შუმახერი ფერარის დაუბრუნდა
12 წლის და 4 თვის შემდეგ შუმახერი ფერარის ბოლიდის საჭეს კვლავ მიუჯდა. იტალიური გუნდი ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ იქვე დარჩა ორდღიანი ტესტებისთვის. ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკმა დღეს პირველად გაატარა ფერარის ბოლიდი.
„ეს გუნდი ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. მამამ აქ უდიდეს წარმატებებს მიაღწია და ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ მშვენიერ დღეს მეც გავხდები ფერარის წევრი. რაც შეეხება ტესტებს, მიხარია, რომ გუნდის ხელმღვანელობამ ასეთი ნდობა გამომიცხადა“, – განაცხადა მიკ შუმახერმა BBC-თან საუბარში.
უმცროსი შუმახერი ფერარის პილოტთა აკადემიის წევრია და სადღეისოდ რანგით დაბალ სარბოლო სერიაში ასპარეზობს. თავის გამოჩენის შემთხვევაში მისთვის იტალიური გუნდის კარი გაიღება. ამაში ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ფერარის ყოფილი მმართველი როს ბრაუნი დარწმუნებულია:
„მიკს პატარაობიდან ვიცნობ, მიხაელს ხშირად დაჰყვებოდა ეტაპებზე. ის შესანიშნავად ატარებდა კარტს და ბოლო შედეგებიც შთამბეჭდავი აქვს. გამიკვირდება ფორმულა 1-ში დამკვიდრება რომ ვერ შეძლოს“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 აპრილი)