საქართველო Vs გერმანია: გერმანელების მეორე სტუმრობა

20 წლის წინ, 1995 წლის 29 მარტს, ჯვაროსნები პირველად დაუპირისპირდნენ გერმანელებს.
მაშინ ბუნდესნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ეწვია საქართველოს დედაქალაქს, დღეს კი გერმანია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ამ სტატუსით სტუმრობს თბილისს.
ჩვენი ეროვნული გუნდის 25-წლიანი ისტორია 192 საერთაშორისო მატჩს ითვლის. აქედან 3 სწორედ გერმანიასთან შეხვედრებია.
ამჯერად პირველ თამაშს, 1995 წლის 29 მარტის დაპირისპირებას გავიხსენებთ, რომელიც თავის მხრივ, გერმანიის ნაკრებისთვის მეორე თბილისური მატჩი იყო. წლების წინ, 1979 წლის შემოდგომით, იმხანად ჯერ კიდევ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდი თბილისს საბჭოთა კავშირის პირველ გუნდთან ამხანაგურად სათამაშოდ ეწვია.

1995 წლის 29 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონს გერმანიის ნაკრებს უნდა შეხვედროდა, ეს კი იმ წლების საქართველოსთვის არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა.

თამაშს მთელი ქვეყანა ელოდა!

ბუნდესნაკრები თბილისში 27 მარტს, ბოინგ 767-ით ჩამოფრინდა. გუნდს თან ახლდა ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ქართველ 21-წლამდელებთან ასევე ოფიციალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა.

დღეს ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ მაშინ, 1995 წლის მარტში, მომხდარი ჩვეულებრივ ამბად აღიქვეს: ორასამდე გულშემატკივარი და რამდენიმე ათეული ჟურნალისტი სტუმართა თვითმფრინავთან დაუბრკოლებლად მივიდა!

რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა სტუმრებთან გასაუბრებაც მოახერხა.

„საქართველოს ნაკრებზე არაფერი ვიცი. რაც მსმენია, სულ ისაა, რომ ბუნდესლიგაში ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება“, – განაცხადა ანდრეას მიოლერმა.

გუნდის თავკაცი ბერტი ფოგთსი უფრო თავდაჭერილი იყო: „მწვრთნელთა კოლეგიის წევრებმა ნახეს საქართველოს თამაშები ბულგარეთთან, ალბანეთთან და უელსთან. თქვენთან მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და შესაბამისად, გამარჯვებაც ძალიან გვსურს“.

და რა ხდებოდა ამ დროს ჩვენ ეროვნულ ნაკრებში?

22 მარტს, თამაშამდე ერთი კვირით ადრე, მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე საბერძნეთში თემურ ქეცბაიას დაუკავშირდა. ათენის აეკ-ის ლიდერი ქეცბაია სათასო მატჩში დაშავდა, მეორე დღეს კი მისი ასპარეზობა გერმანელებთან საბოლოოდ გამოირიცხა – თემურმა ლავიწის ძვალი გაიტეხა.

23 მარტს, დიღომში, თბილისის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე, ნაკრებმა პირველად ივარჯიშა. ბაზას ავტომატებით შეიარაღებული სამხედროები იცავდნენ.

24 მარტს ეროვნულმა პირველად ჩაატარა ორჯერადი ვარჯიში, ერთი დღის შემდეგ კი ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა:

„ეროვნული რუსთავში, ახალგაზრდული ნაკრების მატჩს არ დაესწრება…
ფსიქოლოგიურ სტრესზე ჩვენმა მეტოქემ იფიქროს – მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონისთვის ხომ საქართველოსთან წაგება კატასტროფის ტოლფასი იქნება…
პრემიებზე არ გვისაუბრია. ღმერთმა ქნას, საქმე საპრემიოდ გვქონდეს“…

პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ერთ-ერთმა დამსწრემ ჩივაძეს თავის წიგნი აჩუქა და უთხრა, წაიკითხეთ და აუცილებლად მოვიგებთო. მწვრთნელი დაინტერესდა და აღმოჩნდა, რომ „მხატვრულ ნაწარმოებში“ უცხოპლანეტელები საქართველოს და ქართველებს ეხმარებოდნენ…

26 მარტს ეროვნული ნაკრები და თბილისის დინამო ერთმანეთს უპირისპირდებიან. მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი გოლით ნაკრები იგებს. იმავე დღეს გუნდს საბერძნეთიდან ჩამოსული ქეცბაიაც ესტუმრა.

