შვედეთი 1:0 საქართველო

მთელი დღე ოლიმპიურ სასახლეში, ძიუდოში თბილისის დიდ სლემზე გავატარე და შვედეთი-საქართველოს გუშინდელი თამაშისთვის მხოლოდ ახლა მოვიცალე.
მეგობრებთან ბევრი კი ვისაუბრე გუშინდელზე, მაგრამ ძირითადად გიორგი ქვილითაიას, ჩემი აზრით გაუმართლებელ გადაწყვეტილებაზე ვიკამათე…
ვილი სანიოლის დებიუტი წაგებით დასრულდა. და ამის გამო გული მწყდება. მიმაჩნია რომ ჩვენ გუნდს არ უნდა წაეგო.
სანამ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე დავწერ, გეტყვით, რომ ზედიზედ 6 მატჩია საქართველო ვერ იგებს, ბოლოს კი ასეთი ცუდი სერია ნაკრებს 2016 წლის შემოდგომიდან 2017 წლის ზაფხულამდე ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად:

1: თავდაპირველად გაშვებულ გოლზე.
ვფიქრობდი და მეგობრებთან საუბარშიც ვთქვი, რომ შვედეთის გამოცდილების და მაღალი კლასის მიუხედავად, სკანდინავიელთა შორის მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმაჩნდა იმ მოთამაშედ, ვისაც პრობლემების შექმნა შეეძლო. რაც მოხდა, თავადაც ნახეთ.
ერთადერთი გოლი სწორედ მის, ასე ვთქვათ არასტანდარტულ მოქმედებას მოჰყვა. ვფიქრობ სხვა, მაღალი დონის, მაგრამ ასე ვთქვათ „პროგნოზირებადი“ ფორვარდი იმ მომენტში ვერაფრით გაგვაკვირვებდა – ბურთს მიიღებდა, მოტრიალებას შეეცდებოდა… ამან კი ერთი მოძრაობით გაუშვა  ბურთი იქ, საითაც არც გაუხედია.
სცადა და გაამართლა.
როგორც ყველა მაღალი დონის ფეხბურთელმა, არაორდინალურად ითამაშა და მის ერთ მოქმედებას ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრში სრული დაბნეულობა მოჰყვა. და გოლიც, რაც ყველაზე გულდასაყვეტია.

2: კიდევ ერთხელ დავწერ: არ იყო წასაგები თამაში.
კი, გაშვებული ბურთის გარდა შვედებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს (იბრაჰიმოვიჩი, კულუშევსკი, ისაკი), ერთ მომენტში გიორგი ლორიაც შეცდა, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილი ვარ სანიოლის უქულო სტარტის გამო.
იყო მომენტები, როცა ჩვენ გუნდს არ გაუმართლა, ან კონკრეტულმა ფეხბურთელმა ითამაშა გაუმართლებლად.

3: მაგალითად გიორგი ქვილითაიამ.
ვთვლი, რომ მას იმ კონტრშეტევისას აუცილებლად უნდა მიეწოდებინა ბურთი ლობჟანიძისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ საბა ცარიელი კარის წინ იდგა და ანგარიშის გახსნას ერთი ზუსტი დარტყმაღა აშორებდა (და მჯერა, რომ ის ამას შეძლებდა).
ქვილითაიას გარღვევა და დარტყმა დღეს რამდენჯერმე გავარჩიეთ. შემახსენეს, რომ გიორგისა და საბას შორის მცველი იდგა. მახსოვს, მაგრამ ის მცველი კარისკენ მირბოდა და მეეჭვება ქვილითაიას პასი რომ გაეცა, შვედს ის ჩაეჭრა.
მთლიანობაში გიორგის არ ჰქონდა კარგი მატჩი. კი, რამდენიმე მომენტში ჩინებულად მიიღო ბურთი, მაგრამ დიდი ხანია პირადად მე მისგან მეტს ველი.
ასევე ვთვლი, რომ ვილი სანიოლს ქვილითაია თამაშის მიწურულს კი არა, უფრო ადრე უნდა შეეცვალა. საქართველოს ნაკრების თავდასხმა ცვლილებას ჯერ კიდევ ტაიმის დასაწყისში ითხოვდა.

4: სადაც მასპინძელთა გაცუდებული მომენტები ვახსენე, ლევან შენგელიას იმ დარტყმაზეც ვიტყვი. მშვენიერი შეტევა იყო და გული მწყდება, რომ კონიასფორის თავდამსხმელს არ გაუმართლა.
იმედია ფრანგი სპეციალისტი მომდევნო მატჩებში მეტ დროს მისცემს შენგელიას.
და გიორგი ბერიძესაც. ეს უკანასკნელი კარგად ჩაერთო თამაშში და მხოლოდ შეცვლაზე შესვლას, ვფიქრობ, აღარ იმსახურებს.

5: ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ფეხბურთის იმედად მიმაჩნია, მაგრამ პირველ ტაიმში მისი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი. ვიცი, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია, რომ ძლიერი ინდივიდუალისტია, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი არაფერია გასაკვირი იმაში, თუ მწვრთნელი მას დროგამოშვებით გაიყვანს.
წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია და თუ ჩვენი ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს შვედეთში არაფერი გამოუვიდა, იმედია ესპანეთთან და საბერძნეთთან უკეთ ითამაშებს.

6: ბოლოს როდის შეცვალეს ჯაბა კანკავა, სიმართლე გითხრათ არ მაგონდება, მაგრამ გულახდილად ვიტყვი: გუშინდელი მატჩი მის აქტივში ნაღდად ვერ ჩაითვლება.

7: საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშეს გურამ გიორბელიძემ, გრიგოლ ჩაბრაძემ და ჟორჟ მიქაუტაძემ, მათგან პირველმა ორმა – შეუცვლელად, მიქაუტაძე კი 84ე წუთზე გამოჩნდა.
ამ უკანასკნელზე ახლა არაფერს დავწერ, გიორბელიძე და ჩაბრაძე კი, სანაკრებო გამოუცდელობის მიუხედავად, არ იყვნენ ყველაზე სუსტები.
ჩემი აზრით, მათზე ცუდად ძირითადის მინიმუმ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა.
იქიდან გამომდინარე რომ ნაკრებს ზეგ ესპანეთის სტუმრობა, შემდეგ კი სალონიკში თამაში ელის, ახლა იმ სამეულს არ დავასახელებ. მათ გვარ-სახელებს მხოლოდ მეგობრებს ვეტყვი.

ეროვნული

2021 წლის 25 მარტი, შვედეთი, სოლნა, ფრენდს არენა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია, გიორგი ლორია. პირველ რიგში: ჯაბა კანკავა, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ გიორბელიძე, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია

25 მარტი, 2021. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, შესარჩევი მატჩი, B ჯგუფი. შვედეთი, სოლნა, ფრენდს არენა. უმაყურებლოდ
შვედეთი 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 ვიქტორ კლაესონი (35)
შვედეთი: კრისტოფერ ნორდფელდტი, მიკაელ ლუსტიგი (ემილ კრაფტი 84), ვიქტორ ლინდელოფი, ლუდვიგ აუგუსტინსონი, ფილიპ ჰელანდერი, სებასტიან ლარსონი (კაპ), ვიქტორ კლაესონი (ემილ ფორსბერგი 74), კრისტოფერ ოლსონი (ალბინ ეკდალი 68; (მატიას სვანბერგი 73)), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (რობინ კუეისონი 84), დეიან კულუშევსკი, ალექსანდერ ისაკი
მწვრთნელი: იანე ანდერსონი
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა დვალი, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ გიორბელიძე, ჯანა კანკავა (კაპ) (ვაკო გვილია 60), ნიკა კვეკვესკირი (ლევან შენგელია 60), გიორგი აბურჯანია, ხვიჩა კვარაცხელია (ოთარ კიტეიშვილი 46), საბა ლობჟანიძე (გიორგი ბერიძე 78), გიორგი ქვილითაია (ჟორჟ მიქაუტაძე 84)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრისტოფერ ოლსონი, ლუდვიგ აუგუსტინსონი, ლაშა დვალი
მსაჯები: ბენუა ბასტიენი; ჰიშემ ზაკრამი, ორელიენ ბერთომიუ (საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 მარტი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian