საქართველო Vs უელსი: 15 ფაქტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს ბოლოსწინა შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელიც ჯგუფში II ადგილზეა და რუსეთის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
დღევანდელი შეხვედრა მეხუთეა ამ გუნდების დაპირისპირებაში. წინა 4 მატჩიდან საქართველომ 3 მოიგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ 15 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

…ფიფას მსოფლიო რეიტინგში საქართველო 103-ე ადგილზეა, უელსი კი მე-13.

…მეტოქეების ბოლო მატჩი თითქმის ერთი წლის წინ, 2016 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა კარდიფში, სიტი სთედიუმზე. თამაში 1:1 დასრულდა: გარეთ ბეილის მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლი 57-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა. ტრავმების გამო დღეს ვერც ბეილი ითამაშებს და ვერც ოქრიაშვილი.

…რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციოში უელსელთაგან ყველაზე მეტი გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა – 4, ჯვაროსნებიდან კი ვაყო ყაზაიშვილმა – 3.

…რუსეთი 2018-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ჯერ თამაში არ მოუგია, უელსი კი, თავის მხრივ, დაუმარცხებელია. საქართველოს შედეგი ასეთია: 5 ფრე და 3 მარცხი, უელსმა კი ასევე 5-ჯერ ითამაშა ფრედ, 3 თამაში კი მოიგო.

…რუსეთი 2018-ის შესარჩევში საქართველომ აქამდე ჩატარებული 4 საშინაო მატჩიდან 2-ჯერ ითამაშა ფრედ და 2-ჯერ დამარცხდა, უელსმა კი 4 საგარეო თამაშიდან 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

…საქართველოს არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსმა კი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 59 წლის წინ, 1958 წელს შვედეთში. მაშინ „დრაკონები“ 1/4-ფინალში გავიდნენ.

…საქართველომ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში 2-ჯერ მოუგო უელსს: ევრო 96-ის საკვალიფიკაციოში 5:0 თბილისში და 1:0 კარდიფში. ამ გუნდებს შორის გამართული ერთადერთი ამხანაგური მატჩიც ჯვაროსნების გამარჯვებით დასრულდა – არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა საქართველომ 2008 წლის 20 აგვისტოს კარდიფში 2:1 სძლია მეტოქეს.

…საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩია დაუმარცხებელია: 2 გამარჯვება და 3 ფრე. რეკორდი ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩია. ეს მიღწევა გუნდმა 2010-11 წლებში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დააფიქსირა – 5 მოგება და 5 ფრე.

…უელსის ნაკრებს ევრო 2016-ის ნახევარფინალში პორტუგალიასთან 0:2 მარცხის შემდეგ თამაში არ წაუგია. კრის კოულმენის გუნდმა მას შემდეგ მხოლოდ რუსეთი 2018-ის შესარჩევში ითამაშა: 3 მოგება, 5 ფრე.

…სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველომ 16-ჯერ ითამაშა (ამხანაგური მატჩების ჩათვლით), რომელთაგან 3 მოიგო, 7-ჯერ ფრედ ითამაშა, 6 კი წააგო.

…ზედიზედ 15 მატჩია საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში არ მოუგია. ჯვაროსნებმა ბოლო გამარჯვება 2012 წლის 7 სექტემბერს, ბრაზილია 2014-ის შესარჩევში იზეიმეს – თბილისში ბელარუსს 1:0 სძლიეს.

…თუ საქართველოს ნაკრებმა დღეს გაიტანა, ეს იქნება გუნდის 50-ე გოლი მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

…თუ საქართველოს ნაკრებმა დღეს გაიმარჯვა, ეს მე-10 მოგება იქნება მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

…იმ შემთხვევაში თუ დღეს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ითამაშა, გუნდის ისტორიაში ყველაზე გამოცდილ მოთამაშეთა შორის მე-5 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდება. კანკავას ნაკრების მაისური სადღეისოდ 66-ჯერ მოურგია, იაშვილმა კი 67-ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ საფეხბურთო გუნდში.

…იმ შემთხვევაში თუ დღეს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ითამაშა, ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელთა ათეულში შევა. კაშიას აქტივში 57 სანაკრებო მატჩია. მე-10 ადგილზე მყოფ ლევან ცქიტიშვილს 58-ჯერ უთამაშია ნაკრებში.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 6 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian