შეუტევს ლეო რეკორდებს?

ბარსელონის არგენტინელი ლიდერი ლეო მესი წლიდან წლამდე უამრავ რეკორდს ამყარებს.
გამონაკლისი არც 2019 წელი იქნება – კატალონიელთა ათიანი წლებია ბარსელონაში თამაშობს და აქედან გამომდინარე, არაერთ საინტერესო მიღწევასთანაა ახლოს.
ესპანელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ასეთი მიღწევა გამოარჩიეს.

ერთ კლუბში მოგებული ტიტულები
ამ მხრივ რეკორდსმენია უელსელი რაიან გიგზი, რომელმაც მთელი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა და 36 ჯილდოთი წავიდა ფეხბურთიდან.
მესიმ, ჯერჯერობით, 33 გამარჯვება იზეიმა ბარსელონის მაისურით და იმ შემთხვევაში, თუ სეზონს ტრებლით დაასრულებს, გიგზს გაუთანაბრდება.

ჯერ ინიესტა, შემდეგ ჩავი
ბარსელონის მაისურით ლეომ 657-ჯერ ითამაშა.
ეს მე-3 შედეგია კლუბის ისტორიაში, წინ კი ის ორია, ვის გვერდითაც არგენტინელმა უამრავი გამარჯვება იზეიმა – ანდრეს ინიესტა (674) და ჩავი (767).
ინიესტას მიღწევას მესი, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში გააუმჯობესებს – თუ ტრავმებმა არ შეაწუხა, 18 მატჩს აუცილებლად ჩაატარებს და ბარსელონას ყველა დროის მეორე გამოცდილი მოთამაშე გახდება.
რაც შეეხება ჩავის, ლეგენდარული ესპანელის მაჩვენებელს ლეო მხოლოდ 2020-21 წლების სეზონში თუ შეუტევს.

იკერ კასილასის 334
ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი შეხვედრა მადრიდის რეალის მეკარე იკერ კასილასმა მოიგო – 334, ლეო კი მეორეა 323 გამარჯვებით.
ბარსელონას დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით, მესიმ ამ სეზონშივე უნდა გადაუსწროს კასილასს.

ტელმო სარას მხარდამხარ
ბილბაოს ატლეტიკის ლეგენდარული ბასკი ფორვარდი ტელმო სარა გასული საუკუნის შუა წლებში 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი.
მესიმ ეს ტიტული პირველად 2009-10 წლების სეზონში მოიგო, მას შემდეგ კი კიდევ 4-ჯერ გახდა საუკეთესო გოლეადორი. თუ წლევანდელ სეზონშიც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მეექვსედ გახდება „პიჩიჩი“ და სარას რეკორდს გაიმეორებს.
აქვე გეტყვით, რომ ლეო ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია 398 ბურთით და მალე 400-გოლიან ნიშნულსაც გადალახავს.

50 ჰეთ-თრიქი
კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ 800-ზე მეტ შეხვედრაში ლეომ 49-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი. ერთი შედეგიანი მატჩიც და საიუბილეოც დაიდება!

600
ბარსელონას პირველი გუნდის მაისურით არგენტინელმა 657 მატჩში 573 გოლი შეაგდო.
თუ ჩატარებული მატჩებით ის ჯერ კიდევ ჩამორჩება ჩავის და ინიესტას, გოლების მხრივ ბადალი არ ჰყავს – კარგა ხანია კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სეზონის ბოლომდე 27 გოლის გატანა პრობლემა არ უნდა იყოს. და თუ ზაფხულამდე ვერ გადალახა 600-იანი ზღვარი, წლის ბოლომდე ყველა ვარიანტში შეძლებს.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 იანვარი)

ka_GEGeorgian