შიშა პანგმა: წმინდა ადგილი

ხშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში.
ერთმა სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ამ კითხვას ალალად, უბრალოდ და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ მთები არსებობს.
1953 წლის 29 მაისს, ზუსტად 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8 848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა – ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენზინგ ნორგეიმ პირველებმა დალაშქრეს პლანეტის ყველაზე მაღალი მთა!
წელს ამ მოვლენიდან 60 წელი სრულდება.

„შიშა პანგმა არის მთა, რომლითაც მოწამლული ვარ.
ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, დაუვიწყარი გამარჯვებაც მიზეიმია და სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ მხოლოდ შიშა პანგმას მწვერვალზე ვიგრძენი ის, რამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა – სწორედ იქ მივხვდი, რომ ამ უსასრულო, ულამაზესი და გასაოცარი სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ვარ!
როცა მწვერვალზე ვიდექი და ეს გავიაზრე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. იმ წამებს რომ ვიხსენებ, ენითაუწერელი განცდა მეუფლება და მინდა, რომ ის არასდროს დასრულდეს. სწორედ ამ მოგონების, ამ შეგრძნების გამო მიყვარს შიშა პანგმა“, – ამ სიტყვებს სახელგანთქმული იტალიელი მთამსვლელის რაინჰოლდ მესნერის ავტობიოგრაფიაში ამოიკითხავთ.

მესნერი ალპინიზმის ლეგენდაა. ის პირველია, ყველა 8ათასიანი რომ დალაშქრა და ამავდროულად, პირველი, ვინც ეს მარტომ მოახერხა.

იტალიელი შიშა პანგმაზე 1981 წელს ავიდა. მთა, რომლის სახელის ზუსტი თარგმნა ვერავინ შეძლო, თავგადასავლების მოყვარული აპენინელი ავანტიურისტის საოცარ კარიერაში მე6 8ათასიანი იყო…

შვეიცარიელი გეოლოგი ტონი ჰაგენი თვლიდა, რომ შიშა პანგმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთების სავანეს“. თავის მოსაზრებას ის მთის ძირში, 4 500 მეტრზე მდებარე ტბითაც ამყარებდა, სადაც ადგილობრივები დღესაც დადიან სალოცავად.

ტიბეტოლოგ გუნტრამ ჰაზოს აზრით, მწვერვალის სახელწოდების ყველაზე მართებული თარგმანია „ადგილი, სადაც კარგი საძოვრებია“.

ჰაზო წლების მანძილზე ცხოვრობდა ნეპალში, კარგად იცნობდა ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს და რიტუალებს, თავის ვარაუდს კი ერთ-ერთი ლეგენდით ამყარებდა, რომლის მიხედვით წლების წინ, სუსხიან ზამთარში ხალხი შიმშილით სიკვდილს სწორედ შიშა პანგმას ფერდობებზე კარგად ნაკვებმა საქონელმა გადაარჩინა.

დღეს რთულია რაიმეს მტკიცება და კაცმა რომ თქვას, არცაა საჭირო. მით უმეტეს, რომ მთამსვლელთა წრეებში შიშა პანგმას ყველაზე ხშირად წმინდა ადგილსაც უწოდებენ – სანკრისტზე მთის სახელწოდებაა გოსაინთანი, რაც წმინდა ადგილად ითარგმნება.

…XX საუკუნის 40-50იან წლებში, როცა ალპინისტებმა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შეუტიეს, შიშა პანგმას ყურადღებას არავინ აქცევდა. სხვადასხვა ქვეყნის ექსპედიციები მეტწილად ნანგა პარბატსა და ევერესტზე ეწყობოდა.

შიშა პანგმას „აღმოჩენა“ ტონი ჰაგენს უკავშირდება: 40-50 წლების შესაყარზე მან რამდენჯერმე იმოგზაურა ნეპალის საზღვრებთან, ამ მაღალმთიან რეგიონში დამხმარე შერპებთან ერთად თითქმის 6 ათას მეტრზეც ავიდა, შეისწავლა გარემო და სამშობლოში დაბრუნებულმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ყველაზე დაბალ 8ათასიანს. მისდა სამწუხაროდ, შიშა პანგმათი მაშინ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი დაინტერესდა.

პირველი სერიოზული ექსპედიცია წმინდა ადგილის დასალაშქრად 1963 წელს მოაწყვეს ჩინელებმა. თითქმის 100კაციანმა გუნდმა 7 400 მეტრს უწია, მაგრამ ქარაშოტის და გაუსაძლისი პირობების გამო, ასვლა შეწყდა.

ერთი წლის შემდეგ, 1964 გაზაფხულზე ჩინელები კიდევ უფრო დიდი გუნდით გამოჩნდნენ შიშა პანგმას ფერდობებზე – მწვერვალს თითქმის 150კაციანმა გუნდმა შეუტია. ალპინისტებმა წარმატებით მოაწყვეს საბაზო, 4 საშუალედო და უკანასკნელი, მე6 საიერიშო ბანაკი, 2 მაისს, გამთენიისას კი 3 გუნდით დაიძრნენ პიკისკენ.

ურთულესი გამოდგა პირველი წინაღობა, 50გრადუსიანი დახრილობის ყინულის ფერდი, რომლის გავლასაც მთამსვლელებმა თითქმის 2 საათი მოანდომეს. ერთ-ერთ მოიერიშეს, ფუ-ჟუ ვანს ფეხი დაუცდა და უძირო ნაპრალისკენ ჩასრიალდა, თუმცა ერთ თოკში ჩაბმულმა თანაგუნდელებმა დროულად დაიცვეს და სიკვდილს გადაარჩინეს.

8 საათსა და 20 წუთზე, თითქმის 4საათიანი ლაშქრობის შემდეგ, ჩინელებმა შიშა პანგმა დაიპყრეს: ჩენ იენ ჩანმა, სან ჩენმა, ტიენ-ლიან ჩენმა, ფუ-ჟუ ვანმა, ტუნ იე ვუმ და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჩინ სუმ პირველებმა შედგეს ფეხი 8 027 მეტრზე აღმართულ პიკზე. მათთან ერთად იყო 4 დამხმარე შერპაც: დოჯი, მიგმარ ტრაში, სოდნამ დოჯი და იონტენი.

მწვერვალი იმდენად პატარა იყო, რომ ყველა ერთად ვერ გაჩერდა – მონაცვლეობით გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ჩინ ჰსუმ ქვემოთ დარჩენილ ექსპედიციის წევრებს რადიოკავშირით ახარა გამარჯვება, შემდეგ ყველანი საიერიშო ბანაკში დაეშვნენ, ორი დღის შემდეგ კი საბაზოსაც უწიეს.

უცნაურია, მაგრამ ყველაზე დაბალი 8ათასიანი უკანასკნელი დანებდა ადამიანს. სიმბოლური კი ისაა, რომ მთამსვლელებმა თოთხმეტივე 8ათასიანის დაპყრობას ზუსტად 14 წელიწადი მოანდომეს. უმაღლეს მწვერვალთაგან პირველი, 8 091 მეტრზე აზიდული ანაპურნა I ალპინისტებმა 1950 წლის 3 ივნისს დაიმორჩილეს…

დღეს შიშა პანგმაზე პირველამსვლელი ჩინელების გაკვალული მარშრუტი კლასიკურადაა მიჩნეული და ჩრდილოეთის გზა ეწოდება.

აზიელთა ამ წარმატების შემდეგ შიშა პანგმაზე სრულმა მდუმარებამ დაისადგურა – მთამსვლელები მხოლოდ 70იანი წლების მიწურულს დაუბრუნდნენ წმინდა ადგილს, მეორე ჯგუფი კი, რომელმაც უმაღლესი პიკიდან გადმოიხედა, გერმანელებისა იყო. მათ შიშა პანგმა ჩინელების გზით 1980 წლის 7 მაისს დაიპყრეს.

8ათასიანებს შორის ეს მწვერვალი ყველაზე იოლად დასალაშქრად ითვლება, მასზე ასულთა რაოდენობამ კარგა ხანია რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, მაგრამ შიშა პანგმაზე ლაშქრობების ისტორიას ტრაგედიებიც ახსოვს. მსხვერპლის გარეშე ჯერ არცერთი მწვერვალი არ დანებებია ადამიანს და გამონაკლისი არც წმინდა ადგილია: სადღეისოდ მასზე გარდაცვლილთა რაოდენობა 24ია.

პირველი, ვინც ამ მთის კალთებზე დაასრულა სიცოცხლე, შვეიცარიელი ფრიც ლუხშინგერი იყო: 1983 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 7 500 მეტრზე მყოფმა, უჟანგბადობას ვერ გაუძლო და ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

რამდენიმე მთამსვლელი გადაცივებას შეეწირა, ზოგი ნაპრალებში გადაიჩეხა, უმრავლესობა ზვავმა იმსხვერპლა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. მაგალითად, გერმანელები ვერნერ ბრაუნი, ვერნერ მაიხნერი, გიუნტერ ცემლერი და კარლ-ჰაინც ტიელე საიერიშო ბანაკიდან მშვიდობით გავიდნენ, მაგრამ მას შემდეგ აღარავის უნახავს. ისინი მწვერვალის მისადგომებთან 1991 წლის 22 მაისს დაიკარგნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ბედი სლოვაკებმა შტეფან სლუკამ და მარეკ ჰუდაკმა გაიზიარეს, ასევე რუსმა სტას კრილოვმა – მათ ასავალ-დასავალს დღემდე ვერავინ მიაგნო…

2005 წლის 15 იანვარს შიშა პანგმას ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა: პოლონელი პიოტრ მორავსკი და იტალიელი სიმონე მორო გახდნენ პირველნი, რომლებმაც 8 027 მეტრს ზამთარში უწიეს.

2011 წლის 16-17 აპრილს შვეიცარიელმა უელი შლეკმა კიდევ ერთი საინტერესო მიღწევით გაამდიდრა მწვერვალის ისტორია: 5 306 მეტრზე მოწყობილი საბაზო ბანაკიდან მწვერვალამდე და უკან, გზა 20 საათში გაიარა! თან, ეს ყველაფერი მარტომ შეძლო!

შიშა პანგმას დამპყრობთა ჩამონათვალში ქართველებსაც შეხვდებით: გია თორთლაძემ და მერაბ ნემსიწვერიძემ ყველაზე დაბალი 8ათასიანიდან 1992 წლის 10 ოქტომბერს გადმოიხედეს!

იმ შემოდგომით წმინდა ადგილს ევრაზიის მეკლდეურთა და ალპინისტთა კავშირის საერთაშორისო ნაკრებმა შეუტია, რომელიც მეტწილად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთამსვლელებით იყო დაკომპლექტებული.

თორთლაძე და ნემსიწვერიძე მწვერვალისკენ 10 ოქტომბერს, დილით დაიძრნენ 3 იაპონელთან ერთად. მაშინ, როცა უმაღლეს წერტილამდე დაახლოებით საათის სავალი გზა რჩებოდა, იაპონელებს საბაზო ბანაკიდან მოახლოვებული ქარიშხლის შესახებ ამცნეს. მცირე თათბირის შემდეგ აზიელები დაეშვნენ, ქართველებმა კი ჰორიზონტს გახედეს, საშიში ვერაფერი შენიშნეს და გზა განაგრძეს. მალე მწვერვალსაც უწიეს, მაგრამ ეს გამარჯვება კინაღამ ძვირად დაუჯდათ: დაშვებისას საშინელ ქარიშხალში მოხვდნენ და კარგა ხანს ბრმად მიიწევდნენ საიერიშო ბანაკისკენ.

1992 წლის 10 ოქტომბერს შიშა პანგმა ევრაზიიის გუნდის ექსპედიციიდან მხოლოდ ქართველებმა დალაშქრეს.

ზუსტად 4 წლის შემდეგ, 1996 წლის 10 ოქტომბერს გია თორთლაძე მეორედ ავიდა ამ მწვერვალზე. ის კვლავ საერთაშორისო ექსპედიციის წევრი იყო, მასთან ერთად კი შიშა პანგმა 6მა რუსმა, სლოვაკმა და ესპანელმა ალპინისტმა დაიპყრო.

მას შემდეგ ქართველები წმინდა ადგილზე აღარ გამოჩენილან.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 8-14 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian