სენას, შუმახერის და ალონსოს ნივთები აუქციონზე გაიყიდება

6 თებერვალს პარიზში, სოთბის აუქციონზე ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტების აირტონ სენას, მიხაელ შუმახერის და ფერნანდო ალონსოს ატრიბუტიკა, მათ შორის მათი ბოლიდების ნაწილები გაიყიდება.

ცნობილია, რომ წარდგენილ ლოტებს შორისაა აირტონ სენას 1990 წლის ჩაფხუტი, რომელიც თავის დროზე მენეჯერს, ანჯელო პარილის აჩუქა. მისი სავარაუდო ღირებულება 80-დან 120 ათას ევრომდეა.

გაიყიდება მიხაელ შუმახერის ავტოგრაფით დამშვენებული ჩაფხუტიც, რომელიც ლეგენდარულ გერმანელ პილოტს 2005 წელს, საფრანგეთის დიდი პრიზის დროს ეხურა. იმ რბოლაში ფერარის ლეგენდამ III ადგილი დაიკავა. ნივთი 40 ათას ევროდაა შეფასებული.

აუქციონზეა გატანილი ფერნანდო ალონსოს კომბინიზონიც. ესპანელი შარშან წავიდა ფორმულა 1-დან, ამ სამოსს კი 2006 წელს, ჯერ კიდევ რენოში ასპარეზობისას იყენებდა. კომბინიზონთან ერთად სპეციალური სარბოლო ფეხსაცმელი და ხელთათმანები გაიყიდება, ხოლო მსურველს მინიმუმ 3 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ლოტებს შორისაა მიხაელ შუმახერის ბოლიდის საჭე, რომლითაც 1993 და 1994 წლებში რამდენიმე დიდ პრიზზე იასპარეზა, მათ შორის მონაკოში, სან მარინოში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. შუმახერისვე ავტოგრაფით დამშვენებული ნივთის საწყისი ღირებულება 3 ათასი ევროა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 იანვარი)

ka_GEGeorgian