28 მარტს საქართველო ნაკრები გუნდის სტატუსით ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა გერმანიას: რუსთავში ევროპის 1996 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის VII შესარჩევი ჯგუფის შეხვედრა შედგა. ალექსანდრ ციკლერის დუბლით სტუმრებმა 2:0 მოიგეს. ორგანიზატორებმა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელეს: მასპინძელთაგან გიორგი კიკნაძე, სტუმართაგან – ციკლერი.

მეორე დღეს, გადაჭედილი ეროვნული სტადიონის ტაბლოზე იგივე ანგარიში ენთო: გერმანელებმა 2:0 მოიგეს და გოლები ისევ ერთმა ფეხბურთელმა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იურგენ კლინსმანმა გაიტანა. აკაკი დევაძეს, კახი ცხადაძეს და მურთაზ შელიას რომ არ ემარჯვათ, სტუმრები დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ.

ბერტი ფოგთსი: „ვფიქრობ, ძლიერ მეტოქესთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმით ვარ კმაყოფილი“.

ალექსანდრე ჩივაძე: „ჩემი გუნდიდან დევაძეს გამოვყოფდი – მან დღეს მართლაც ჩინებულად ითამაშა“!

31 მარტს პოპულარულმა გერმანულმა საფეხბურთო ჟურნალმა კიკერმა თბილისური მატჩისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: „კლინსმანი გემს სწორი გზით მიაცურებს“, მატჩის მონაწილენი კი ასე შეაფასა (შეგახსენებთ, რომ გამოცემა დაბალ ქულას საუკეთესოს  უწერს):

საქართველო: აკაკი დევაძე – 2.5, კახი ცხადაძე – 3, ზაზა რევიშვილი – 4, მურთაზ შელია – 4, გიორგი ჩიხრაძე – 4, რევაზ არველაძე – 4, კახი გოგიჩაიშვილი – 2, გიორგი ქინქლაძე – 2, დიმიტრი კუდინოვი – 3.5, გოჩა ჯამარაული – 3.5, შოთა არველაძე – 3. შეცვლაზე შესული მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა გოგრიჭიანი არ შეუფასებიათ.

გერმანია: ანდრეას კეპკე – 2, თომას ჰელმერი – 3, იურგენ კოლერი – 3, მარკუს ბაბელი – 3, შტეფან როიტერი – 2.5, მარიო ბასლერი – 2.5, დიტერ აილტსი – 2, ანდრეას მიოლერი – 5, მარკუს ვებერი – 4, იურგენ კლინსმანი – 1.5, ჰაიკო ჰერლიხი – 3.5, შტეფან ფროინდი – 3.

გერმანული გამოცემის ჟურნალისტმა რამდენიმე საინტერესო ფაქტიც გააცნო მკითხველს:

„თბილისის სასტუმროდან გერმანიაში ერთი წუთი სატელეფონო საუბარი 23 მარკა ღირდა…

ფოგთსის გუნდმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით საქართველოში 25 შეკვრა შპრიცები, ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები ჩაიტანა. ჰუმანიტარული დახმარება თბილისის საავადმყოფოებში გერმანელმა ცისფერჩაფხუტიანებმა გაანაწილეს…

ჩვენ პირველ ვარჯიშს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 4 ათასი ქართველი დაესწრო“.

„ასე გულთბილად დიდი ხანია არსად დაგვხვედრიან. თუკი გერმანიაში თამაშს აგვიკრძალავენ, საქართველოში ვისურვებდი მატჩის გამართვას“, – განაცხადა ბაიერნის მცველმა თომას ჰელმერმა – „კარგა ხნის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ სახელმწიფო ჰიმნს არ დაუსტვინეს. პირიქით, ტაშიც კი დაუკრეს. საერთოდ, ასე გადაჭედილი სტადიონი არსად გვინახავს, ოღონდ თავიანთ გუნდს, ასი ათასი კაცის კვალობაზე, ერთობ უცნაურად ქომაგობდნენ – დუმილით“.

29 მარტი, 1995. ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 110 000
საქართველო 0:2 გერმანია
გოლები: 0:1 იურგენ კლინსმანი (24), 0:2 იურგენ კლინსმანი (45)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული (გოჩა გოგრიჭიანი 64), რევაზ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 77), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გერმანია: ანდრეას კეპკე, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, შტეფან როიტერი, დიტერ აილტსი, რალფ ვებერი (შტეფან ფროინდი 46), მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ჰაიკო ჰერლიხი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
გაფრთხილება: შტეფან როიტერი, რალფ ვებერი, მარკუს ბაბელი, შტეფან ფროინდი, იურგენ კოლერი
მსაჯები: მარტინ ჯონ ბოდენჰემი; ს.ბენეტი, რ.პერსონი (ინგლისი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 27 მარტი)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian