სარბიელის რჩეული: მამარდაშვილი
დღეს სარბიელმა 2021-22 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა. გამოკითხვაში, რომელშიც 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, ვალენსიის 21 წლის გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა გაიმარჯვა.
მისი აღიარება ლოგიკურია, რადგან 2021 წლის ივნისში ის ვალენსიის მესამე შემადგენლობის მეკარე იყო, წლევანდელ საზაფხულო არდადეგებს კი პირველი გუნდის ძირითადის წევრად შეხვდა.
გიორგიმ ორი წლის წინ მიიქცია ესპანური კლუბების ყურადღება, როცა თბილისის ლოკომოტივის მაისურით საიმედოდ ითამაშა ევროპალიგის სამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა იმ ლოკომოტივმა ზედიზედ დაამარცხა უნივერსიტატეა (რუმინეთი) და მოსკოვის დინამო, შემდეგ კი ესპანეთში, გრანადასთან 0:2 წააგო. სწორედ ამ სამ ევრომატჩს მოჰყვა იჯარა ვალენსიაში – ესპანელებმა გიორგი 2021 წლის 7 ივნისს ერთი სეზონით ინათხოვრეს და… მესამე გუნდში გააფორმეს.
აი შემდეგ რაც მოხდა, ყველაფერი ზღაპარს ჰგავს. მოსამზადებელ ეტაპზე ქართველმა ახალწვეულმა ჩინებულად ითამაშა და სანამ ძირითადი მეკარე, ერთი წლით ადრე 35 მილიონ ევროდ შეძენილი ნიდერლანდელი იესპერ სილესენი ფორმაში შესვლას ცდილობდა, ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა პირველ გუნდში გიორგი დააწინაურა. მამარდაშვილმაც მშვენივრად გამოიყენა შანსი: 13 აგვისტოს, ხეტაფესთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ისე ითამაშა, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა!
31 დეკემბერს ვალენსიამ საბოლოოდ გამოისყიდა ქართველი და 2024 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. 2021-22 წლების სეზონის ბოლოს გიორგის სტატისტიკური მონაცემები ასეთი იყო: 21 ოფიციალური შეხვედრა, მათ შორის 18 ლა ლიგაში, აქედან 10 გოლის გაუშვებლად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სამი ჯილდო და კიდევ ერთი გამოჩენა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, 35-ე ტურში!
მამარდაშვილმა მიმდინარე პრიმერადივიზიონიც ძირითადში დაიწყო, ლა ლიგის ექვსივე ტურში ითამაშა და ახლახანს 2027 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება. რაც შეეხება სილესენს, ის ნიდერლანდებში, ნაიმეგენში დაბრუნდა…
სარბიელის გამოკითხვაში გიორგი მამარდაშვილი 38-მა ჟურნალისტმა დაასახელა პირველ ნომრად (მათ შორის მეც), მეორე ადგილი 22-მა მიაკუთვნა, მესამეზე კი ხუთმა აირჩია. გიორგის 163 ქულა დაუგროვდა და ზუსტად 10 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ხვიჩა კვარაცხელიას (I-30, II-28, III-7), ვინც გასული სეზონი რუსეთში, ყაზანის რუბინში დაიწყო და ბათუმის დინამოში დაასრულა. მესამე ადგილი წილად ხვდა თურქეთის სუპერლიგის კლუბ ჰატაისპორის შემტევ ნახევარმცველს საბა ლობჟანიძეს (I-1, II-13, III-23; 52 ქულა).
სასტუმრო სტამბაში გამართულ ცერემონიალზე სარბიელის რედაქციამ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტიც დაასახელა – გიორგი წიტაიშვილი. სპეციალური ჯილდო (ხვედელიძის ფიგურა ცნობილი ფილმიდან ფეოლა) გიორგის მამას, ვეტერან ფეხბურთელს, კლიმენტი წიტაიშვილს გადაეცა.
დღესვე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გურამ თიკანაძის სახელობის პრემიით დააფასა ბადრი კეთილაძის ღვაწლი ქართული სპორტული ფოტოჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. ბადრი 22 იანვარს, 63 წლისა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა სპეციალური დიპლომი მის მეუღლეს და ქალიშვილს გადასცა.
P.S. სარბიელი 1992-93 წლების სეზონიდან ავლენს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეს (2008-2017 წლებში რეფერენდუმი არ ჩატარდა), მამარდაშვილი კი მხოლოდ მეორე მეკარეა, რომელმაც ეს პრესტიჟული გამოკითხვა მოიგო. 1994-95 წლებში სპორტული მედიის რჩეული აკაკი დევაძე გახდა.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 სექტემბერი)