საქართველომ იოლად მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 3:0.
ვლადიმირ ვაისის გუნდს 11 ივნისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის მასპინძელთა გუნდთან. სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან საწვრთნელი თამაში ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად დაიგეგმა.
ცნობისათვის: საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდი პირველად გაეჯიბრა კონკაკაფის ზონის წარმომადგენელს.
ეროვნულმა ნაკრებმა ყველა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის 45 წუთში ქართველი ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმართა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ კი ვლადიმირ ვაისის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ეს განსაკუთრებით გიორგი არაბიძის გამოჩენაზე ითქმის – დონეცკის შახტარის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის შეტევას მეტი სიმძაფრე და სილამაზე შემატა, რაც გოლებშიც აისახა.
გიორგი არაბიძემ ორივე გოლი სტანდარტულიდან გაიტანა. ორივე შემთხვევაში სტუმრებმა მის წინააღმდეგ თამაშისას დაარღვიეს წესი: 51-ე წუთზე გიორგიმ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, 73-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან არ დაუტოვა შანსი მეკარეს. მე-3 გოლი ასევე შეცვლაზე შესულმა ლადო დვალიშვილმა შეაგდო – მეკარის საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ერთი შეხებით დალაშქრა კარი.
„ნაკრებმა ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელიც გვინდოდა რომ გვენახა. ამის მიზეზი რამდენიმე ფეხბურთელის არასასურველი ფორმაცაა…
გიორგი არაბიძე მშვენიერი მოთამაშეა, ასეთი დონის შეხვედრებში მისი მსგავსი ფეხბურთელები დიდ როლს თამაშობენ, თუმცა მიმაჩნია, რომ მისთვის 90 წუთის თამაში მაინც ადრეა…
მიმაჩნია, რომ გოლი უფრო ადრე რომ გაგვეტანა, სხვანაირი თამაში იქნებოდა…
გიორგი მერებაშვილი? მას შემდეგ, რაც ეროვნულ გუნდს ვწვრთნი, ის პირველად ვათამაშე და ვფიქრობ, არაერთი ქართველი ფეხბურთელის დარად, მასაც უჭირს ბურთთან განშორება…
მოლდოვასთან მატჩზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შემიძლია დაგპირდეთ, რომ გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს და საამისოდ ძალას არ დაიშურებს“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვაში 10 ივნისს, შაბათს გაემგზავრება.
7 ივნისი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხი. 4 000
საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი
გოლები: 1:0 გიორგი არაბიძე (51), 2:0 გიორგი არაბიძე (73, პენ), 3:0 ლადო დვალიშვილი (80)
საქართველო: გიორგი მაკარიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა შერგელაშვილი 77), გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე (საბა კვირკველია 73), ჯიმი ტაბიძე, ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი (ბუბა დაუშვილი 46), ვაკო ყაზაიშვილი (ლადო დვალიშვილი 67), ბაჩანა არაბული (გიორგი არაბიძე 46), ნიკა კაჭარავა (ელგუჯა ლობჟანიძე 67)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
სენტ კიტსი და ნევისი: ჯამალ ჯეფერსი, ჯეისონ სენტ ჯასტი (მაიკლ ნოტინგემი 88), თეო უარტონი, ლუი მეინარდი, კიმარეე როჯერსი (გვონ ამორი 56), ჰარი პანაიოტუ (ჯეიკობ ჰეზელი 89), თრიზენ ლიდერი (კაპ), რაჰიმ სომერსელი (ომარი სტერლინგ-ჯეიმსი 75), ჯასტინ სპრინგერი, ზეფანია თომასი (ჯერარდ უილიამსი 65), რომეინ სეიერსი
მწვრთნელი: ჟაკ პასი
გაფრთხილება: კიმარეე როჯერსი, რომეინ სეიერსი, ჯერარდ უილიამსი, ჯიმი ტაბიძე
მსაჯები: ზავენ ოვანისიანი; ერიკ არევშატიანი, ვანიკ სიმონიანი (სომხეთი)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 7 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია