სერხიო რამოსი რეკორდსმენია და კვლავ რეკორდი სურს

ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში ესპანეთმა მორიგი გამარჯვება იზეიმა – ფარერის კუნძულებს 4:0 სძლია.

პირენეელთა მოგება არავის უკვირს, თუმცა კუნძულელებთან წარმატება ერთი საინტერესო ფაქტის გამო უნდა გამოვარჩიოთ: ესპანელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა 167-ედ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში და მეკარე იკერ კასილიასს გაუთანაბრდა.

„რეკორდები იმისთვისაა, რომ გაუმჯობესდეს“, – განაცხადა რამოსმა და დასძინა – „კასილიასი მეგობარი და დიდი ფეხბურთელია, მიხარია მას რომ გავუთანაბრდი. მიზანი? მინდა ნაკრებში 200-ჯერ ვითამაშო. მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, მოვახერხებ“.

167 სანაკრებო კეპით სერხიო რამოსმა ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელთა შორის შეაბიჯა.
მსოფლიოს რეკორდსმენი ეგვიპტელი აჰმედ ჰოსამია, რომელმაც 1985-2012 წლებში 184-ჯერ ითამაშა ნაკრებში, ევროპის საუკეთესო მიღწევა კი ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნის – 176 მატჩი ქვეყნის მთავარ გუნდში.

რამდენიმე დღის წინ, რუმინეთში, მასპინძელთა ნაკრების კარში გატანილი პენალტით რამოსმა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შეაბიჯა – მადრიდის რეალის გუნდისთავი 21 სანაკრებო გოლით მიჩელის მხარდამხარ დგას და ერთი ბურთით ჩამორჩება ხულიო სალინასს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 სექტემბერი)

ka_GEGeorgian