საქართველოს თასი დინამოსია

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა თბილისის დინამომ გუშინ მეთორმეტედ მოიგო ქვეყნის თასი! დავით ყიფიანის სახელობის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოელებმა მიხეილ მესხის სტადიონზე სამტრედია 5:0 გაანადგურეს!

მე-15 წუთი: გიორგი ჯანელიძემ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მოხდენილად გასცდა მეტოქეს და საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი გიორგი პაპუნაშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.

50-ე წუთი: დინამოელთა ესპანელმა ფორვარდმა მანუელმა იყოჩაღა და სწრაფად გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0.

53-ე წუთი: კიდევ ერთხელ გაიბრწყინა გიორგი პაპუნაშვილმა – მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადაიწია, სამტრედიელთა საჯარიმოსთან მისულმა კი უძლიერესად დაარტყა. რევაზ თევდორაძე კი გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა, 3:0.

68-ე წუთი: კვლავ პაპუნაშვილი დაიძრა ცენტრიდან, ბრძოლით, თუმცა იოლად გასცდა 3 მეტოქეს და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბურთი მანუელს ფეხზე დაასვა. ესპანელის დარტყმა ძლიერი და ზუსტი იყო – 4:0.

87-ე წუთი: დავით ვოლკოვმა გიორგი გეგუჩაძეს ნდობა დაუფასა და შეცვლაზე შესვლიდან 2 წუთში გოლი გაიტანა.

დინამომ ზედიზედ მესამედ აღმართა ეს ჯილდო. ეს მეორე ყველაზე წარმატებული სერიაა ტურნირის ისტორიაში. რეკორდსმენი დინამოა – 1992-97 წლებში თბილისელებმა ზედიზედ 6-ჯერ გაიმარჯვეს ფინალში1

5:0 – ფინალი პირველად დასრულდა ასეთი ანგარიშით. ასევე პირველად შეძლო ერთმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში 5 ბურთის გატანა. უნდა ითქვას ისიც, რომ აქამდე გამართული 24 ფინალში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა 3-ბურთიანი სხვაობა: 2012 წელს გორის დილამ ზესტაფონს 4:1 სძლია.

„ჩემთვის თასის მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ისეთი კაცის სახელს ატარებს, რომელსაც მეც და მთელი საქართველო უდიდეს პატივს სცემს. დღევანდელი ფინალისთვის გუნდი ჩვენ მოვამზადეთ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც დინამო ფინალამდე მოიყვანეს, მადლობას ვუხდი და ვაფასებ მათ შრომას“, – განაცხადა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის წინ შეცვალა კახი გოგიჩაიშვილი.

ამ გამარჯვების წყალობით 2015-16 წლების ევროსეზონის მონაწილე კიდევ ერთი ქართული კლუბი გამოვლინდა – ცხინვალი. კახი კაჭარავას გუნდი, თასის მფლობელი თბილისის დინამოს და ბათუმის დინამოს მსგავსად, ევროპალიგაზე ითამაშებს.

26 მაისი, 2015. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2014-15 წლების გათამაშების ფინალი. თბილისი, მიხეილ მესხი. 2 000
დინამო (თბილისი) 5:0 სამტრედია
გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი (14), 2:0 მანუელ ონვუ ვილაფრანკა (50), 3:0 გიორგი პაპუნაშვილი (53), 4:0 მანუელ ონვუ ვილაფრანკა (68), 5:0 დავით ვოლკოვი (87)
დინამო: ლიბორ ჰრდლიჩკა, ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი, რენე ფერეირა, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჯანელიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (დავით ვოლკოვი 85), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი 75), მანუელ ონვუ ვილაფრანკა (საბა ლობჟანიძე 69)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სამტრედია: რევაზ თევდორაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, თორნიკე გრიგალაშვილი (გიგა ბეჭვაია 46), გიორგი დათუნაიშვილი (თორნიკე გორგიაშვილი 58), გრიგოლ დოლიძე, ლევან შარიქაძე, რევაზ გეწაძე (თორნიკე კაპანაძე 66), ალექსანდრე იაშვილი, გიორგი გაბედავა
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: ოთარ კაკაბაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ლაშა თოთაძე, თორნიკე შალიკაშვილი, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, დავით ვოლკოვი
მსაჯები: მარკო ფრიცი; კრისტიან დიცი, დომინიკ შაალი (ყველა გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 27 მაისი)

ka_GEGeorgian