საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია!
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო! ჩინეთში დღეს დასრულებული პირველობის უკანასკნელ, IX ტურში ჩვენმა გოგონებმა ზედიზედ მე-8 დაპირისპირება მოიგეს – მასპინძელთა ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს ესოდენ პრესტიჟული ტიტული!
ჩინელებთან შეხვედრაში ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, 19 წლის მერი არაბიძემ კი შენ იანს სძლია და გუნდს მოაგებინა!
ამ ოთხეულის გარდა ჩინეთში ლელა ჯავახიშვილმაც ითამაშა. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გუნდის კაპიტანს და მწვრთნელს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ტრიუმფში: დავით ჯოჯუა და ელიზბარ უბილავა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს ქალთა ნაკრების მე-5 უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში გუნდმა ოლიმპიადა მოიგო!
ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება. საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგად აქამდე 2013 წელს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაკავებული III ადგილი ითვლებოდა. საგულისხმოა, რომ საწყისი 3 ჩემპიონატი სწორედ ჩინელებმა მოიგეს, 2013 წელს გამართული მე-4 მსოფლიო პირველობა კი უკრაინელთა ტრიუმფით დასრულდა.
I ტური: საქართველო 2:2 რუსეთი
II ტური: საქართველო 4:0 ეგვიპტე
III ტური: საქართველო 2,5:1,5 პოლონეთი
IV ტური: საქართველო 3:1 ყაზახეთი
V ტური: საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
VI ტური: საქართველო 3:1 აშშ
VII ტური: საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
VIII ტური: საქართველო 3:1 სომხეთი
IX ტური: საქართველო 2,5:1,5 ჩინეთი
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 28 აპრილი)