სკოპიე 2025: ფესტივალი დასრულდა

ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა. საქართველოს გუნდმა ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქში ვერცხლის სამი და ბრინჯაოს ოთხი მედალი მოიგო. სკოპიე 2025-ის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე და ძიუდოისტები ვასილ გამეზარდაშვილი და გიორგი ზურაბაშვილი. ბრინჯაოს მედლებს კი მხოლოდ ძიუდოკები დაეუფლნენ: საბა ბოლქვაძე, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუმლაძე და იოანე აბალაკი.

დღეს ჩვენ გუნდს კიდევ ერთი მედლის მოგება შეეძლო. ძიუდოისტების შერეულმა ნაკრებმა ოქროს მედლისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც 4:0 დაამარცხა ლიეტუვა. ქართველებმა უკრაინელებსაც დამაჯერებლად აჯობეს – 4:1, ნახევარფინალში კი ვერას გახდნენ სერბებთან, იმავე ანგარიშით წააგეს. ბრინჯაოს მედალი კი ფრანგებთან დათმეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 3:4.

საქართველოს გუნდისგან, პირველ რიგში ძიუდოისტების შემადგენლობიდან გამომდინარე, ოქროს მედალსაც ველოდით, მაგრამ ამ ჯერზე ჩემპიონი არ გვყავს. თუ რატომ ვერ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა ძიუდოს ორი და ტაეკვონდოს ერთი ფინალი, ამას სპეციალისტები უკეთ ახსნიან, მე კი დავწერ, რომ სპორტია, ხდება ასეთი ამბები. ასაკობრივ შეჯიბრებებში კი არა, უმაღლესი დონის ტურნირების ფავორიტები დარჩენილან მედლის გარეშე, გნებავთ საქართველოს სახელით მოასპარეზენი და თუნდაც მსოფლიო სპორტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები.

მედალზე მნიშვნელოვანი ის მგონია, რომ ჩვენმა გოგონებმა და ბიჭებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს. არაერთი მათგანისთვის სკოპიე 2025 პირველი დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იყო. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში, როცა უფროსებში მოსინჯავენ ძალებს, უფრო თავდაჯერებულად იასპარეზებენ და მათი შედეგებიც გაცილებით შთამბეჭდავი გახდება. ერთი კვირის განმავლობაში ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ცდილობდნენ პირადი რეკორდების გაუმჯობესებას. მთავარია ასე გააგრძელონ, თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

2009 წლის ზაფხულში, როცა ტამპერემ ევროპის X ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, საქართველოს გუნდმა მხოლოდ სამი მედალი მოიგო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მას შემდეგ, სკოპიემდე, ფესტივალი კიდევ შვიდჯერ გაიმართა და ჩვენი გუნდი ყოველთვის იგებდა ოქროს მედალს, საუკეთესო შემთხვევაში ოთხს და ყოველ ჯერზე ძიუდოისტები გვახარებდნენ:

2011 წელი, ტრაბზონი: 81კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა გაიმარჯვა;

2013 წელი, უტრეხტი: 55კგ წონაში ერეკლე არხოზაშვილმა გაგვახარა, 60კგ-ში გიორგი კაციაშვილმა;

2015 წელს ფესტივალს თბილისმა უმასპინძლა და საქართველომ არნახულად ბევრი, ოთხი ოქრო მოიგო, ყველა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში. ვაჟებში რობინზონ ბეგლარიშვილმა (60კგ) და ონისე სანებლიძემ (90კგ) დაიკავეს პირველი ადგილები, გოგონებში კი მზია ბებოშვილმა (52კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). იმასაც შეგახსენებთ, რომ თბილისი 2015 საქართველოს გუნდმა მეათე ადგილზე დაასრულა, რაც ყველა დროის უმაღლესი შედეგია;

2017 წელი, დიორი: კვლავ ოთხი ოქრო – გიორგი ჩიხელიძე (66კგ), მიხეილ ბექაური (90კგ), მარიამ ჭანტურია (63კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ). გუნდურში მე-11 ადგილი, მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში;

2019 წელი, ბაქო: ოქროს მედალი ნიკა ბაჩიაშვილმა მოიპოვა (50კგ);

2022 წელი, ბანსკა ბისტრიცა: „ოქროს სვლა“ დავით ლომიტაშვილმა (50კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) განაგრძეს;

2023 წელი, მარიბორი: ჩემპიონები გახდნენ შოთა ბაჩოშვილი (50კგ), მერაბ სამადაშვილი (55კგ) და მათე გველესიანი (66კგ).

შვიდი ტურნირის შემდეგ ძიუდოისტებმა ოქროს მედალი ვეღარ მოიგეს და საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა გუნდმაც მთავარი ჯილდოს გარეშე დაასრულა ფესტივალი.

ორი წლის შემდეგ, 2027-ის ზაფხულში, შეჯიბრება იტალიაში, ლინიანო საბიადოროში გაიმართება და იმედია იქ ჩვენი გუნდი უკეთესად იასპარეზებს. არა მხოლოდ ძიუდოისტები, სხვა სახეობების წარმომადგენლებსაც ვგულისხმობ. თუნდაც ის ფაქტი, რომ წელს საქართველოს სახელით მაგიდის ჩოგბურთელებმა, ბადმინტონის მოთამაშეებმა, ველომრბოლებმა, სიგრძეზე და სამმხტომელებმა და ბადროს მტყორცნელებმა იასპარეზეს, ბევრზე მეტყველებს. რაც მეტი სახეობის წარმომადგენელი გვეყოლება ასაკობრივ ტურნირებზე და მათ შორის ასეთ ფესტივალებზე, მით უკეთესი ქართული სპორტისთვის.

ჩრდილომაკედონიური ჩანახატების სერიას კი მადლობით დავასრულებ. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე – 2 ივლისი, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სკოპიე 2025-ის საგზურით მიულოცა. მოხარული ვარ, რომ სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ ფესტივალის გაშუქების საშუალება მე რომ მომეცა. ჰოდა, მადლობა ასოციაციას და, რა თქმა უნდა, სეოკს ასეთი მშვენიერი საჩუქრისთვის.

ჩვენ სპორტსმენებს კი მხოლოდ წინსვლა და წარმატებები, ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში და სარბიელზე!

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 26 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian