შიფრინმა ისტორიაში შეაბიჯა
მიქაელა შიფრინმა სამთო თხილამურობის ისტორიაში შეაბიჯა: 23 წლის ამერიკელი პირველია, რომელმაც ზედიზედ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო ერთი და იგივე დისციპლინა!
შვედეთის სამთო კურორტ იარეში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გუშინ ქალთა სლალომში გათამაშდა მედლები. შიფრინმა, ვისაც ბოლო დღეებში ფილტვის ინფექცია აწუხებდა, ორი დაშვების ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა – 1:57.05 წუთი – და 58 მეასედით აჯობა მასპინძელთა ფავორიტ ანე სვენ-ლარსონს. სლოვაკი პეტრა ვლაჰოვა, რომელმაც იარეში გიგანტური სლალომი მოიგო, მესამე გახლდათ.
შიფრინმა მსოფლიო ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა, აქედან 2 ოქროა: სლალომის გარდა მან სუპერგიგანტშიც გაიმარჯვა. სადღეისოდ ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახლავთ: 2013, 2015 და 2017 წლებში სლალომში იპირველა.
ამერიკელი მოთხილამურე დიდი უპირატესობით ლიდერობს მსოფლიო თასის ჩათვლას და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს მეექვსედ მოიპოვებს სლალომში მსოფლიო თასს, დიდი ბროლის გლობუსს კი, რაც ყველა დისციპლინაში საუკეთესოს გადაეცემა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კიდევ ერთხელ შემართავს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 თებერვალი)