საქართველო Vs თურქეთი: 11 ფაქტი

რამდენიმე საათში ჩვენი ეროვნული გუნდი მერვედ ჩაერთვება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. წინა შვიდი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ამ ჯერზე კი რა მოხდება, არავინ იცის. რთული ჯგუფია, მაგრამ შეუძლებელი რომ არაფერია, ეს ვილი სანიოლის გუნდმა უკვე დაამტკიცა. თავად ფრანგი, შესაძლოა, მეორე მწვრთნელი გახდეს, რომელიც საქართველოს თურქეთის დამარცხებაში დაეხმარება. პირველიც უცხოელი გახლდათ, გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი.
ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში რაღაც ახალს გვთავაზობს, დღევანდელ მატჩთან დაკავშირებული 11 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თურქეთთან ეს მატჩი რიგით 65-ეა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში. აქამდე გამართული 64 საკვალიფიკაციო თამაშის საერთო სტატისტიკა ასეთია: 11 გამარჯვება, 17 ფრე, 36 მარცხი, ბურთები – 57:101.

2: ჩვენი ეროვნული ნაკრები მეოთხედ ითამაშებს 4 სექტემბერს. 1999 წელს, ევრო 2000-ის შესარჩევ ტურნირში, საქართველო სლოვენიაში 1:2 დამარცხდა. 2004 წელს, გერმანია 2006-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თურქების და ქართველთა მატჩი 1:1 დასრულდა. 2015 წელს, ევრო 2016-ის შესარჩევში, ქართველებმა თბილისში 1:0 დაამარცხეს შოტლანდია.

3: საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა გზები პირველად 23 წლის წინ, 2002 წლის 21 აგვისტოს გადაიკვეთა. ამხანაგური მატჩი ტრაბზონში, ჰუსეინ ავნი აქერზე შედგა და მასპინძლების 3:0 გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ჩვენი გუნდის ისტორიაში მე-80 მატჩი, თურქებისთვის კი პირველი თამაში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მათ ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

4: საქართველო მეორედ ხვდება თურქეთს სექტემბერში და კვლავ 4 რიცხვში: 21 წლის წინ, როცა მეტოქეები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ, პირველი თამაში ტრაბზონში გაიმართა და 1:1 დასრულდა.

5: საქართველო მეორედ ხვდება თურქეთს შესარჩევ ტურნირში და კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. გერმანია 2006-ის ეგიდით თურქეთში გამართული თამაში 1:1 დასრულდა, თბილისში კი, სამწუხაროდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს – 2:5.

6: თურქეთთან აქამდე გამართულ 6 მატჩში საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა: თითო ბურთი შეაგდეს მალხაზ ასათიანმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, დავით სირაძემ, დავით თარგამაძემ და გიორგი მიქაუტაძემ.

7: ამ 6 მატჩში თითო თურქი და ქართველი ფეხბურთელია გაძევებული, ორივე გერმანია 2006-ის შესარჩევში: ჰასან შაში ტრაბზონში (2004.09.04; მეორე გაფრთხილება) და გოგიტა გოგუა თბილისში (2005.03.30; მეორე გაფრთხილება).

8: თურქეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში სამი ქართველის დებიუტი შედგა: 2002 წელს მამია ჯიქია ვიხილეთ (26 წლის ასაკში), 2007 წელს ალექსი ბენაშვილი (17 წლის), 2012 წელს კი ნიკა ძალამიძე (20 წლის).

9: საქართველო-თურქეთის მატჩებში ყველაზე მეტჯერ ლევან ცქიტიშვილმა ითამაშა: მან 2002-2007 წლებში გამართულ ყველა, ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

10: თურქების წინააღმდეგ გამართულ მატჩებში ჩვენ ნაკრებს 5 მწვრთნელი ჰყავდა. მათგან მხოლოდ ალენ ჟირესმა უხელმძღვანელა გუნდს ორჯერ. ამ მხრივ ვილი სანიოლი დღეს ჟირესს გაუთანაბრდება.

11: დღევანდელი მატჩი ვილი სანიოლისთვის 49-ეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ამით ის გუნდის ისტორიაში ერთპიროვნული ლიდერი გახდება. ფრანგი სპეციალისტი უკვე პირველია მოგებული თამაშების (22) და გატანილი გოლების (81) მხრივ. ის ასევე ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 20-ზე მეტ თამაშში გაიმარჯვა.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 4 სექტემბერი
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian