სებასტიან ფეტელი – ახალი მიხაელ შუმახერი

შარშანდელის დარად, ფორმულა 1-ის 2011 წლის ჩემპიონატიც რედ ბულის და მისი გერმანელი ლიდერის სებასტიან ფეტელის ტრიუმფით დასრულდა: გუნდმა კონსტრუქტორთა თასი შეინარჩუნა, ფეტელმა კი პილოტების პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო!
თუმცა, ვიჩქარეთ, როცა ვთქვით, რომ ჩემპიონატი დასრულდა: სეზონის ბოლომდე კიდევ 3 ეტაპია დარჩენილი, მაგრამ გასარკვევი მხოლოდ პრიზიორები არიან.

სამეფო რბოლის თითქმის 70-წლიან ისტორიაში 24 წლის ფეტელი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად სახელდება და აღიარება ნაჩქარევი რომ არაა, გერმანელის მიღწევებით ნათლად ჩანს: ის ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი (2010) და ორგზის ტრიუმფატორია (2011); ყველაზე უმცროსი მეორეადგილოსანია (2009); ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც კი ფორმულა 1-ში ქულა მოუპოვებია (2007); ყველაზე პატარაა, პოულის (სტარტზე პირველი ადგილი) მოგება რომ შეძლო (2008); ყველაზე უმცროსია, რომელიც პოდიუმზე დადგა, გრან პრი მოიგო და დუბლი შეასრულა – დიდი პრიზი პოულთან ერთად (2008); ყველაზე ახალგაზრდამ შეასრულა ტრიპლი – 2009 წელს ბრიტანეთის დიდ პრიზზე  პოულიც მოიგო, მთავარი ჯილდოც და წრეც ყველაზე სწრაფად გაიარა…

ერთი სიტყვით, 24 წლის ფეტელი არის „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე“!

და ასეთი ამბების შემდეგ განა გასაკვირია, რომ მას, აწ უკვე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს, ლეგენდარულ თანამემამულეს და ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო პილოტს მიხაელ შუმახერს ადარებენ?

კი ბატონო, 2008 წელს, როცა სებამ იტალიის დიდი პრიზი ჩინებულ სტილში მოიგო და რბოლების მიმომხილველებმა „ბეიბი შუმი“ უწოდეს, ბევრმა, ეგებ, ნაჩქარევად მიიჩნია ჟურნალისტების ეს ნაბიჯი, მაგრამ საინტერესოა ახლა, ფეტელის ფორმულა 1-ში დებიუტის 5 წლის თავზე რა აზრისანი არიან ისინი?

90-იან წლების გარიჟრაჟზე მიხაელმაც ასე „თავხედურად“ დაიწყო: გრანდებს შორის უცერემონიოდ შეიჭრა და… მერე რაც მოხდა, სამეფო რბოლის მოყვარულებს შეხსენება არ სჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი: მიხაელმა ბენეტონთან ერთად 2-ჯერ, ფერარიში კი 5-ჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული!

ვერ ვიტყვი, რომ ფეტელს შუმახერთან შედარება აღიზიანებს, მაგრამ ბოლო ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სება ფეტელია და არავითარ შემთხვევაში „ახალი მიხაელ შუმახერი“: „მსიამოვნებს ასეთ დიდ მრბოლს რომ მადარებენ, მაგრამ შუმახერი ძალიან მაღლა დგას, იქამდე კი, თუნდაც ჩემი ბოლო შედეგების გათვალისწინებით, ჯერ ძალიან შორია“.

დავძენ: თუ ფეტელმა შარშან და წლეულს ნაჩვენები სიჩქარე შეინარჩუნა, რამდენიმე წელიწადში შუმახერის ფანტასტიკური რეკორდები სულაც არ იქნება ისეთი მიუღწეველი, ახლა როგორც ჩანს.

მომავალში რა იქნება, ეს არავინ უწყის და რადგან არც გულთმისნობაზე მაქვს პრეტენზია, ვიტყვი, რომ ფეტელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მას და ფორმულა 1-ის 7-გზის ტრიუმფატორ მიხაელს ბევრი რამ აერთიანებთ: სამშობლოს რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ ორივემ კიოლნთან ახლოს, კერპენის კარტინგ-ცენტრში დაიწყო ვარჯიში; მათი დებიუტი სამეფო რბოლაში სეზონის შუაში შედგა და ორივემ მე-7 ადგილი დაიკავა; დებიუტიდან თითქმის წელიწადში შუმახერმაც და ფეტელმაც დიდი პრიზის მოგება შეძლეს; თავიანთ სრულ მესამე სეზონში ორივე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თან, ორივეს ბოლიდი მე-5 ნომერი იყო; ორივემ ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულები არასაავტომობილო კონცერნებთან ერთად მოიგეს: შუმახერმა ბენეტონში, ფეტელმა – რედ ბულთან ერთად…

და მაინც, ერთი რამის გამო ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან: სებასტიან ფეტელი თავის ბოლიდებს სახელებს არქმევს (2008 – ჯული, 2009 – კეიტი, 2010 – ლიზი და რენდი-მენდი, 2011 – ქინქი კილი), შუმახერს კი ასეთი რამ არასდროს ახასიათებდა.

სხვა რა ვქვა?

ჩემპიონს ჰყავს უმცროსი ძმა ფაბიანი და უფროსი დები მელანი და სტეფანი; ბავშვობაში სამი Michael-ის ფანი იყო – ჯეკსონის, ჯორდანის და შუმახერის; ძალიან უყვარს ფეხბურთი და გულშემატკივრობს ფრანკფურტის აინტრახტს.

და როდემდე დარჩება რედ ბულში?

ახლახანს, იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ გახანგრძლივებული კონტრაქტი 2014 წელს იწურება, თუმცა მისი გუნდი იმედოვნებს, რომ სება მათთან კიდევ დიდხანს დარჩება.

და მსოფლიო ჩემპიონატსაც კიდევ მოიგებს.

ისევე, როგორც ეს მიხაელ შუმახერმა შეძლო.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011)

ka_GEGeorgian