საქართველო Vs კოსოვო: 5 ამბავი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზეგ მეოთხედ ითამაშებს – მეტოქე კოსოვოს ნაკრებია.
2 სექტემბერი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული თარიღია – 29 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საქართველოს მთავარმა გუნდმა პირველად ითამაშა ფიფა/უეფას ეგიდით. სამწუხაროდ, ის ამხანაგური მატჩი ლიეტუვაში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა…
1990 წლიდან ჯვაროსნების ისტორია უკვე 254 მატჩს ითვლის, მაგრამ ჩვენი გუნდი კოსოვოს პირველად ხვდება.
არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ საქართველო 24 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ბათუმში და ისევე როგორც მაშინ, ახლაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისს ეგიდით.
ძველი თაობის ქომაგებს ის პირველი ბათუმური მატჩი კარგად ემახსოვრებათ – 1997 წლის 7 ივნისს, საფრანგეთი 98ის საკვალიფიკაციო ჯგუფში, დავით ყიფიანის მომზადებულმა გუნდმა მოლდოვა შოთა არველაძის და გიორგი ქინქლაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.
და როგორც ამბობენ, სწორედ იმ თამაშის შემდეგ გადაწყდა შოთას ტრანსფერი აიაქსში – ამსტერდამული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა იმ დღეს პირადად იხილა სასურველი თავდამსხმელი და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო…
კოსოვოსთან დაპირისპირების 5 ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ასეთია:
1: საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კოსოვოსთან მატჩი ისტორიაში 255ეა, მეტოქე კი 54ედ ითამაშებს.
2: კოსოვო ჩვენი ეროვნული ნაკრების 68ე მეტოქეა, ხოლო თუ მხოლოდ ევროპულ გუნდებს გავითვალისწინებთ, 50ე.
უეფას წევრი 54 ქვეყნიდან საქართველოს არ უთამაშია მხოლოდ ბელგიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, სან მარინოსთან და ჩეხეთთან.
თავის მხრივ, კოსოვოსთვის საქართველო 34ე მეტოქეა, ხოლო ევროპიდან – 25ე.
3: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯვაროსნები მე60 შეხვედრას ჩაატარებენ. აქამდე გამართული 59 თამაშიდან ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 9 მოიგო, 17ჯერ ფრედ ითამაშა, 33 კი წააგო.
4: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა:
მე10 შეხვედრას მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში…
და 70ედ დაამარცხებს ევროპელ მეტოქეს (69 გამარჯვება, 50 ფრე და 115 წაგება ევროპელებთან აქამდე გამართულ 234 თამაშში).
5: 2 სექტემბერს ჯვაროსნები ისტორიაში მეხუთედ ითამაშებენ:
1992 – ლიეტუვა 0:1 (ამხანაგური; კაუნასში)
2006 – საფრანგეთთან 0:3 (ევრო 2008ის შესარჩევი; თბილისში)
2011 – ლატვიასთან 0:1 (ევრო 2012ის შესარჩევი; თბილისში)
2017 – ირლანდიასთან 1:1 (მსოფლიო 2018ის შესარჩევი; თბილისში)
რაც შეეხება მეტოქეს, კოსოვომ ამ დღეს ერთადერთხელ ითამაშა, 2017 წელს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში – ზაგრებში, მაქსიმირზე, ხორვატებთან 0:1 დამარცხდა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 31 აგვისტო)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია