შუმახერი კვლავ იბრძვის
მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა შუმახერმა გულშემატკივრებს გერმანიის დაბა კერპენში, ლეგენდარული ავტომრბოლის ფან-კლუბში სტუმრობის დროს მიმართა.
„დიდ გამარჯვებებს წინ უსწრებს ბევრი პატარა ნაბიჯი. ჩვენ, მიხაელის ოჯახს, თქვენი იმედი გვაქვს. მდგომარეობა რთულია, მაგრამ მიხაელი მებრძოლია და მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების მთავარ გამოწვევას დაძლევს და ისევ გაგახარებთ“, – განაცხადა კორინა შუმახერმა.
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი 6 წლის წინ, ალპებში თხილამურობისას მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. გავრცელებული ცნობით, მიხაელი კვლავაც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, მაგრამ წელს თავის ტვინზე ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ, მცირე პროგრესი იგრძნობა.
კორინა შუმახერის გადაწყვეტილებით, მიხაელის მონახულებას მხოლოდ მკურნალ ექიმთა ვიწრო წრე და უახლოესი მეგობრები ახერხებენ, მათ შორის მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი და ფერარის ყოფილი ხელმძღვანელი როს ბრაუნი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 დეკემბერი)