საუკუნის პირველი გაზაფხული: დინამო დინამოს წინააღმდეგ

90-იანი წლების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისში გულშემატკივრები წარმატებულ სპორტსმენებსა და გამარჯვებებზე კი არა, სულ სხვა, მწვანე მინდორს მიღმა განვითარებულ ამბებზე კამათობდნენ: გარიგებულ მატჩებსა და დისკვალიფიკაციებზე, ფინანსურ კრიზისზე და ურთიერთდაპირისპირებებზე… სკანდალით დასრულებულ ერთ საქმეს მეორე ცვლიდა, ფეხბურთის ფედერაცია ვალების გასტუმრებას ვერ აუდიოდა, დინამო-მრეტების საქმე ერთი ინსტანციიდან მეორეში გადადიოდა…

ისრაელის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ამხანაგური თამაშის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის დინამო უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა – კლუბის ხელმძღვანელობას ერთ დროს ერთი გუნდის ორი ფრთა იჩემებდა, კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, იმხანად ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი კი ამტკიცებდა, რომ კლუბი ჯერ კიდევ მის დროს აღმოჩნდა კანონგარეშე და ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელი იყო.

მარტის მიწურულს, სანამ ეროვნული გუნდი ისრაელში გაემგზავრებოდა, დინამოელი მიხეილ აშვეთიას მამა თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, ელენე თევდორაძესთან შეხვედრა სცადა. ალეკო აშვეთიამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ მისი ვაჟის, მიხეილის დინამოდან ვლადიკავკაზის ალანიაში ტრანსფერი უცნაურად გაჭიანურდა.

რუსულმა კლუბმა თბილისიდან დინამოს დირექტორატის წევრის რომან შოთაძის ხელმოწერილი დოკუმენტიც მიიღო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს ალანიაში ტრანსფერს უკრძალავდა.

ალეკო აშვეთია, ბუნებრივია, შვილის კარიერაზე ზრუნავდა და რადგან სიტუაციაში ვერ გაერკვა, ამიტომაც სცადა ელენე თევდორაძესთან შეხვედრა. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რის შემდეგაც ის დიღომში, დინამოს ბაზაზე მივიდა. კლუბის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ მან, დინამოს პრეზიდენტმა მერაბ რატიანმა და გენერალურმა მდივანმა ვაჟა ჟვანიამ პრესკონფერენცია გამართეს (გაზეთი სარბიელი; 2000 წლის 24 მარტი):

„ბავშვმა დამირეკა, სფფ არ იძლევა ტრანსფერზე ნებართვასო! მივედი ფედერაციაში და ჟორდანიამ არ მიმიღო, მასთან შეხვედრაზე დაცვამ უარი მითხრა. სამოცი წლის კაცი ვარ, ძალით ხომ არ შევიდოდი? ბოლოს მაინც მოვკარი თვალი და მივაძახე, შვილს რატომ მიჩაგრავთ-მეთქი! ხელით მანიშნა არ მივცემ უფლებასო. ვალერი ჩოლარიასთან შევედი. შოთაძის ხელმოწერიანი ფურცელი მაჩვენა. დინამომ აშვეთია დისკვალიფიკაციით დასაჯა და ჩვენც ამის გამო ვართ უარზეო“, – განაცხადა შეშფოთებულმა ალეკო აშვეთიამ.

„ბატონი ალეკოს გულისტკივილი მესმის, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. მიხეილ აშვეთია გათავისუფლებული გვყავს. მას კლუბის არანაირი დავალიანება არ აქვს და შეუძლია ალანიაში გადასვლა“, – ეს უკვე მერაბ რატიანის სიტყვებია. პრეზიდენტის შემდეგ ჟურნალისტებს კლუბის გენერალურმა მდივანმა ვაჟა ჟვანიამ მიმართა:

„მერაბ ჟორდანია ჩემი ბავშვობის მეგობარია. არ მინდა ეს ამბავი კონფლიქტში გადაიზარდოს. ლაპარაკია საერთაშორისო ტრანსფერზე და ვთხოვ ფედერაციას, ფიფას და უეფას კანონები დაიცვას. სფფ-ს უფლება არ აქვს ტრანსფერი არ გააფორმოს, თუ ფეხბურთელს ყოფილი კლუბი უპრობლემოდ ათავისუფლებს. სფფ იმ მიზეზით არ ადასტურებს ტრანსფერს, რომ თურმე შოთაძის ხელმოწერით გაიგზავნა დოკუმენტი, რომ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაირკვა, რომ შოთაძეს იმ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და მისი ფაქსიმილე ვიღაცამ გააყალბა. თუ ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.

