სკოპიე 2025: ფესტივალის ფინიში ახლოა, ოქროს მედალი – შორს

ჩვენმა გუნდმა გუშინდელი შედეგი გააუმჯობესა, 25 ივლისს, ფესტივალის ბოლოსწინა დღეს ორი ვერცხლი და ბრინჯაო მოიგო. კვლავ ორი მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა, ერთ ვერცხლს კი ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე დაეუფლა. დღევანდელი შედეგების შეჯამებას მისი ამბით დავიწყებ, რადგან ყველაზე გვიან მან დაასრულა ასპარეზობა.

დილით ნიკამ ორი ორთაბრძოლა მოიგო: პირველ წრეში ადინ ჰოჯიჩი დაამარცხა (2:0), მერვედფინალში კი უნგრელ კრიშტოფ ჰიზოს სძლია – 2:1. მეოთხედფინალი ესპანელ ალექსანდერ აკოფიანთან შუადღით იყო დაგეგმილი, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ფინალური ბლოკი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო და ნიკაც საღამოს ვიხილეთ ტატამზე. 2:1 მეოთხედფინალში, 2:0 ნახევარფინალში ლიეტუველ ნოიუს იაკელაიტისთან და ფინალი, სადაც ქართველი სპორტსმენი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა თურქ ბუგრა ქოსგუნგონულთან. ხელიდან გაშვებული ოქროს მედალი, რა თქმა უნდა საწყენია, მეორე მხრივ კი, საქართველოს გუნდს ძიუდოს გარდა კიდევ ერთ სახეობაში ჰყავს ფესტივალის ფინალისტი, რაც ნამდვილარ არ არის ურიგო ამბავი.

ძიუდოს გუნდმა კი, როგორც ზევით აღვნიშნე, დღესაც იგივე შედეგი აჩვენა, რაც გუშინ: თითო ვერცხლი და ბრინჯაო. ფინალი გიორგი ზურაბაშვილმა (90კგ) დათმო, მესამე ადგილზე კი მძიმეწონოსანი იოანე აბალაკი (+90კგ) გავიდა.

რუმინელი რარეს ნეასკუ, არსენი კირილოვი ლტოლვილთა გუნდიდან და ხორვატი ნემანია შიმიჩი – ეს იმ მეტოქეების ჩამონათვალია, რომლებიც ზურაბაშვილმა დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ლიეტუველ მაიუს გენიუსს დაეჭიდა, მაგრამ იპონით დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

რაც შეეხება აბალაკს, მან ფესტივალი პოლონელი დავიდ კამინსკის ძლევით დაიწყო, ხოლო მეოთხედფინალში თავად წააგო ჩეხ მელიხარ შკოდასთან. დამამაშვიდებელ წრეში გადართულმა კი ჯერ თურქ ალფერენ კონდის სძლია, შემდეგ ლატვიელ ალეკსანდრს აპსალონსს, ხოლო ბრინჯაო სერბ პეტარ ნოვაკოვიჩთან მოგებით მოიპოვა.

მედლამდე სულ ცოტა დააკლდა გოგონათა გუნდის წევრს ბარბარე გელაშვილს (+70კგ), საბოლოო ჯამში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, ძიუდოისტებმა პირად პირველობებში ექვსი მედალი მოიგეს, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ჯილდოების რაოდენობით ეს წინა ფესტივალის, მარიბორი 2023-ის შედეგის გამეორებაა, თუმცა ხარისხობრივად უდიდესი სხვაობაა: სლოვენიაში სამი ქართველი გახდა ჩემპიონი – შოთა ბაჩოშვილი (50კგ), მერაბ სამადაშვილი (55კგ) და მათე გველესიანი (66კგ), კიდევ ორმა კი ფინალში იჭიდავა, გიორგი ბენდელიანმა (81კგ) და საბა გველესიანმა (90კგ)…

ორი წლის წინანდელი ფესტივალი ვახსენე და აქვე შეგახსენებთ: მარიბორში საქართველოს შერეულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ხვალ ჩვენ ძიუდოისტებს სწორედ გუნდური ტურნირი ელით და იმედია, ორი წლის წინანდელ შედეგს გააუმჯობესებენ.

სკოპიე 2025-ის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ისინი მერვედფინალიდან დაიწყებენ, სადაც ლიეტუველებს დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ლიეტუვა ძიუდოს „ქვეყნად“ არ ითვლება, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ: სკოპიეში ბალტიისპირელებმა სამი მედალი მოიპოვეს და სამივე ვაჟი ძიუდოისტების აქტივშია: ტაიუს ბაბაიჩენკო (81კგ) და მაიუს გენიუსი (90კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ (ამ უკანასკნელმა დღეს გაიხარა ზურაბაშვილთან ფინალში), ზიგიმანტას კარალევიჩიუსმა (66კგ) კი ბრინჯაო მოიგო.

დღეს დაასრულეს ფესტივალზე ასპარეზობა ტყვიის მსროლელებმა. ლიზი აღნიაშვილმა და სანდრო ხოსიტაშვილმა პნევმატური პისტოლეტით (10მ) დუეტთა შორის იასპარეზეს, სადაც ჯამში 21 ქულა მოაგროვეს. ამ შედეგით მათ მე-13 ადგილი დაიკავეს, ფინალში კი საუკეთესო რვა წყვილი გავიდა.

რაც შეეხება მძლეოსანთა გუნდის უკანასკნელ წარმომადგენელს, ბადროს მტყორცნელმა კონსტანტინე კორძახიამ 45.60 მეტრზე გაისროლა იარაღი და მე-15 ადგილი დაიკავა.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 25 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian