სევილიის მეექვსე ტრიუმფი და ევროფინალის 20 საინტერესო ამბავი
2019-20 წლების ევროპალიგა გუშინ კიოლნის ცარიელ რაინენერგიშტადიონზე დასრულდა: უხვგოლიან და საინტერესო ფინალში სევილიამ მილანის ინტერს 3:2 აჯობა.
სევილიამ მეექვსედ მოიგო უეფას თასი და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა გუშინდელი ფინალიდან მხოლოდ ეს ფაქტი არაა გამოსარჩევი: ბევრი საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა და მათგან 20 ყველაზე მნიშვნელოვანს აქვე ჩამოვთვლი.
შესავლის ბოლოში კი გეტყვით, რომ ორივე ფინალისტი 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს – ინტერი როგორც სერია ა-ს ვიცე-ჩემპიონი, სევილია კი ევროპალიგის გამარჯვებულის სტატუსით.
წუხანდელი ფინალის 20 საინტერესო ამბავი კი ასეთია:
1: უეფა თასის/ევროპალიგის ისტორიაში სევილია ყველაზე წარმატებული კლუბია 6 ტიტულით. ამავდროულად, სევილია მხოლოდ მე-4 კლუბია, რომელმაც ერთი ევროთასი მინიმუმ 6-ჯერ მოიგო. სხვა 3 კლუბი ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მინიმუმ 6 ტრიუმფითაა ცნობილია – რეალის აქტივში 13 გამარჯვებაა, მილანს 7 თასი აქვს, ლივერპულს კი 6.
2: ევროთასების ისტორიაში სევილია ერთადერთია, რომელმაც კონკრეტული გათამაშების ფინალში მინიმუმ 3-ჯერ ითამაშა და ყველა მოიგო: 6-დან 6!
3: მილანის ინტერმა უეფას ეგიდით გამართული ტურნირების მე-10 ფინალში იასპარეზა და გახდა მე-9, ვინც ამ ნიშნულს უწია. იტალიაში ინტერზე წინ მხოლოდ მილანი და იუვენტუსი არიან 14-14 გადამწყვეტი მატჩით.
4: ინტერმა ამ ტურნირის ფინალში მეხუთედ ითამაშა, თუმცა მას შემდეგ რაც უეფას თასი ევროპალიგად გარდაიქმნა – პირველად. 1991, 1994 და 1998 წლებში მილანელებმა თასი მოიგეს, 1997 წელს კი დამარცხდნენ.
5: ინტერი ის კლუბია, რომელმაც უეფას თასის გათამაშების უკანასკნელ, 2-მატჩიან ფინალსა და პირველ, ერთმატჩიან ფინალში იასპარეზა. 1997 წელს შავ-ლურჯები გელზენკირხენის შალკე 04-თან დამარცხდნენ, 1998 წელს კი რომის ლაციოს სძლიეს.
6: უეფას თასის/ევროპალიგის ფინალში იტალიური კლუბი 21-წლიანი შესვენების შემდეგ გავიდა. ანტონიო კონტეს გუნდამდე პარმა სერია ა-ს ბოლო კლუბი იყო, რომელმაც ფინალში ითამაშა – 1999 წელს მარსელის ოლიმპიკის წინააღმდეგ (3:0).
7: გუშინდელი ფინალი სევილიის და ინტერის პირველი დაპირისპირება იყო ევროპის საკლუბო ტურნირებში. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 2016 წელსაც, როცა ევროპალიგის ფინალში სევილიამ ლივერპულს 3:1 აჯობა.
8: რომელუ ლუკაკუმ ევროპის საკლუბო ტურნირის ფლეი-ოფში ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა და 2012 და 2013 წლებში კრიშტიანუ რონალდუს მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
9: ლუკაკუმ ინტერში სადებიუტო სეზონი ყველა ტურნირზე გატანილი 34 გოლით დაასრულა და ლუის ნაზარიო დე ლიმას, იგივე რონალდოს 1997-98 წლების რეკორდი გაიმეორა.
10: ნიდერლანდელი ლუკ დე იონგი, რომელმაც გუშინ დუბლი შეასრულა და ფინალის რჩეული მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა, ჩემპიონთა თასის/ლიგის და უეფას თასის/ევროპალიგის ისტორიაში პირველია, რომელმაც ფინალში 2 გოლი თავური დარტყმით გაიტანა.
11: მე-12 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო, ეს კი მეორე საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში. 1990 წელს, ფიორენტინასა და იუვენტუსს შორის მატჩში მე-10 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო.
12: ინტერის ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი, რომელმაც 36-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მხოლოდ მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის და უეფას თასის/ევროპალიგის ფინალებში გაიტანა. გოდინამდე იგივე მოახერხეს დანიელმა ალან სიმონსენმა, რუსმა დმიტრი ალენიჩევმა, ინგლისელმა სტივენ ჯერარდმა, არგენტინელმა ერნან კრესპომ და ესპანელმა პედრომ.
13: გოდინმა მესამედ ითამაშა ევროპალიგის ფინალში და პირველად დამარცხდა. 2012 და 2018 წლებში მან მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად მოიგო თასი.
14: არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა ინტერთან მატჩით დაემშვიდობა სევილიას. 32 წლის ფეხბურთელმა 2014-16 და 2017-20 წლებში 5 სეზონი ითამაშა კლუბში, 238 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ევროპალიგა კი 3-ჯერ მოიგო: გუშინ, 2015 და 2016 წლებში.
15: მესამედ მოიგო ევროპალიგა სევილიელთა კაპიტანმა ხესუს ნავასმაც: 2006, 2007 და 2020 წლებში. ნავასმა უეფას თასის/ევროპალიგის ფინალში 13-წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა, რაც ტურნირის რეკორდის გამეორებაა. ნავასამდე იტალიელმა ამადეო კარბონიმ გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად 1991 წელს ითამაშა, რომას მაისურით, 2004 წელს კი ვალენსიის შემადგენლობაში მოიგო ჯილდო.
16: უეფას თასს მეორედ დაეუფლა სევილიელთა ბრაზილიელი მცველი ფერნანდუ – 2011 წელს მან ეს ჯილდო პორტუს მაისურით აღმართა. 33 წლის სამხრეთამერიკელი სეზონის წინ შეუერთდა სევილიას.
17: სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი საკლუბო ჯილდო მოიგო. სხვადასხვა დრის ის ესპანეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს წვრთნიდა, 2012 წელს 19-წლამდელებს, ხოლო 2013 წელს 21-წლამდელებს მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი. საგულისხმოა, რომ 19 და 21-წლამდელებში, ასევე ეროვნულ გუნდში მას თამაში არ წაუგია.
18: მილანელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამ თასს ჯერ კიდევ მოთამაშეობის დროს დაეუფლა – 1992-93 წლების სეზონში, როცა იუვენტუსის ნახევარმცველი გახლდათ.
19: ინტერის მცველი ეშლი იანგი ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველი ინგლისელია, ვინც ევროთასის ფინალში არაინგლისური კლუბის მაისურით ითამაშა. 2001 წელს ოუენ ჰარგრივზი მიუნხენის ბაიერნს დაეხმარა ჩემპიონთა თასის მოგებაში.
20: მილანელთა დანიელმა ნახევარმცველმა ქრისტიან ერიკსენმა ზედიზედ 2 ევროფინალი წააგო. შარშან ის ტოტენჰემ ჰოთსფურში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 აგვისტო)
ფოტო: www.uefa.com