თუ სფფ იურიდიულად არ გააფორმებს ამ ტრანსფერს, ეს იქნება მისი მესვეურთა მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დინამოსთვის კიდევ ერთი პრობლემის ხელოვნურად თავს მოხვევა“.

სიტუაცია კიდევ უფრო დამაბნეველი გახდა მას შემდეგ, რაც სარბიელელი კობა ინასარიძე რომან შოთაძეს შეხვდა. დინამოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან საუბრის ჩანაწერი გაზეთის იმავე, 24 მარტის ნომერში დაიბეჭდა:

„აშვეთიას დისკვალიფიკაციის დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა, პრეზიდენტის მოვალეობას მე ვასრულებდი. უცხოეთში ვიყავი და როცა დავბრუნდი, მითხრეს, აშვეთია ვლადიკავკაზის ალანიაში წავიდაო. ამის თაობაზე მანამდე არაფერი ვიცოდი. ფეხბურთელი თბილისში დავტოვე და ჩემს უკითხავად, თვითნებურად დატოვა კლუბი. ავდექი და ალანიას მივწერე, ეგ ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია-მეთქი“.

ორი დღის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუსეთის საფეხბურთო კავშირში მიხეილ აშვეთიას ტრანსფერის დროებითი, ორკვირიანი საბუთი გააგზავნა, რათა სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე ალანიას თავდამსხმელის რეგისტრაცია მოესწრო.

მერაბ ჟორდანიამ, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ისრაელიდან დაბრუნებისთანავე პრესკონფერენცია მოიწვია. სფფ-ის პრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელი, შეიძლება ითქვას სკანდალური განცხადება გააკეთა:

„თბილისის დინამოს 1996 წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროში ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. კლუბი დღესდღეობით იურიდიული პირი არ არის. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც დინამოს პრეზიდენტობისას ვიღებდი და რომან შოთაძე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას, უკანონო იყო.

ახლაც დინამოში თანამდებობების დარიგება ნაადრევია. არ ჩატარებულა კლუბის დამფუძნებელთა კრება, ყოველ შემთხვევაში, თუ ჩატარდა მე, რომან შოთაძე და ვალერი შალიკაშვილი იქ არ ვყოფილვართ, არც დინამოს საბჭოს წევრები ესწრებოდნენ შეკრებას. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ დინამოში თანამდებობებზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება. კრება უნდა გაიმართოს, რომელსაც ყველა დამფუძნებელი დაესწრება, მერე დინამომ ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, სასამართლომ გადაწყვიტოს შპს-ს კანონიერება და შემდეგ იქნება შესაძლებელი თანამდებობების დანაწილება.

ისე, არ არის ფედერაცია და დინამო ერთმანეთს დაპირისპირებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დინამოში რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიტუაცია, იურიდიულად ყველაფერი მოწესრიგდეს. ფედერაციამ უნდა იცოდეს, ვისთან დაიჭიროს საქმე.

ვცდილობთ, დინამოს პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. თავად განსაჯეთ, შვეიცარიაში ფედერაციის გენერალური მდივანი მივავლინეთ, რომელიც ფიფა-უეფას დიდმოხელეებს დინამოს ირგვლივ ესაუბრა. იყო საშიშროება, დინამოსთვის საერთოდ აეკრძალათ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა.

რატომ არ მივეცით აშვეთიას გათავისუფლების ფურცელი? უფრო სწორედ, რატომ გავაჭიანურეთ და მხოლოდ ორკვირიანი ტრანსფერი რატომ გავეცით? ზუსტად ამის გამო. ვიდრე დინამო ხელახალ რეგისტრაციას არ გაივლის, ფედერაცია კლუბს ტრანსფერების უფლებას არ მისცემს. უკიდურეს შემთხვევაში, ფეხბურთელების სხვა კლუბში გადასვლის საკითხს თავად მოვაგვარებთ და შემდეგ, შემოსული ფული იქნება თუ საბუთები, ყველაფერს კლუბის ლეგიტიმურ ხელმძღვანელებს გადავცემთ.

აშვეთიასთვის გაცემული ორკვირიანი ტრანსფერის თაობაზე გეტყვით, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ, ფედერაცია, ოსური კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და თუ ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც გვინდა და ქართულ ფეხბურთს წაადგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუგრძელებთ ალანიაში თამაშის ვადას.

მე პიროვნულად არავის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თუ დინამოს დამფუძნებლები იგივენი დარჩებიან, სამომავლოდ არ ივარგებს.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ კახა თარგამაძეს წერილი მივწერე. მან, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც კიდეც მოაწერა ხელი ბრძანებულებას საფეხბურთო კლუბის თბილისის დინამოსა და ეროვნული სტადიონის პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიაში ოცდაორი კაცია და ორ თვეში სახელმწიფო მინისტრს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დასკვნები.

ფიფამ და უეფამ დინამოს უკანონობის შესახებ დღესაც არაფერი იცის. არ გვსურდა ამ ამბავს მათ ყურამდე მიეღწია. დინამო რომ შეგვენარჩუნებინა, არაკანონიერი გზა ამიტომ გამოვიყენეთ“ (სარბიელი; 2000 წლის 31 მარტი).

დინამოსა და ფედერაციის დაპირისპირება და სატრანსფერო გაუგებრობები ამ ინტერვიუს შემდეგ კი არ განიმუხტა, პირიქით, კიდევ უფრო დაიძაბა. იმავე დღეებში პოპულარულ რუსულ გაზეთ სპორტ-ექსპრესში, რომელიც იმ დროს თბილისშიც იყიდებოდა, ვლადიკავკაზის ალანიის მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ გუცაევის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა განაცხადა:

„გიორგი ანჩაბაძის და გიორგი კიკნაძის ვლადიკავკაზის ალანიაში ტრანსფერი თბილისის დინამოს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის წარმოშობილმა კონფლიქტმა ჩაშალა“.

ამ კომენტარის საპასუხოდ სფფ-მ სპორტ-ექსპრესს ოფიციალური წერილით მიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უარყო დინამოსთან დაპირისპირება, დაადასტურა, რომ ანჩაბაძის სატრანსფერო ფურცელი რუსეთის საფეხბურთო კავშირში დროულად გაიგზავნა, ხოლო კიკნაძის სატრანსფერო ფურცელი სფფ-ში საერთოდ არ ყოფილა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გიორგი იმ დროს თურქეთის სამსუნსფორის საკუთრება გახლდათ.

ფეხბურთის ფედერაციის და დინამოს ჭიდილზე 11 აპრილის სარბიელში დაუფარავად ისაუბრა დინამოს გენერალურმა მდივანმა ვაჟა ჟვანიამ. მისი და კობა ინასარიძის საუბარი გაზეთში ასეთი სათაურით გამოქვეყნდა – „ჟორდანია ბათუმს ეხმარება“.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მერაბ ჟორდანიას სახით, ეხმარება ბათუმს, რათა თბილისის დინამო ჩაძიროს. ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მან ხელი შეუშალა ჯერ აშვეთიას ტრანსფერს, შემდეგ ანჩაბაძისას და კიკნაძისას. ამ ტრანსფერებით დინამო ორ კაპიკს მიიღებდა და ვალებს გაისტუმრებდა. ფეხბურთის ფედერაციის ნამუსზე იყოს“, – განაცხადა ჟვანიამ ალანიაში გიორგი ანჩაბაძის ჩაშლილ ტრანსფერზე საუბრის მიწურულს. რაც შეეხება დინამოს რეგისტრაციას, ამასთან დაკავშირებით გენერალურმა მდივანმა თქვა:

„8 მარტს ჩატარდა კლუბის საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო არჩევნები ჩაეტარებინა. ყოფილი დირექტორატის წევრები შეიკრიბნენ და ყველაფერი სამართლებრივად გაკეთდა. კრებაზე ჟორდანიაც იყო მოწვეული, რომან შოთაძეც, მაგრამ არც ერთი მოვიდა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, დამფუძნებლებმა კი პრეზიდენტად მერაბ რატიანი აირჩიეს, გენერალურ მდივნად – მე. საქართველოს კანონმდებლობით, დინამოს ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია, საქმიანობის უფლება გვაქვს. ჟორდანიას კი სამართალი, ეტყობა, კარგად არ ესმის. ის დინამოს ანგრევს. ასე მოქცევა არ შეიძლება, არ აპატიებენ.

მან, რომან შოთაძემ, მიხეილ სურგულაძემ ჩამოიყვანეს ბოსკამპი, რა გააკეთეს ამით? ბოსკამპმა ვიღაც მეშახტე დე სოუზა მოძებნა, რომელიც დინამომდე სად თამაშობდა, კაცმა არ იცის და ორასი ათასი დოლარი ამ არაფრისმაქნის ფეხბურთელს მისცეს. რატომ, გეკითხებით?!

ვალები რომ აქვს დინამოს, სწორედ ამის გამოა. იაშვილის, კობიაშვილის, ცქიტიშვილის ფრაიბურგში ტრანსფერიდან დინამოს კაპიკი არ შემოსვლია, არც ალექსიძის სანაცვლოდ ჩელსიდან. არადა შვიდი-რვა მილიონი მარკა ან დოლარი უნდა ყოფილიყო. და დინამოს ანგარიშზე არც ერთი კაპიკი არ შემოსულა. ამ ვალებს კი, ვიდრე თქვენ მკითხავდეთ, სიხარულით გადავიხდით, ის ფული დააბრუნოს.

მრეტებისთვის საკომპენსაციო სამას ათას დოლარსაც ჟორდანია გადაიხდის, რადგანაც დინამოს პრეზიდენტი მაშინ ის იყო. პასუხისმგებლობას ვერც ჟორდანია გაექცევა, ვერც შოთაძე. ფედერაციის პრეზიდენტი სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებული.

რაც ზემოთ ვთქვი, სიმართლეა, ყველაფერს დავამტკიცებ, დოკუმენტები მაქვს“.

ერთი დღის შემდეგ, 12 აპრილს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თედო ისაკაძის კაბინეტში იმ სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომლის შესაქმნელად მერაბ ჟორდანიამ შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს, მან კი, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს ოფიციალური წერილით მიმართა. საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს და ეროვნული სტადიონის პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის პირველ შეხვედრაში ოცამდე პირი მონაწილეობდა. სახელმწიფო კანცელარიაში, სამთავრობო სტრუქტურების და ქართული სპორტის მაღალჩინოსნებთან ერთად, ძველი თაობის ორი გულშემატკივარი, კლუბ მუშთაიდის პრეზიდენტი ვაჟა კიკნაძე და ვერისბაღელი გოგი დემეტრაძეც მოხვდნენ.

კომისიას, ოფიციალურად, სამ საკითხზე უნდა ემსჯელა: თბილისის დინამოს შესახებ; ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შესახებ; ქართული ფეხბურთის გადარჩენის შესახებ.

