შეუდარებელი როჯერის ასიანი

ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა მასპინძელთა ფავორიტ ჯონ მილმენს ძალიან დაძაბულ, დრამატულ და ხანგრძლივ ბრძოლაში აჯობა და მეოთხე წრეში გავიდა.

4:6, 7:6, 6:4, 4:6, 7:6 – ამ ანგარიშით დასრულდა წლის პირველი სლემის ყველაზე გამორჩეული მატჩი, რომელიც 4 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

მეორე მხრივ, ეს იყო ფედერერის საიუბილეო – მე-100 გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე! დიადი შვეიცარიელი პირველია, რომელმაც მელბურნის კორტებზე 100 მატჩი მოიგო და ასევე პირველი, რომელმაც ამ ნიშნულს დიდი სლემის მეორე ტურნირზე მიაღწია. ფედერერის სტატისტიკა უიმბლდონზე 101 გამარჯვებას ითვლის.

„ის აპლოდისმენტები, რომელიც გულშემატკივრებმა მომიძღვნეს, სანახევროდ ჯონსაც ეკუთვნის. მშვენიერი თამაში რომ შედგა, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ჩოგბურთელია და ვფიქრობ, ძალიან მალე ყველას დაანახებს, რომ ფავორიტია. მიზანი? ახლა იმ ასაკში ვარ, როცა თითოეული მატჩი სიამოვნებას მანიჭებს, ასე რომ, ვეცდები ეს გრძნობა გავიხანგრძლივო“, – განაცხადა როჯერმა მატჩის შემდეგ, ჯიმ კურიესთან საუბარში.

როჯერ ფედერერის მომდევნო მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩია. მან სამ სეტში ჩამოიშორა ამერიკელი ტომ პაული.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 იანვარი)

ka_GEGeorgian