სეოკ: ლერი ხაბელოვი პრეზიდენტია

თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა სეოკ-ის პრეზიდენტად 4 წლის ვადით ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი (ის 2008 წელს აირჩიეს ამ თანამდებობაზე); პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე.

ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში 107-მა მიიღო მონაწილეობა. ლერი ხაბელოვს 59-მა დაუჭირა მხარი, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.

სეოკ-ის ახალმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მე-5 პრეზიდენტია.

1989-96 წლებში სეოკ-ს ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, 1996-2004 წლებში – ჯანო ბაგრატიონი, 2004-07 წლებში – ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლიდან დღემდე კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლდათ.

2007-08 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობას გოგი თოფაძე ასრულებდა.

არჩევნების დაწყებამდე გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა და გალინა შარაბიძე. მანვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშნები გადასცა ლონდონი 2012-ის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს, ვერცხლის მედალოსნებს ლევაზ ლაშხს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და დავით მოძმანაშვილს და ბრინჯაოს პრიზიორებს მანუჩარ ცხადაიას, დათო მარსაგიშვილს და გიორგი გოგშელიძეს.

სოკ-ის სპეციალური ჯილდო ფარმაცევტულ კომპანია ავერსს გადაეცა.

ლერი ხაბელოვი
დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში
თავისუფალი ჭიდაობა (87, 100, 130კგ). 1993-96 წლებში ასპარეზობდა რუსეთის სახელით
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1992 (100კგ; ბარსელონა); ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 1988 (100კგ; სეული); მსოფლიოს ჩემპიონი – 1985 (100კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1987 (100კგ; კრელმონ-ფერანი, საფრანგეთი), 1990 (100კგ; ტოკიო, იაპონია), 1991 (100კგ; ვარნა, ბულგარეთი), 1993 (100კგ; ტორონტო, კანადა); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1995 (130კგ; ატლანტა, აშშ); მსოფლიო თასი – 1986 (100კგ), 1990 (100კგ), 1991 (100კგ); ევროპის ჩემპიონი – 1985 (100კგ; ლაიპციგი, გდრ), 1987 (100კგ; ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი), 1988 (100კგ; მანჩესტერი, ინგლისი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1995 (130კგ; ფრიბური, შვეიცარია); სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი – 1986 (100კგ; მინსკი); სსრკ ჩემპიონი – 1985 (100კგ; იაკუტსკი), 1987 (100კგ; ვორონეჟი), 1988 (100კგ; კრასნოიარსკი); სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1986 (100კგ; ორჯონიკიძე), 1989 (100კგ; მახაჩყალა), 1990 (100კგ; ულან-უდე); სსრკ თასი – 1987 (100კგ), 1988 (100კგ); რუსეთის ჩემპიონი – 1995 (130კგ; მოსკოვი); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი – 1985 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1986 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1987 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (100კგ; გერმანიის გრან პრი), 1989 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1990 (100კგ; ოლიმპიურ მოჭიდავეთა გრანდ მასტერსი), 1990 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი); მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1983 (100კგ; ანაჰაიმი, აშშ); მსოფლიო თასი (ახალგაზრდები) – 1984 (100კგ); მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) – 1982 (87კგ), 1983 (87კგ; კოლორადო სპრინგსი, აშშ); ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1984 (100კგ; სლაგჰავენი); ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გფრ-ის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი – 1985 (100კგ); საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1987; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1986
სხვა ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2003; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი – 1999

1998-2004: სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2000-2004: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

2004-2008: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

2011: სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თეიმურაზ ქორიძის წიგნი „ლერი ხაბელოვი“.

2012: VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“).

2012: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012 წლის 20 დეკემბერი)
ფოტო:
www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian