სერხიო, შენ ხარ ლეგენდა!
„სერხიო ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა! ეროვნულ გუნდთან ერთად მან წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია, თუმცა ვთვლი, რომ წინ არანაკლებ დიდი გამარჯვებები ელის. მისი საოცარი შედეგების შემხედვარე, მხოლოდ ერთი რამ მსურს რომ ვუთხრა – მადლობა სერხიო, შენ სამაგალითო ხარ“!
ეს სიტყვები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს გუშინ, მალტასთან მატჩის წინ, სასტუმროში, მთელი გუნდის წინაშე უთხრა. რუბიალესმა რამოსი სამახსოვრო პრიზით – მოოქროვილი კაპიტნის სამკლავურით დააჯილდოვა, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ყველაზე მეტი შეხვედრის აღსანიშნავად.
ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა მატჩში ესპანელებმა მალტას უმასპინძლეს და 7:0 გაიმარჯვეს. რამოსმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, შეცვლაზე გასული კი გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს.
ეს სერხიოს 169-ე მატჩი იყო ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში. იკერ კასილიასის რეკორდი მან ოქტომბერში გააუმჯობესა, როცა 168-ედ ითამაშა ნაკრებში, თუმცა მალტელთა წინააღმდეგ რეკორდსმენის რანგში პირველად წარსდგა ესპანელი ფანების წინაშე.
მადრიდის რეალის კაპიტნის დებიუტი „ფურია როხაში“ 2005 წლის 26 მარტს შედგა, ჩინეთთან ამხანაგურ მატჩში. იმხანად ის ჯერ კიდევ სევილიაში თამაშობდა, მაგრამ იმავე შემოდგომით მადრიდის რეალში გადავიდა და მას შემდეგ ნაკრებში რეალის ფეხბურთელის რანგში თამაშობს.
2010 წელს სერხიო რამოსი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008 და 2012 წლებში კი ევროპირველობის ოქროს მედლები მოიგო. 21 გოლით ის ნაკრების ყველა დროის მე-10 საუკეთესო ბომბარდირია.
ზეგ, 18 ნოემბერს, ესპანეთი მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე რუმინეთთან მატჩით დაასრულებს საგაისო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ნოემბერი)