საქართველო Vs საბერძნეთი: 7 ფაქტი
ხვალ, 9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საგაისო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსედ ითამაშებს, მეორედ ბათუმში.
მეტოქე საბერძნეთია, ჩვენი ჯგუფის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, რომელიც 4 მატჩში 6 ქულით (მოგება და 3 ფრე) მესამე ადგილზეა.
ერთი შეხედვით ვილი სანიოლმა საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი. სხვა საქმეა რამდენად შეძლებს ფრანგი სპეციალისტი სასურველი შედეგის მიღწევას. კატასტროფული სექტემბრის შემდეგ მწვრთნელისგან და მისი ბიჭებისგან ყველა სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორებას ითხოვს.
საბერძნეთი იმ გუნდებს შორისაა, რომელთაც უხერხული მეტოქე ეთქმით. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოყვანილ საინტერესო ფაქტებში გაეცნობით. მე კი მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა ნავსი გატეხოს და ისევე როგორც რუმინეთთან ზაფხულში, საბერძნეთთანაც იზეიმოს ისტორიაში პირველი გამარჯვება. რთული იქნება, მაგრამ დღეს ფეხბურთში იოლად არაფერი მოდის.
კარსმომდგარი მატჩის წინ 7 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:
1: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეშვიდედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.
საუკეთესო შედეგი III ადგილია – კორეა-იაპონია 2002ის საკვალიფიკაციოში.
საფრანგეთი 1998ის, გერმანია 2006ის, ბრაზილია 2014ის და რუსეთი 2018ის ჯგუფები ჩვენმა გუნდმა ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა, სამხრეთი აფრიკა 2010ის შესარჩევში კი უკანასკნელ, VI ადგილზე გავიდა.
2: 61 მატჩი, 9 მოგება, 17 ფრე და 35 წაგება, ბურთები 53:98 – ასეთია ეროვნული გუნდის სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევში.
3: ზედიზედ 22 მატჩია ჩვენ ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაში არ მოუგია.
ბოლო გამარჯვება გუნდმა ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციოს სტარტზე, 2012 წლის 7 სექტემბერს იზეიმა თბილისში – 1:0 ბელარუსთან (თორნიკე ოქრიაშვილი). იმ ჯგუფის მომდევნო 7 მატჩიდან გუნდმა 5 წააგო და მხოლოდ 2ჯერ ითამაშა ფრედ, რუსეთი 2018ის 10 შესარჩევი შეხვედრიდან კი 5 წააგო და 5 ფრედ დაასრულა.
4: 2 ფრე და 6 წაგება – ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთო სტატისტიკა საბერძნეთის წინააღმდეგ.
ამ 8 თამაშიდან ერთი, პირველი პაექრობა, ამხანაგურია – 1996 წლის 8 მაისს ბერძნებმა იანინაში 2:1 გაიმარჯვეს.
მომდევნო 7 მატჩი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ეგიდით გაიმართა. საქართველო საბერძნეთს ევრო 2000ის და ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ტურნირებში, ასევე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში დაუპირისპირდა.
საინტერესოა, რომ ჯვაროსნებმა ორივე ფრე მეტოქის მოედანზე ითამაშეს. 2010 წლის 3 სექტემბერს, პირეოსში და წელს, 31 მარტს, თესალონიკში. თამაშები 1:1 დასრულდა.
5: საბერძნეთი ერთ-ერთია იმ 6 გუნდიდან, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმუმ 5ჯერ გაეჯიბრა და ჯერ ერთხელაც ვერ აჯობა:
დანია (5) – 2 ფრე, 3 წაგება
გერმანია (5) – 5 წაგება
იტალია (8) – 1 ფრე, 7 წაგება
უკრაინა (9) – 3 ფრე, 6 წაგება
ირლანდია (11) – 2 ფრე, 9 წაგება
6: ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე ცოტა ბურთი – 3 – ბრაზილია 2014ის 8 შესარჩევ მატჩში გაიტანა.
კატარი 2022ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი ასევე 8ჯერ ითამაშებს, დღეისათვის კი 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი – ესპანეთთან თბილისში და საბერძნეთთან თესალონიკში ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა თავი.
7: საქართველოს ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ლევან კობიაშვილმა ითამაშა ნაკრებში ასჯერ.
საინტერესოა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა საიუბილეო და იმავდროულად უკანასკნელი, მე100 მატჩი სწორედ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარა – ათი წლის წინ, 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისში (1:2).
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია