საქართველო Vs ნორვეგია: რამდენიმე საათით ადრე

სკუდეტო ჩვენია, ამაში დარწმუნებული ვარ! ნაპოლის ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია და ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ახლა ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაა. ვფიქრობ, ნაპოლის ნამდვილად შეუძლია გამარჯვება, თუმცა ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, – მითხრა ემანუელე ბერნარდომ, CalcioNapoli24-ის ჟურნალისტმა, რომელსაც შუადღით ბათუმის ბულვარში, ალი და ნინოსთან შევხვდი.

ემანუელე მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ესტუმრა ბათუმს. მათი მიზნის შესახებ უკვე ვთქვი – ხვიჩა კვარაცხელიაზე ფილმს ამზადებენ და ამიტომ დაესწრებიან საქართველო-ნორვეგიის დღევანდელ ევროშესარჩევ მატჩს. იტალიელი ჟურნალისტი გუშინ ვილი სანიოლის და გურამ კაშიას პრესკონფერენციაზეც ვნახე, დღეს კი ბათუმის ბულვარსა და ერას მოედანზე თავისი ფილმის რამდენიმე ეპიზოდი ჩაწერა.

ბათუმში დილიდან დიდებული ამინდია და ბულვარშიც უცბად გამოეფინა დამსვენებელი. მათ შორის იტალიელებს ნამდვილად ვერ შევამჩნევდი ხვიჩა კვარაცხელიას ორიგინალური ფორმა რომ არა – ემანუელეს ორი მეგობრის მაისურის ერთი მხარე ნაპოლისაა, მეორე საქართველოს ნაკრების. როცა მათ თვალი მოვკარი, ჯერ ფოტოს გადაღება ვთხოვე და შემდეგ გავესაუბრე.

კვარაცხელიას თაობაზე მათი აზრი ერთ სიტყვაში გადმოიცემა – ის ბრწყინვალეა!

რაც სეზონი დაიწყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნეაპოლურ საოცრებებზე არაერთხელ დავწერე, რადგან ნამეტანი მახარებს მისი ფეხბურთი. თუმცა ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ ხვიჩას თამაშის შეფასების დროს დაუკრეფავში არ გადავიდე, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, როცა კალჩოს სპეციალისტები, მიმომხილველები და ახლა უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებიც მას სეზონის აღმოჩენას უწოდებენ და მხოლოდ აქებენ? ამიტომაც არ მეჩვენა ემანუელე ბერნარდოს შეფასება გადაჭარბებულად: კვარა დღეს სერია ა-ს პრინცია და ის მართლა ბრწყინვალეა.

მაგრამ ერთია ნეაპოლური ჯადოსნობები და მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრები. იტალიაში დიდებული თამაშის შემდეგ ხვიჩა სამართლიანად ითვლება ჩვენი გუნდის ნომერ პირველ ვარსკვლავად, მაგრამ დღეს მინდა, რომ მხოლოდ მან კი არა, ეროვნული ნაკრების ყველა წევრმა ერთნაირად გამახაროს.

ეს ორი დღეა ნაკრების მატჩზე ვფიქრობ, სხვადასხვა კუთხით ვადარებ გუნდებს. მეტოქის მთავარი პლუსი, ჩემი აზრით, თითქმის იდეალური ფიზიკური ფორმაა. ამაში რამდენიმე საათის წინ შერატონშიც დავრწმუნდი, სადაც ბულვარში გასეირნების შემდეგ შევიარე. სკანდინავიელები იქ ცხოვრობენ და აღნაგობით თუ დაკუნთული სხეულით ნამდვილად უკეთესად გამოიყურებიან, მაგრამ ფეხბურთში წარმატების მისაღწევად მხოლოდ დაკუნთული სხეული არ კმარა. ასე რომ იყოს, ფიფას ოქროს თასი დიდი ხნის წინ დაიდებდა ბინას ოსლოში, სტოკჰოლში ან კოპენჰაგენში.

ფეხბურთში უპირატესი ტექნიკა და ფანტაზია მგონია, ამ კუთხით კი ჩვენებს კარგად განსწავლულ მეტოქეზე წინ დავაყენებ. ამ საღამოს ჩვენი ბიჭებისგან ჯადოქრობებს ველი და მგონი, ვნახავ კიდეც.

გული კარგს მიგრძნობს.

ლაშა გოდუაძე
ბათუმი; 2023 წლის 28 მარტი

ka_GEGeorgian