საქართველო ევროშესარჩევებში

ჩვენი ეროვნული ნაკრები მეხუთედ მონაწილეობს კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში. დღევანდელ წერილში წინა შესარჩევ ციკლებს გავიხსენებთ.

ევრო 1996
1993 წლის მიწურულს უეფამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დაუშვა, 1994 წლის დასაწყისში კი, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა შედგა და მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ბულგარეთი, უელსი, ალბანეთი და მოლდოვა გვერგო.

7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვასთან მატჩში ყველა 3 ქულას ველოდით, 4-5 ბურთით გამარჯვებისაც გვჯეროდა, მაგრამ 3 ქულა კი არა, ერთიც ვერ მოვიპოვეთ: მე-40 ქუთზე მოლდოველთა ნახევარმცველმა ოპრიამ შორიდან გაუტანა ირაკლი ზოიძეს და პირველ ოფიციალურ მატჩში გამარჯვება ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა კი არა, ჩვენსავით დებიუტანტმა მოლდოვამ იზეიმა.

მოლდოვამ იმ შესარჩევში კიდევ ერთხელ დაგვამარცხა: უკანასკნელ მატჩში, როცა ბულგარეთთან საშინაო მოგებით გულმოცემულებს მათთვის სამაგიეროს გადახდა გვეწადა, კიშინიოვში 2:3 წავაგეთ!

ამ ორ სირცხვილს შორის კი საქართველოს ნაკრებმა 5 გამარჯვება იზეიმა: შედეგი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის, სამწუხაროდ კვლავაც რეკორდად რჩება.

ტკბილადმოსაგონარია უელსელების ორჯერ ძლევა: თბილისში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა 5:0 გაანადგურა მეტოქე, კარდიფში კი გიო ქინქლაძემ ერთადერთი და ულამაზესი გოლი გაუტანა მასპინძლებს. იმ თამაშში უელსელმა ვინი ჯონსმა, ვინც წლების შემდეგ ჰოლივუდს მიაშურა და მსახიობად მოგვევლინა, მიხეილ ყაველაშვილი ჩაწიხლა…

გერმანიასთან ორ მარცხზე კი, აბა რა ვთქვათ?

თბილისში ბერტი ფოგთსის გუნდთან მატჩს ოფიციალურად 110 ათასი გულშემატკივარი დაესწრო – ეს მთლიანი შესარჩევის რეკორდი იყო. ნიურნბერგში ჩივაძის გუნდი 1:4 განადგურდა, გაზეთმა სარბიელმა კი იმ თამაშისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: ნიურნბერგის პროცესი – განაჩენი გამოტანილია.

და კიდევ, ის 10 წუთი, როცა ჩვენი გუნდი სტუმრად უგებდა გერმანიას, უბედნიერესი იყო ქართველი ქომაგისათვის: 28-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ოლივერ კანი დაამწუხრა…

საბოლოო შედეგი: 15 ქულა და III ადგილი

ევრო 2000
ნორვეგია, სლოვენია, საბერძნეთი, ლატვია და ალბანეთი – მეტოქეებად ეს გუნდები გვერგო და მთელმა ქვეყანამ ბელგია-ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობის ირწმუნა. სანახევროდ მაინც.

მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: გუნდმა ერთადერთი თამაში მოიგო – პირველივე შინ ალბანეთთან, მერე კი ყველასთან წააგო, ვისაც ჩვენი დამარცხება არ დაეზარა.

28 აპრილს, თბილისში ნორვეგიასთან 1:4 განადგურების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი გადადგა და გუნდიც შესარჩევის ბოლომდე ნიდერლანდელმა იოჰან ბოსკამპმა ჩაიბარა – ნაკრების ისტორიაში პირველმა უცხოელმა დამრიგებელმა.

გუნდმა ვერც მის ხელში მოიგო – 5 მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა, ისიც შინ ლატვიასთან.  ბოსკამპმა სხვა რამით დაგვამახსოვრა თავი: ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებით და ფრთიანი ფრაზით: ჯორჯიან მენტალიტეტ – დებილ!

ნიდერლანდელის გულისწყრომა კი (გვერწმუნეთ, რბილად ნათქვამია) ნაკრების ერთ-ერთი წევრის საქციელს მოჰყვა, რომელიც გუნდის შერკებაზე მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავის ნაცვლად… მანქანით გამოემგზავრა!

საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ მყვირალა ბოსკამპმა, რა გასაკვირია და, საქართველო დატოვა. სხვათა შორის, ნაკრების პარალელურად მან თბილისის დინამოშიც მოსაწრო მუშაობა, თუმცა სასწაული არც კლუბში მოუხდენია.

საბოლოო შედეგი: 5 ქულა და ბოლო, VI ადგილი

ევრო 2004
შვეიცარია, ირლანდია, რუსეთი და კიდევ ერთხელ ალბანეთი. ამჯერად ჩვენი მეტოქეები ეს გუნდები იყვნენ.

ნაკრებმა, რომლის სათავეშიც ისევ ალექსანდრე ჩივაძე იდგა, მორიგი ევროშესარჩევი კვლავ მარცხით დაიწყო – 1:4 შვეიცარიაში.

12 ოქტომბერს შესანიშნავ ფორმაში მყოფ რუსეთს ვმასპინძლობდით ვაკეში და ჩვენდა ბედად, შესვენებისას სტადიონზე შუქი ჩაქვრა. თამაში ჩაიშალა, გადათამაშება კი 30 აპრილისთვის დაინიშნა. იქამდე საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან წაგება და შვეიცარიასთან ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა საწყენი ისაა, რომ კუნძულელებთან მატჩში მავანმა ქომაგმა ერთ-ერთ ირლანდიელს ტრიბუნიდან დანა ესროლა და უეფამაც რუსეთთან პაექრობის ცარიელ სტადიონზე ჩატარება ბრძანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი თავკაცი მერაბ ჟორდანია რამდენჯერმე შეხვდა ევროფეხბურთის მაღალჩინოსნებს და საბოლოოდ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, 11 ათასი ბილეთის გაყიდვის უფლებაც მიიღო. რუსეთის საფეხბურთო კავშირი, თავის მხრივ, მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვას ითხოვდა.

ნაკრებიდან წასული ჩივაძის თანამდებობა დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს ეკავა და საქართველომაც ისტორიაში ყველაზე პრინციპული თამაში უცხოელის ხელმძღვანელობით მოიგო: მალხაზ ასათიანმა თავურით ერთადერთი გოლი გაუტანა გიორგი იარცევის გუნდს და საქართველომაც გაიხარა.

აი, შემოდგომით რა მოხდა, ეს დღემდე გამოცანად რჩება: შუშაკის ორმატჩიანი მოღვაწეობის შემდეგ ეროვნული გუნდი სფფ-ის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჩაიბარა და საკვალიფიკაციოს ბოლო 3 მატჩში მან უხელმძღვანელა ნაკრებს.

შედეგი? შინ ალბანელებთან გამარჯვების შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი ტირანასა და მოსკოვში, ამავდროულად კი სამარცხვინო ცემა-ტყეპა პრეზიდენტ-მწვრთნელსა და ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელს შორის,  რომელიც ალბანეთიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟისას გულშემატკივარმა იხილა…

საბოლოო შედეგი: 7 ქულა და ბოლო, V ადგილი

ევრო 2008
მთელი საქართველო დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ევროშესარჩევის დასაწყისს და საამისო მიზეზები ნამდვილად იყო: ჯერ იყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრები გერმანელ კლაუს ტოპმიოლერს ჩააბარა – ჩვენი გუნდის უცხოელ მწვრთნელთაგან ყველაზე გამოცდილს და სახელიანს; ივნისში, გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნაკრების ფან-კლუბი გაიხსნა – ხალხი გაერთიანდა; აგვისტოში ტოპმიოლერის ბიჭებმა ბრწყინვალედ დაიწყეს საკვალიფიკაციო ტუნრირი – სტუმრად ფარერის კუნძულებზე 6:0 გაიმარჯვეს…

კაცმა რომ თქვას, შემოდგომაზეც ვერ იტყვი აუგს: არც მანამდე და არც მას შემდეგ გუნდს ასეთ სახელიან მეტოქეებთან ზედიზედ არასდროს უთამაშია – ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და 1/4-ფინალისტი უკრაინა, მერე მსოფლიოს მესამეადგილოსანი გერმანია და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, შემდეგ ამხანაგურები ურუგვაისთან და თურქეთთან…

საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ნაკრებმა შესარჩევ მატჩებში ვერ ივარგა და ავსტრია-შვეიცარიაში მოხვედრის შანსი, კიდევ ერთხელ, ნაადრევად დაკარგა.

2007 წლის 24 მარტს, გლაზგოს ჰემპდენ პარკზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შოტლანდიასთან 1:2 წააგო და ტოპისაც დიდხანს აღარ უთმინეს: ფარერებთან თბილისში ძლივს მოგებული მატჩის შემდეგ გერმანელი მწვრთნელის კრიტიკა გახშირდა და მიუხედავად იმისა, რომ სფფ ტოპმიოლერის შენარჩუნებას ცდილობდა, ერთი წლის შემდეგ გერმანელმა საქართველო მაინც დატოვა, კონტრაქტით გათვალისწინებულზე ადრე.

ჩვენმა გუნდმა მართალია ბოლო ადგილს თავი დააღწია – 7 გუნდში მე-6 იყო, მაგრამ ეს პროგრესად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: მაჩანჩალა ფარერის კუნძულების  ნაკრებმა, ვისაც მთელი 10 ქულით ვაჯობეთ, იმ შესარჩევში ყველასთან ყველაფერი დათმო.

საბოლოო შედეგი: 10 ქულა და VI ადგილი

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 28 მარტი-3 აპრილი)

ka_GEGeorgian