სჯობს გვიან: ოქრო ირაკლის!

ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონია! ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურმანიძე მძიმეწონოსანთა შორის (+105კგ) კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად გუშინ აღიარა!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენცია სწორედ ამ გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე შეხვდნენ.

გილოცავთ ირაკლი თურმანიძის გამარჯვებასმან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც ოქროს მედალი ჩამოერთვა. ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ირაკლის უფრო დიდი წარმატებები წინ ელის“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის თქმით, ნაკრების მომავალი ამოცანა შემოდგომით მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. მსოფლიო ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს საგაისო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, თუ რამდენი სპორტსმენით გაემგზავრება საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბრაზილიაში.

11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ ვერცხლი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.

ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ და პროშაკმა 435 კილოგრამი დაძლიეს, მაგრამ მსუბუქი წონის გამო, ჩემპიონობა უკრაინელს მიენიჭა. დოპინგ-კონტროლის შედეგები ორი დღის წინ გახდა ცნობილი და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამაც ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის პირველი სამეული +105კგ წონაში ამიერიდან ასეთია:
1.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) – 435კგ (201+234)
2.ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) – 432კგ (200+232)
3.ალმირ ველაგიჩი (გერმანია) – 418კგ (193+225)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 აგვისტო)

ka_GEGeorgian