საქართველო Vs ბელარუსი: მეორე ქუთაისური და პირველი ამხანაგური
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ორი ნაბიჯია და პირველი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ოქტომბერს უნდა გადადგას – ვლადიმირ ვაისის გუნდი ბელარუსს ცარიელ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს.
ჯვაროსნების ისტორიაში ამაზე მნიშვნელოვანი თამაში არ ყოფილა – კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი ხელის გაწვდენაზეა.
დღეს ქართველები მეოთხედ დაუპირისპირდებიან ბელარუსს. აქამდე გამართული 3 მატჩიდან 2 მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გაიმართა, ბოლო კი ამხანაგური იყო.
სტატისტიკა დღეს კი თანაბარია – მოგება, ფრე, წაგება – მაგრამ ის ყველა ვარიანტში გასაუმჯობესებელია. იმედია ასეც მოხდება.
გუშინწინ ბელარუსთან პირველი დაპირისპირება შეგახსენეთ, გუშინ – მეორე, დღეს კი მეტოქეთა მესამე და ამავდროულად, პირველ ამხანაგურ თამაშს შეგახსენებთ.
ბელარუსის ნაკრებთან ბოლო, მესამე პაექრობა 2017 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამ მატჩით დახურა 2017 წლის სეზონი და საერთაშორისო თამაშების რაოდენობით 2007 წლის რეკორდი გაიმეორა – ამ წლებში ჯვაროსნებმა 12ჯერ ითამაშეს, რაც ნაკრების ისტორიაში სხვა დროს არ მომხდარა. ისიც უნდა ვთქვა, რომ 2007 წლისგან განსხვავებით 2017ში გუნდმა ერთით ნაკლები მატჩი მოიგო – 3, სამაგიეროდ ბურთების სხვაობა უკეთესი ჰქონდა – 18:14.
ბელარუსთან ის თამაში კიდევ იმითაა საინტერესო, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორედ ითამაშა ქუთაისში. გეცოდინებათ: ჩვენი მთავარი საფეხბურთო გუნდი თბილისის გარდა ერთზე მეტჯერ არსად არავის დახვედრია.
ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ: პირველი „ქუთაისური“ თამაში, 2001 წლის 9 მაისს, რევაზ ძოძუაშვილის და ცხონებული დავით ყიფიანის გაწვრთნილმა საქართველომ ტორპედოელი ზურაბ იონანიძის ერთადერთი გოლით მოიგო.
ამხელა შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ბელარუსთან მესამე მატჩში არასაფეხბურთო ამბები უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ვიდრე უშუალოდ მწვანე მინდორზე განვითარებული მოვლენები.
ვლადიმირ ვაისის მსგავსად, ბელარუსთა თავკაცმა იგორ კრიუშენკომაც ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა ქუთაისური მატჩი. რამდენიმე დღით ადრე, კავკასიური ტურნეს პირველ შეხვედრაში მისი გუნდი სომხეთთან 1:4 განადგურდა და ამიტომაც გადაახალისა მწვრთნელმა შემადგენლობა.
საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა კი იმ ფეხბურთელებით დაიწყო თამაში, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში საერთოდ არ, ან იშვიათად ენდობოდა. რიცხვები გნებავთ? ინებეთ: ძირითადი თერთმეტეულიდან მხოლოდ გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ჰქონდათ მინიმუმ 15 სანაკრებო კეპი. ბარემ აქვე დავწერ: კანკავასთვის ეს ამხანაგური 70ე სანაკრებო თამაში იყო – შთამბეჭდავი რიცხვია, რაც უნდა იყოს…
პირველად ბელარუსები დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები შეცდნენ და მეტოქემაც გაიხარა, მაგრამ 11 წუთის შემდეგ ტაბლოზე 1:1 ენთო – იმ სეზონის აღმოჩენა ირაკლი სიხარულიძემ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ეს სიხარულიძის პირველი გოლი იყო ნაკრებში ჩატარებულ მე2 შეხვედრაში. მისი დებიუტი 3 დღით ადრე შედგა კვიპროსთან, ამხანაგურში.
ვლადიმირ ვაისმა II ტაიმში მხოლოდ გურამ კაშია შეცვალა – მის ნაცვლად ლაშა დვალი ჩაერთო თამაშში და ტანმაღალმა მცველმაც 5 წუთში თავურით გაიტანა – 2:1. გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა.
სამწუხაროდ, ქართველებმა 2017 წელი გამარჯვებით მაინც ვერ დაასრულეს – ჯვაროსნების დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და პირველი გოლის ავტორის, იგორ სტასევიჩის ზუსტი პასის შემდეგ პაველ ნეხაიჩუკმა თავურით გაიტანა – 2:2.
მას შემდეგ გუნდები დღეს პირველად დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. გამარჯვებული ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს.
რა შუაშია, მაგრამ მაინც გეტყვით: იმავე საღამოს, 2017 წლის 13 ნოემბერს, იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფლეი ოფში შინ შვედეთს ვერ მოუგო, ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა და 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე…
13 ნოემბერი, 2017. ამხანაგური. ქუთაისი, რამაზ შენგელია. 7 800
საქართველო 2:2 ბელარუსი
გოლები: 0:1 იგორ სტასევიჩი (24), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (35), 2:1 ლაშა დვალი (51), 2:2 პაველ ნიხაიჩუკი (66)
საქართველო: როინ კვასხვაძე, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია (ლაშა დვალი 46), გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა (კაპ) (გიორგი მერებაშვილი 62), ირაკლი სიხარულიძე (ვაკო ყაზაიშვილი 80), ვაკო გვილია (ნიკა კაჭარავა 88), ლევან გეგეჭკორი (ოთარ კაკაბაძე 88), გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური (გიორგი ქვილითაია 62), ლაშა შერგელაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
ბელარუსი: სერგეი იგნატოვიჩი (პაველ პავლიუჩენკა 46), მაქსიმ ვალაძკო (სერგეი მატვეიჩუკი 63), სერგეი პალიცევიჩი, ალექსეი გავრილოვიჩი, ალექსეი რიასი, არტიომ ბიკოვი, ნიკიტა კორზუნი, ალექსანდრ კარნიცკი (პაველ ნიხაიჩუკი 56), იგორ სტასევიჩი (კაპ) (ალექსანდრ პავლავეცი 88), იური კარალიოვი (ვლადისლავ კლიმოვიჩი 82), დენის ლაპცევი
მწვრთნელი: იგორ კრივუშენკა
გაფრთხილება: მაქსიმ ვალაძკო, ირაკლი სიხარულიძე, არტიომ ბიკოვი, იგორ სტასევიჩი
მსაჯები: სურენ ბალიანი; ვანიკ სიმონიანი, ერიკ არევშატიანი (სომხეთი)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია