სერ კენი დალგლიში – 70

2002 წელს კენი დალგლიში ინგლისური, 2004 წელს კი შოტლანდიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
2006 წელს ლივერპულის ფანებმა ის კლუბის ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ აღიარეს.
2009 წელს პოპულარულმა ჟურნალმა FourFourTwoმ ლეგენდარული ფორვარდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უდიდეს ბრიტანელად დაასახელა.
2017 წლის ოქტომბერში ენფილდ როუდის ერთ ტრიბუნას სერ კენი დალგლიშის სახელი მიენიჭა.

გლაზგოში დაბადებული ბიჭი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი მოთამაშეა, სელტიკის და ლივერპულის ფანების ფავორიტი და ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ნომერ პირველი თუ არა, საუკეთესოთა შორის მდგომი თავდამსხმელი.

სელტიკის თეთრ-მწვანე მაისურით დალგლიშმა პირველად 1968-69 წლების სეზონში ითამაშა, 1971 წლიდან ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და 1977 წლის ჩათვლით გლაზგოურ კლუბში 338 მატჩში 173 გოლი შეაგდო.

სელტიკთან ერთად სერ კენიმ 11 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონატი და თასი 4-4ჯერ.

1977 წლის 10 აგვისტოს კი შედგა ის გარიგება, რის წყალობითაც გლაზგოელი ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი გახდა – ლივერპულმა 400 ათას გირვანქა სტერლინგად გამოისყიდა!

მერსისპირელთა ლეგენდარული მწვრთნელი, ჩემპიონთა თასის მომგები სერ ბობ პეისლი თვლიდა, რომ ჰამბურგში გადასულ კევინ კიგანს მხოლოდ კენი დალგლიში თუ შეცვლიდა.

პეისლის რჩეულმა გაამართლა კი არა, ლამის ლივერპულის ისტორია გადაწერა – 1985 წლის ზაფხულის ჩათვლით დალგლიში ენფილდროუდული კლუბის სუპერვარსკვლავი გახლდათ, 1985-86 წლების სეზონიდან ჯერ მოთამაშე-მწვრთნელი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელიც გახდა და წითლებთან ერთად ყველაფერი მოიგო, რაზეც კი ფეხბურთელმა ან გუნდის თავკაცმა შეიძლება რომ იოცნებოს: ინგლისის ჩემპიონატი და სუპერთასი 8-8ჯერ, თასი 2ჯერ, ლიგის თასი 4ჯერ…

არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კუნძულზე პირველობის გარდა ლივერპული ევროპაშიც საუკეთესო იყო – 1978, 1981 და 1984 წლებში კენი დალგლიშმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი აღმართა!

ათასამდე მატჩი და ხუთასამდე გოლი კლუბებსა და ნაკრებში…

უამრავი გუნდური ტიტული და ინდივიდუალური ჯილდო…

საპატიო წოდებები…

და ფანების სამუდამო სიყვარული.

დღეს 4 მარტია, სერ კენის დაბადების დღე. ის 70 წლის გახდა.

* * *

ეს ფოტო 1979 წლის ოქტომბერში, თბილისშია გადაღებული: დალგლიშის ლივერპული საქართველოს დედაქალაქს ჩემპიონთა თასის საპასუხო შეხვედრისთვის ეწვია.

პირველი თამაში, 19 სექტემბერს, ბობ პეისლის ლივერპულმა ენფილდ როუდზე 2:1 მოიგო, თბილისში კი დინამომ 3:0 გაიმარჯვა.

დღევანდელმა იუბილარმა 3 ოქტომბერს, თავსხმა წვიმაში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ სახელოვან კლუბს ვერაფრით შეეწია.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 მარტი)

ka_GEGeorgian