სეოკ: მედია-სემინარი ბორჯომში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით 1-3 აპრილს ბორჯომში ოლიმპიური მედია-სემინარი მოეწყო. სეოკ-ის მესვეურებს, მიწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს სასტუმრო ოლიმპმა უმასპინძლა.

ასეთი მედია-სემინარი, რომელიც ოლიმპიური თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის არაერთი საკითხის გაცნობას მოიცავდა, მათ შორის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებს, პირველად ჩატარდა. მედია-სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის პროგრამით განხორციელდა.

„მიმაჩნია, რომ ასეთი სემინარი აქამდეც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც ჩვენ წამოწყებას გამოეხმაურა, ასევე მოწვეულ სტუმრებს. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის შედეგიანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი პირველი მცდელობა სათანადო ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც მედია-სემინარის გახსნის საზეიმო ცერემონიას კიდევ ერთ ოლიმპიური ჩემპიონთან, შოთა ხაბარელთან ერთად დაესწრო.

ოლიმპიურ მედია-სემინარში მონაწილეობდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი; გაზეთ ლელოს საპატიო რედაქტორი, სეოკ-ის დაფუძნების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ გაჩეჩილაძე; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია; ჟურნალ ოლიმპიელის რედაქტორი, სეოკ-ის დამფუძნებელი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და სეოკ-ის პრესსამსახურის უფროსი მარიკა კირვალიძე.

ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიური სისტემა; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება – პირველი ნაბიჯები; ოლიმპიური ქარტიის არსი; მედია-რეგულაციები ოლიმპიურ თამაშებზე; ოლიმპიური თამაშები – სტრუქტურა, წესები, ცერემონიები; მზადება რიოს XXXI ოლიმპიური თამაშებისთვის – მედია-სემინარში მონაწილე ჟურნალისტებმა ორგანიზატორებისგან ამ საკითხების შესახებ დაწვრილებითი მოხსენებები მოისმინეს.

პაატა ნაცვლიშვილმა დამსწრეთ საინტერესო ექსკურსი მოუწყო ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩათვლით; საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ძიუდოში, ოლიმპიურმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ წაიკითხა ლექცია „წესების ევოლუცია ძიუდოში“, მწერალმა ირაკლი ლომოურმა კი სეოკ-ის მხარდაჭერით გამოცემულ საბავშვო წიგნზე – „მოგზაურობა ოლიმპეთში“ – ისაუბრა.

„აღფრთოვანებული ვარ ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით! დროული ნაბიჯი იყო და მე, როგორც ამ სემინარის რიგით მონაწილეს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიმაჩნია, რომ მსგავსი მედია-სემინარები ხშირად უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ ნუგზარ რუხაძემ.

სეოკ-ის ინიციატივით, მედია-სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა ახალციხეში რაბათის ციხე და ბორჯომთან ახლოს მდებარე მწვანე მონასტერი დაათვალიერეს.

სემინარის ფარგლებში მოეწყო ტურნირი ჭადრაკსა და ნარდში, ასევე ოლიმპიური ვიქტორინა. გამარჯვებულები პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეულით „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ გამოცემული 34-ტომეულით დაჯილდოვდნენ, სეოკ-მა კი მედია-სემინარის ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზებით დაასაჩუქრა.

ოლიმპიური მედია-სემინარის ბოლო დღეს მონაწილეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 4 აპრილი)

ka_GEGeorgian