პირველი სხდომა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა ისაუბრეს დინამოს და მრეტების სასამართლო დავაზე… თიბისი ბანკში დაგირავებულ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე… ქვედა ლიგაში დაქვეითებულ ლანჩხუთის გურიაზე – აქაოდა, ქართული ფეხბურთი მხოლოდ დინამო არ არისო… ქვეყნის პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შეცდომაზე, როცა მან სპეციალური ბრძანებით დინამო საბაჟო გადასახადებისგან გაათავისუფლა… ლამის ტუალეტად გადაქცეულ ეროვნულ სტადიონზე, რომლის ტერიტორიაც სავაჭრო ჯიხურებით გადაივსო…

კომისიის წევრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადვოკატთა კოლეგიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს განუმარტეს, რომ საუბარია კონფლიქტზე, რომელიც საფეხბურთო კლუბ დინამოს და სააქციო საზოგადოება დინამოს შორის წარმოიშვა. დოკუმენტებით ეს ორი სხვადასხვა ორგანიზაცია იყო, რეალურად ერთი – თბილისის დინამო.

იმავე სხდომაზე ითქვა ისიც, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა სააქციო საზოგადოება დინამოს ეკუთვნოდა, რომლის მთავარი მეწილე შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. თუმცა ბაზა თიბისი ბანკში სააქციო საზოგადოება დინამომ კი არა, საფეხბურთო კლუბმა დინამომ დააგირავა, ანუ სკ დინამომ სს დინამოს ქონებით ისარგებლა. ბაზის სანაცვლოდ თიბისი 302 ათას დოლარს ითხოვდა…

იმ დღეს კომისიამ ვერაფერი გადაწყვიტა. შეხვედრა ასე რომ დასრულდებოდა, პირველი თედო ისაკაძე მიხვდა, რომელმაც მოკლე კითხვით მიმართა სტუმრებს: „კი მაგრამ, თუ დინამო არ არსებობს, პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ“? იურისტებმა ასეთი გამოსავალი მოძებნეს – ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, დავადგინოთ დინამოს ყოფნა-არყოფნა, რეალური მეპატრონე და ამის შემდეგ უფრო გაადვილდება პროცესიო.

შეხვედრის მიწურულს კომისიას ვაჟა კიკნაძემ მიმართა: „კახი ასათიანი ბუმბერაზი ფეხბურთელი იყო, შესახედავადაც სასიამოვნო კაცია, გავუშვათ სადმე ელჩად იტალიაში, არგენტინაში, ოღონდ სპორტს ჩამოვაშოროთ“!

მუშთაიდელ გულშემატკივართა პრეზიდენტის ეს ფრაზა არავინ მოიწონა, თავად კახი ასათიანი კი რამდენიმე დღეში პრესკონფერენციით გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს:

„კიკნაძე იმ კომისიაში ვეღარ იმუშავებს, მას ახლა სასამართლოში სირბილი მოუწევს. მე რომ „ძველი ბიჭი“ ვიყო, კიკნაძეს კანცელარიაში ნათქვამისთვის სხვანაირად მოვთხოვდი პასუხს, მაგრამ თანამდებობა არ მაძლევს ამის საშუალებას. ამიტომაც გადავწყვიტე სასამართლოში სარჩელის შეტანა. არ შეიძლება ისეთი კაცი, როგორიც ვაჟა კიკნაძეა, ქართული ფეხბურთისთვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი იყოს. სხვათა შორის, იქ სხვა არაკომპეტენტური პირებიც მუშაობენ. მე კიკნაძისგან არც მწყენია ის განცხადება, გული მეტკინა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა მისცეს საშუალება, ასეთი რამ ეთქვა, სისულელეები ელაპარაკა“.

იმავე შეხვედრაზე სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია ლოტოს შორის გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა, შეხვედრის მიწურულს კი ჟურნალისტებს მიმართა:

„რატომ უნდა წავიდე? რა გავაკეთე ცუდი? მე რომ წავიდე, ეშველება სპორტს? წელებზე ფეხს ვიდგამთ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სპორტსმენების ნორმალური ყოფისთვის. თუ იმიტომ უნდა წავიდე, რომ ბიუჯეტიდან სპორტისთვის მიზერული თანხაა გამოყოფილი? იცით, მე ჩემი კონტაქტებით, ჩემი ოფლით ნაშოვნი მილიონები სპორტში მოვიტანე და სპორტსმენებისთვის დავხარჯე. შედეგი ის არის, რომ ქართული სპორტი შევინარჩუნეთ, ჩვენი სპორტსმენები არც ერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას არ აცდენენ. უკეთეს ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, მიღწევებიც მეტი გვექნებოდა.

კოტე მახარაძეზეც ნაწყენი ვარ, ასეთ ავტორიტეტულ კაცს არ ეკადრება ისეთი რამის თქმა, რაც მან უკრაინელ ჟურნალისტს უთხრა. ვითომ ქართული სპორტი სავსე იყოს აფერისტებით, რომლებიც ანგრევენ მას და მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ. გეკითხებით, შეიძლება ასე? ქვეყანა არაა ნორმალური და სჯობს ყველამ გონება მოვიკრიბოთ“. ამ სიტყვების შემდეგ ასათიანმა შეკრებილებს ის უკრაინული გაზეთი უჩვენა, სადაც კოტე მახარაძის ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული.

19 აპრილს, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა შედგა. შეხვედრას თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტი აკაკი ჩხაიძეც დაესწრო, რომელმაც შეკრებილებს დაუდასტურა, რომ ლოკომოტივის სტადიონის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და სარბიელი 2001 წლის მაისში გაიხსნებოდა.

იმავე დღეს დერბი ქაუნთიმ გიორგი ქინქლაძე აიაქსიდან გამოისყიდა. ინგლისურმა კლუბმა 2,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა ამსტერდამულ გუნდს. ხელშეკრულება დერბი ქაუნთის თავმჯდომარემ კიტ ლორინგმა და აიაქსის პრეზიდენტმა მიხალ ვან პრააგმა გააფორმეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქინქლაძემ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გასამრჯელოს სახით კვირაში ათ ათას გირვანქა სტერლინგს დათანხმდა.

ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრების დაწყებამდე მერაბ ჟორდანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა დინამოში შექმნილ მდგომარეობაზე და მიხეილ აშვეთიას ტრანსფერზე:

„ის სტრუქტურული ფორმა, როგორიც საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს აქამდე ჰქონდა, აუცილებლად შეიცვლება. როგორი აჯობებს, ამას იურისტები გაარკვევენ. არ შეიძლება კლუბის სტრუქტურა ძველებურად დარჩეს, რადგან კლუბის მეწილეებიდან ორს, მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ჩვენ გარდა დინამოს კიდევ ერთი მეწილე ჰყავს – შპს ბერმუხა.

დარწმუნებული ვარ, იურისტები იმ ვარიანტს მიაგნებენ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რაც ადრეც ვთქვი – დინამომ იუსტიციის სამინისტროში ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, დინამო ამ ჩემპიონატს ჩაამთავრებს, მერე კი… მომავალ სეზონამდე, ალბათ, სახელმწიფო კომისიაც დაამთავრებს ამ საკითხზე მუშაობას.

ვერ გეტყვით შეიცვლება თუ არა დინამოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, შეიძლება არც შეიცვალოს. ეს კომისიის დასკვნის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქმეს კლუბის იმ ხელმძღვანელობასთან დაიჭერს, რომელიც იურიდიულად იქნება გაფორმებული. საამისო საბუთი ფედერაციაში უნდა იყოს. ისე კი, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ხელმძღვანელობა კლუბის მართვას თავს ვერ გაართმევს. მე ასე მგონია…

რაც შეეხება მიხეილ აშვეთიას, მას რუსეთში თამაშის ვადა გავუხანგრძლივეთ. ტრანსფერის ვადა იქამდე გავუგრძელეთ, ვიდრე დინამოში ვითარება არ გაირკვევა“ (სარბიელი; 2000 წლის 21 აპრილი).

იმავე დღეს რევაზ ძოძუაშვილმა და დავით ყიფიანმა ერევანში დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის შერჩეული 24 ფეხბურთელის სია გაავრცელეს. მათ რჩეულთა შორის არც გიორგი ქინქლაძე იყო და არც მიხეილ აშვეთია.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 23 თებერვალი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი

ka_GEGeorgian