სკოპიე 2025: ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ!
ბრიუსელი, ვალკენსვაარდი, ბათი, ლისაბონი, ესბიერგი, მურსია, პარიზი, ლინიანო საბიადორო, ბელგრადი, ტამპერე, ტრაბზონი, უტრეხტი, თბილისი, დიორი, ბაქო, ბანსკა ბისტრიცა, მარიბორი…
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ამ ჩვიდმეტ ქალაქს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები აერთიანებს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ინიციატივით დაარსებულ მულტისპორტულ შეჯიბრებას პირველად ბრიუსელმა უმასპინძლა 1991 წელს და მას შემდეგ ტურნირი, ყოველ კენტ წელიწადს, ხსენებული თანმიმდევრობით მიიღო თითოეულმა მათგანმა.
რიგით მეთვრამეტე ფესტივალის მასპინძლობის პატივი ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ერგო, სადაც 21-დან 26 ივლისის ჩათვლით 14-18-წლის სპორტსმენები თხუთმეტ სახეობაში გაითამაშებენ მედლების ასზე მეტ კომპლექტს. შეჯიბრებების უმეტესობა სკოპიეს არენებზე გაიმართება, რამდენიმე ასპარეზობა ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველორბოლები), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
სკოპიე 2025-ის გახსნის საზეიმო ცერემონია იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში გაიმართა. 49 ქვეყნის დელეგაციას და ლტოლვილთა გუნდს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი მიესალმა, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ კი შეჯიბრება ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს გუნდი, დელეგაციის ხელმძღვანელის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მეთაურობით, თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო გახსნის ცერემონიას. ერთა აღლუმზე ახალგაზრდა ქართველი ათლეტები გერმანელი თანატოლების შემდეგ გამოჩნდნენ.
შოუს ოფიციალური სახელწოდება ასეთი იყო: ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ! საორგანიზაციო კომიტეტმა სტუმრებს მუსიკალური წარმოდგენა შესთავაზა, სადაც მთავარი როლები ახალგაზრდა ჩრდილომაკედონიელმა პოპვარსკვლავებმა სარა მაცემ, ლარა ივანოვამ, იანგ დედიმ და ალეკსანდარ ტარაბუნოვმა შეასრულეს, ჩრდილოეთი მაკედონიის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშები შესაბამისი ჰიმნების ფონზე აღიმართა. აჟღერდა ფესტივალის ჰიმნიც, რომლის ავტორი რობერტ ბილბილოვი გახლავთ. რაც შეეხება თილისმას, მზე სახელად შაინი (Shiny) მთელი სანახაობის მანძილზე ამხიარულებდა სტუმრებს.
საქართველოს გუნდის მედროშეობის პატივი წილად ხვდათ ტყვიის სროლაში ქვეყნის ჩემპიონს, 16 წლის ლიზი აღნიაშვილს და ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტს, 17 წლის გიორგი მუმლაძეს. საინტერესოა, რომ გიორგი არასრულ ერთ თვეში მეორედ იჭიდავებს სკოპიეში. ივნისის მიწურულს მან ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქში 18-წლამდელთა ევროჩემპიონატი მოიგო. გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ის დაუმარცხებელია: თებერვალსა და აპრილში სამორინსა და ტეპლიცეში ევროპის თასები მოიპოვა, ასე რომ, სრულიად სამართლიანად ითვლება ფესტივალის ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად.
სკოპიე 2025 საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდისთვის მეჩვიდმეტე ფესტივალია. ქართველი ჭაბუკები და გოგონები ამ შეჯიბრებას 1993 წელს, ნიდერლანდურ ვალკენსვაარდში შეუერთდნენ და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობენ ყველაზე მასშტაბურ ასაკობრივ კონტინენტურ თამაშებში.
საქართველოს წარგზავნილებს პირად და გუნდურ შეჯიბრებებში სადღეისოდ 104 მედალი აქვთ მოგებული: 30 ოქრო, 25 ვერცხლი და 49 ბრინჯაო. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა ფესტივალის საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-16 ადგილზეა.
სპორტული ასპარეზობები 21 ივლისის დილიდან დაიწყება. პირველ დღეს სკოპიეს არენებზე ჩვენი გუნდის შვიდ წევრს ვიხილავთ: ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე ჩაერთვებიან; ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებენ მონაწილეობას (სათანადო შედეგის შემთხვევაში ისინი საღამოს იასპარეზებენ ნახევარფინალში); სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა, ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში კი სანდრო ხოსიტაშვილს და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მედროშეს ლიზი აღნიაშვილს ვიხილავთ.
წარმატებები ჩვენს გოგონებს და ვაჟებს!
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 20 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია