საქართველო 4:0 კვიპროსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა კვიპროსი. ევრო 2024-ის მიმდინარე შესარჩევში – 2:1 და 4:0, ხოლო 2017 წელს გორში გამართულ ამხანაგურში – 1:0.
კვიპროსი მე-5 მეტოქეა ჩვენი გუნდის ისტორიაში, რომელსაც ჯვაროსნებმა ზედიზედ 3-ჯერ სძლიეს. გასულ წლებში ასეთი, ან უკეთესი სერია გიბრალტარის, ალბანეთის, ლიეტუვის და ლატვიის წინააღმდეგ ვიხილეთ.
კიდევ ათი საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: კვიპროსი ჩვენი ნაკრების ისტორიაში მე-9 მეტოქეა, რომელსაც ქართველებმა 12 (ან მეტი) გოლი გაუტანეს.

2: საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში 50-ე საშინაო თამაში მოიგო, ასევე მე-80 მოგება იზეიმა უეფას წევრი ქვეყნის ნაკრებთან და ისტორიაში 24-ე გამარჯვება დიდი ანგარიშით (3 ან მეტი ბურთის სხვაობით).

3: საქართველომ წელს მე-3 თამაში მოიგო დიდი ანგარიშით (მონღოლეთი – 6:1, ტაილანდი – 8:0, კვიპროსი – 4:0), ასეთი რამ კი ნაკრების ისტორიაში მხოლოდ მესამედ დაფიქსირდა. პირველად 2018 წელს, მეორედ – შარშან.

4: ხვიჩა კვარაცხელიამ მე-12 გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით და გოლების საერთო რაოდენობით გიორგი დემეტრაძეს, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა. ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის ეს სამეული მე-5 ადგილზეა.

5: გიორგი მიქაუტაძის გოლი ეროვნული ნაკრების ისტორიაში 170-ე საშინაო ბურთია, ამავდროულად, მე-80 გოლია ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

6: მიქაუტაძემ მე-9 ბურთი გაიტანა ნაკრებში და მიხეილ ყაველაშვილს გაუთანაბრდა. ეროვნულის გოლეადორთა შორის ისინი მე-7 ადგილზე არიან.

7: ნიკა კვეკვესკირი მხოლოდ მე-16 ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში 55-ჯერ ითამაშა. დღეს მინდორზე გასულ ქართველთაგან ის მეორე ყველაზე გამოცდილი გახლდათ კაპიტნის, გურამ კაშიას შემდეგ (108 მატჩი).

8: დღევანდელი 4:0-ით ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოპოვებული გამარჯვებების საერთო რაოდენობით ალექსანდრე ჩივაძეს და თემურ ქეცბაიას გადაასწრო. ეს ფრანგი სპეციალისტის მე-14 მოგება იყო რიგით 29-ე თამაშში და ის ახლა მხოლოდ 2-ით ჩამორჩება რეკორდსმენს, სლოვაკ ვლადიმირ ვაისს, რომელმაც 2016-2020 წლებში 47-დან 16 თამაში მოიგო.

9: ნაკრების ისტორიაში სანიოლი მხოლოდ მეორე მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მინიმუმ 50 გოლი გაიტანა. რეკორდსმენი აქაც ვაისია – 61 ბურთი.

10: იმ 10 მწვრთნელს შორის (დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის ტანდემის ჩათვლით), რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ 10 მატჩში უხელმძღვანელეს, ამ წუთისთვის სანიოლი ერთადერთია, რომელსაც მოგება-წაგების და გატანილი-გაშვებული ბურთების დადებითი შეფარდება აქვს, შესაბამისად 14:11-თან და 50:40-თან.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 15 ოქტომბერი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian