჯეფრი რეჯინალდ ვუდი (ინგლისი)
გაფრთხილება: ჯორჯი კაბრერა, თორნიკე ოქრიაშვილი
მსაჯები: სერგეი ბოიკო; ალექსანდრ ვოიკუტი, სერგეი ბერეზკა (უკრაინა)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 8 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian